შესაძლოა ქვეყანაში ლინჩის წესით გასამართლება დაიწყოს

შესაძლოა ქვეყანაში ლინჩის წესით გასამართლება დაიწყოს

“დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია იყო ის პირველი გაბედული ადამიანი, რომელიც წლებია, სააკაშვილის რეჟიმს ამხელდა და ღიად აცხადებდა, რომ მას სამეგრელოში შეიარაღებული, კრიმინალური დაჯგუფება ჰყავდა, რომლებიც იყვნენ სერიული მკვლელები, მწამებლები, აუპატიურებდნენ ადამიანებს, სექსუალურად ძალადობდნენ მამაკაცებზე და სამეგრელოში იყო გამოცხადებული მკვლელობების ქრონიკა.

ჯგუფებს ჰქონდათ იარაღის სამალავი და მათ, ერთი სიტყვით, ეწოდებათ სატანა. 2012 წლის ადრიან გაზაფხულზე, როცა ივანიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა, სწორედ “ქრონიკის” ჟურნალისტმა, კახა მიქაიას ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამეგრელოში შეიარაღებული დაჯგუფებები შემჩნეული იყვნენ დანაშაულთა სერიალში და საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან. ახალბედა პოლიტიკოსი სახტად დარჩა და შესაბამისად, ეს ინფორმაცია ვერ დაადასტურა… ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამალავებიდან მოიპოვა, როგორც ჩანს, ზღვაში წვეთია და წინ კიდევ ბევრი გამაოგნებელი ფაქტი გველოდება. ჩვენ, ალბათ, ისეთ გვარ-სახელებს მოვისმენთ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ადამიანების წამებასა და სასტიკ მოპყრობაში, რომ შესაძლოა ქვეყანაში ლინჩის წესით გასამართლება დაიწყოს, თუკი სასტიკად არ დაისჯებიან დამნაშავეები. ბიძინა ივანიშვილი კი იმდენს იზამს, რომ სააკაშვილს ქალაქის ცენტრში ტრუსიკით არბენინებს. მიშა გაგიჟების ბოლო სტადიაშია, ფინალური დარტყმა წინ ელოდება…

“ქრონიკა” გთავაზობთ ინტერვიუს კახა მიქაიასთან, რომელიც რამდენიმე ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციას სთავაზობს ჩვენს მკითხველს.

_ მინდა რამდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ: მე და ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მიუვალ ადგილას, უღრან ტყეში აღმოვაჩინეთ კონსპირაციული სახლი, რომელიც შემორაგულია სამხედრო ქვიშის კარვებით, რომელსაც აქვს ლამინატის პარკეტი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, ეს არის ხის სახლი, ძალიან კარგი გადახურვით, კომფორტული, კედელზე აღმოჩენილია წარწერები, რომელიც ასე იკითხება: “ზაზა”, “პალო”, “ლაშა”, “ჯოჯუ” და ასე შემდეგ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ზონდერჯგუფებში მოქმედებდნენ. კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, _ სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს არ არის მნიშვნელოვანი ადგილი. უბრალოდ, მე არ ვაკონკრეტებ იმ ადგილს, სადაც მე და ნანა ფაჟავამ აღმოვაჩინეთ ეს სახლი, რადგან მიმაჩნია, რომ ამ სახლის ირგვლივ შეიძლება იყოს სამალავები, ფეთქებადი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღი… გადაღებული მასალა გადავეცი შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განყოფილებას. იმედია, ისინი საქმეს გამოიძიებენ და გაირკვევა, რა მდგომარეობაა ამ სახლის ირგვლივ.

_ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, მიუვალ ადგილას მდებარე ამ სახლში ადამიანების წამება ხდებოდა? ნახეთ რაიმე მსგავსი ნაკვალევი?

_ შესაძლებელია, იმ სახლში ყველაფერიც ხდებოდა. ისეთი მიუვალი ადგილია, იმ სახლში შესაძლებელი იყო აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება. აღმოვაჩინეთ ძველი, დახეული ტანსაცმელი, მათ შორის ჩემი ყურადღება მიიქცია შარვალმა, რომელიც ძალიან პიკანტურ ადგილასაა გახვრეტილი… იყო სამოქალაქო ტანსაცმელი, მათ შორის სპორტული მაისური, ქურთუკები, პულოვერები, რაც სახლის ირგვლივ ეყარა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხმამაღლა ამ სახლის ადგილმდებარეობის დასახელება საჭირო არაა, ვიდრე არ დამუშავდება ეს ტერიტორია სათანადო ორგანოების მხრიდან.

_ მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც ვენიდან საგანგებო განცხადება გააკეთა სამალავებზე, თქვა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოინანიებს იმას, რომ შევარდნაძის ხელისუფლებიდან გადმოჰყვათ და მათთან შემოიპარნენ ეს სასტიკი დამნაშავეები. კონკრეტული გვარები დაასახელა: ლევან ქარდავა და დავით ჩხატარაშვილი. აღმოჩნდა, რომ ქარდავას პრეზიდენტმა 1 ლარად გადასცა წყნეთში მიწის ნაკვეთი, ხოლო ჩხატარაშვილი სააკაშვილის ორდენოსანია. პრეზიდენტმა თქვა, რომ ლევან ქარდავამ, ფაქტობრივად, ჩაუშვა სააკაშვილის ხელისუფლება და მან მიაწოდა ახალ ხელისუფლებას ინფორმაცია, თქვენ იცით, ვინ არის ლევან ქარდავა?

