"დღეს საქართველოში პოლიტიკური თავისუფლებაა და ეს არ მიკვირს. საერთოდ, ალტერნატიული მოსაზრებები რაც მეტი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესია, თუ ჩვენი პარლამენტი არ აკმაყოფილებთ, რა ვქნა, მეც არ მაკმაყოფილებს ის რეალობა, რაც არის, მაგრამ ერთი დეპუტატის მოვალეობას მაინც ვასრულებ. მე მაქსიმუმს გავაკეთებ რაც შემიძლია და ასე ფიქრობს ბევრი. რაც შეეხება უმრავლესობის წევრთა უმოქმედობას, არის თემები, სადაც ყველა ვერ მიიღებს მონაწილეობას. შეიძლება რამდენიმე დეპუტატი უფრო აქტიურობს, მაგრამ დამიჯერეთ, ყველა თავდადებით მუშაობს. პარლამენტში ყველას თავისი საქმე აქვს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვერ დავიჯერებ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამაზე შეუთანხმდა ბაქრაძეს!".
"საერთოდ, მაჟორიტარებზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, რაც შეიძლება მაქსიმალური კონტაქტი უნდა იყოს ამომრჩევლებთან, თუ ეძებენ დ ავერ პოულობენ, ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, ყველა მაჟორიტარმა უნდა გადახედოს თავის საქმიანობას. მე არ ვიცი, შეიძლება საჩხერეშიც ვინმე უკმაყოფილოა ჩემით, 12 საათზე რომ ვიწყებ შეხვედრებს, ვამთავრებ საღამოს 8 საათზე, მაგრამ ადამიანები მაინც რჩებიან, რომლებსაც ვერ ველაპარაკები და შეიძლება განაწყენდნენ. მაჟორიტარობა ძალიან მძიმე ტვირთია და სხვათა შორის, დეპუტატები გადართულები არიან სოციალურ საკითხებზე და არა საკანონმდებლო საქმიანობაზე. ადამიანებს უნდათ ფინანსური დახმარება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა კობახიძე.
"სამწუხაროდ, ყველაფერი ერთბაშად არ კეთდება, ეს თემურ შაშიაშვილმაც უნდა იცოდეს, მე მგონი, ეგ იყო შევარდნაძის კორუმპირებული მთავრობის წევრი, იმერეთის გუბერნატორი, ამიტომ, კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, მით უმეტეს, ძალიან ბევრი რამ კეთდება და შეიცვალა. ახლა თურმე არ აკმაყოფილებს ჩვენი პარლამენტი, თვითონ უნდა შექმნას საზოგადოებრივი პარლამენტი. კი ბატონო, ეს მისი უფლებაა, არავინ ხელს არ შეუშლის, მაგრამ, ალბათ, მიხვდება რა იყო ოქტომბრამდე და რა არის ახლა", - ამბობს რესპონდენტი.
"საკონსტიტუციო კომისია არ შეიქმნება ორი ძალის მიერ, ეს იქნება ძალიან ფართო მასშტაბით, რომელშიც შევლენ ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობოები და ასე შემდეგ. მსგავსი კომისია ადრეც იქმნებოდა და ძალიან დიდი დაფინანსებაც ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი კეთდებოდა. დადიოდნენ კონფერენციებზე ხან თურქეთში, ხან სხვა ქვეყნებში, ძალიან დიდი ფული ჩაიდო, ყველანაირი რესურსი ჰქონდათ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რაც შეეხება დაპატიმრებების შეწყვეტას, მე არ ვიცი, რას გულისხმობს და რაზე ლაპარაკობს, საერთოდ, ბაქრაძე. თუ ვინმემ რამე დააშავა, ყველამ პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ასე იყვირებენ და ასე გააკეთებენ. არა მგონია, მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ამაზე შეუთანხმდა ბაქრაძეს, დამნაშავეებს აღარ დავიჭერთო. თუ გახსოვთ, ადრე საუბარი იყო გარკვეული ტიპის ამნისტიაზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ დანაშაულის დამკვეთები და უშუალოდ დანაშაულის ჩამდენები უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ ქვედა ფენებში, სადაც ადამიანები ბრმა იარაღად იქცნენ, მათთვის ყოფილიყო შეღავათები. ვერ დავიჯერებ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა დავით ბაქრაძეს რაღაცაზე გაურიგდეს. ვიმეორებ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის მიხედვით უნდა აგოს პასუხი", - დასძენს მანანა კობახიძე.