_ ლევან ქარდავა გახლავთ მეგის ქარდავას ძმა. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ლევან ქარდავამ ჩაუშვა მისი ძმა _ მეგის ქარდავა? ერთი რამ მინდა იცოდეთ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში და არამხოლოდ ისინი, გაფრთხილებულნი არიან ხელისუფლებიდან, ბოლო შანსი აქვთ მიცემული, მათ მიაწოდონ ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც არსებობს ზონდერჯგუფებთან მიმართებაში. ახალმა ხელისუფლებამ მათ კიდევ ერთხელ მისცა ბოლო შანსი, მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რადგან ეს ინფორმაცია გამაჩნია…

_ თქვენ გამორიცხავთ, რომ ხელისუფლებასთან რომელიმე დამნაშავე ჯგუფის წევრმა არ ითანამშრომლა?

_ ძალიან ბევრს საუბრობენ, ვინ აღმოაჩინა სამალავებში იარაღი. მინდა გითხრათ, რომ გამოძიებასთან ინფორმაციის მიწოდებასთან არანაირ კავშირში არ არის არც ლევან ქარდავა და არც ახალაიები. ეს არის სუს-ის (საქართველოს უშიშროების სამსახური. _ ნ.ს.) ნამუშევარი…

_ წამებასა და ადამიანების სასტიკ მოპყრობაში მხილებულია რამდენიმე ადამიანი: ლევან ქარდავა, კოხტა კოდუა და ასე შემდეგ… ვინ ხელმძღვანელობდა მას, ვინ იყო მათი იდეოლოგიური ბელადი?

_ ესენი არიან როლანდ ახალაიას ხელისბიჭები. მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო ზონდერჯგუფების შექმნა, რაც განახორციელა როლანდ ახალაიამ. როლანდ ახალაიას დაქვემდებარებაში იყვნენ ქარდავებიც, გუნავებიც. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გუნავას ფაქტორი, ის მაშინ იყო სამხარეო პოლიციის უფროსი, ხოლო მისი მოადგილე _ მეგის ქარდავა, ლევან ქარდავა კი გახლდათ კუდ-ის უფროსი. ესენი ასრულებდნენ მიხეილ სააკაშვილის დავალებას, ხოლო კურირებას, როგორც გითხარით, უწევდა როლანდ ახალაია. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გითხრათ, _ არის მცდელობა, რომ სააკაშვილმა გადააბრალოს ახალაიებს, გუნავებს, ქარდავებს მისი დანაშაული… მინდა გითხრათ, რომ ვერც ახალაიები, ვერც ქარდავები, ქირია და კოხტა კოდუა, ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც პედოფილი, ეჭვმიტანილია ბავშვების გაუპატიურებაში, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების გარეშე ვერაფერს გაბედავდნენ. ყველაფერს, რაც სამეგრელოში ხდებოდა, მკაცრად აკონტროლებდა სააკაშვილი. თუ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, პირველ რიგში პასუხი უნდა აგოს ამ დამნაშავე სისტემის შემქმნელმა და მისმა შემოქმედმა, ეს არის ერთი კაცი _ მიხეილ სააკაშვილი. ასევე ვანო მერაბიშვილი, რომელიც ახალაიებზე, გუნავებსა და ქარდავებზე მაღლა იდგა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვანო მერაბიშვილიც ერთ-ერთი შემოქმედია ამ ძალადობრივი სისტემის შექმნაში.

_ როცა ბიძინა ივანიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა, თქვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით, “ქრონიკამ” ივანიშვილს სამეგრელოში ზონდერდაჯგუფებებისა და სამალავების შესახებ ჰკითხა. ივანიშვილისთვის მაშინ ეს ამბავი ძალიან უცხო იყო. მაშინ თქვენ ამტკიცებდით, რომ სააკაშვილი ემზადებოდა სამოქალაქო ომისთვის, რათა არჩევნები ჩაეშალა და არ გაემარჯვა ბიძინა ივანიშვილს. დღეს უკვე რის თქმა შეგიძლიათ, რეალურად რისთვის ემზადებოდნენ?

_ დღეს უკვე ცალსახად შემიძლია გითხრათ, სააკაშვილმა ეს ზონდერჯგუფები შექმნა იმისთვის, რომ ძალადობრივი მეთოდით შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ის ქმნიდა ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვს, რომლებიც თითქოს იბრძოლებდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი ფარსია. რეალურად ამ ზონდერჯგუფების შექმნის იდეა იყო ის, რომ, თუ ის არჩევნებში დამარცხდებოდა და ამერიკის შეერთებული შტატები წინააღმდეგობას არ გაუწევდა, მაშინ ის ამ იარაღსა და ზონდერდაჯგუფებას გამოიყენებდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ძალადობრივი გზით გამარჯვების შემთხვევაში, თუკი ხალხი არჩევნების შედეგებს გააპროტესტებდა, ამასაც სისხლისღვრა მოჰყვებოდა. თავის დროზე ისიც ვთქვი თქვენი გაზეთით, რა რაოდენობის ხელფასს უხდიდა წინა ხელისუფლება ამ ზონდერჯგუფებს. თქვენს მკითხველს მინდა შევახსენო, _ ამ ზონდერჯგუფებში გაწევრიანებული იყვნენ ძველი მხედრიონელები, “ტყის ძმები”, სამწუხაროდ, ძველი ზვიადისტები, აგრეთვე, გაერთიანებული იყვნენ პოლიციელები, სამოქალაქო პირები, კუდ-ის თანამშრომლები, არსებობდა რამდენიმე ჯგუფი. საკმაოდ კარგად ფინანსდებოდნენ და მხოლოდ ერთადერთ იდეას ემსახურებოდნენ _ სააკაშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას. მათი ხელფასი იყო 400-დან 1800 ლარამდე, რაც კატეგორიების მიხედვით იყოფოდა. თქვენ ბრძანეთ, რომ მაშინ ივანიშვილმა ამ საკითხზე გაკვირვება გამოთქვა, ეს იმიტომ, რომ მაშინ მისთვის მოულოდნელი იყო. მე ვფიქრობ, ამ საკითხისთვის მაშინ სხვებს უნდა მიექციათ ყურადღება, ვინც პოლიტიკაში დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ…

_ თუმცა ირაკლი ალასანიამ დაუყოვნებლივ გააკეთა თქვენს ინფორმაციაზე რეაგირება და არჩევნების წინ უშიშროების საბჭოს გადასცა ზონდერჯგუფების სიები, ირაკლი ალასანიამ ამ თემის აქტუალიზება მოახდინა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე ბოლომდე არ მივიდა. საზოგადოებას აინტერესებს, დაიწყოს გამოძიება და გახდეს საჯარო, კონკრეტულად ვისი ბრძანებით მოქმედებდნენ, ვინ არის დამნაშავე?

_ ვინ როგორ ამარაგებდა თუ აფინანსებდა ამ ზონდერჯგუფებს. პირადად მე ცალსახა პასუხი მაქვს, ამ ყველაფრის იდეის ავტორი იყო მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მის რეალიზებაში მონაწილეობდა ყველა ძალოვანი სტრუქტურა საქართველოში, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები. როცა არჩევნები დასრულდა, თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, _ ინკორპორირება მომხდარიყო ზონდერდაჯგუფებებში შემავალი ადამიანებისა თავდაცვის სამინისტროში. თავისთავად კარგი იდეაა, მაგრამ მე ვსვამ მარტივ კითხვას, ტერორისტებისა და დამნაშავეების კორპორირება თავდაცვის სამინისტროში შეიძლება?

_ ირაკლი ალასანიამ “ქრონიკის” კითხვაზე, რისთვის სჭირდებოდა დამნაშავე ბანდფორმირებების სისტემაში შემოყვანა, მკაფიოდ უპასუხა, რომ არ დაუშვებს შეიარაღებული ადამიანების ქუჩაში სიარულს, ისინი უნდა ინტეგრირდნენ თავდაცვის სამინისტროსთან, რათა მათი ყოველი ნაბიჯი იყოს კონტროლირებული. მისი არგუმენტი მისაღები არ არის?

_ რა თქმა უნდა, ალასანიას ამ საკითხში ვეთანხმები, მაგრამ ერთი რამაა, ყველა არ ყოფილა ინკორპორირებული. ახლა რომ საუბრობენ ამ სამალავზე, ამ ზონდერდაჯგუფებებზე, რომ მიდის გამოძიება, მე ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას, _ ირაკლი ალასანიამ ჰკითხოს კობა ახვლედიანს, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ამ ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის, რა ინფორმაციას ფლობს ის. ასევე ჰკითხოს ინკორპორირებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს თავდაცვის სამინისტროში არიან, თავის დროზე ისინი ახალაიებისა და სააკაშვილის მიერ შექმნილ ზონდერჯგუფებში მოქმედებდნენ…

_ ვინ არის კობა ახვლედიანი? შეგიძლიათ უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოთ?

_ კობა ახვლედიანი არის გორგასლის ორდენის კავალერი, ავღანეთში მებრძოლი. როგორც მებრძოლს, პატივს ვცემ, მაგრამ ახვლედიანი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ ამ ტერორისტული და ზონდერჯგუფების საქმიანობისა. არამარტო თავდაცვის სამინისტროში, ეს ტერორისტები და ზონდერები ინკორპორირებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვა უწყებებში, რომლებიც ფლობენ ინფორმაციებს. ძალიან კარგია, რომ ისინი ხელისუფლებამ გააფრთხილა და მოუწოდა, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მაგრამ ერთი რამაა მთავარი, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, რომ მომავალში არც ერთ ხელისუფლებას აზრად არ მოუვიდეს ასეთი რამის გაკეთება.