,,ბოკერიამ ევროსაბჭოს დეპუტატების გადმოსაბირებლად 22 მილიონი დახარჯა!’‘

,,ბოკერიამ ევროსაბჭოს დეპუტატების გადმოსაბირებლად 22 მილიონი დახარჯა!’‘

ამბობს, რომ კოალიციაში ბიძინა ივანიშვილისადმი მონური დამოკიდებულება არავის აქვს და პრემიერი მთავრობის ფარული მმართველი ვერასოდეს გახდება. ვინ სთხოვს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენას და რა ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით? _ ,,ვერსიის’‘ კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი პასუხობს.
_ კოალიცია იმდენად ჭრელი და ეკლექტურია, რომ წარმოუდგენელია, ექვსმა პარტიამ ჩრდილში მდგომი ადამიანის ირგვლივ იტრიალოს! ბიძინა ივანიშვილის სიტყვა, მისი პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაშიც, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ივანიშვილისგან რუხ კარდინალს ან სუსლოვს ვერავინ გამოძერწავს.

_ ბატონო გია, რატომ გავიწყდებათ, რომ მაშინ, როცა საზოგადოება ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ ლეგენდებს ჰყვებოდა, ის პოლიტიკაში სწორედ ფარულად იყო ჩართული და ნაცმოძრაობას მხოლოდ რჩევებს კი არა, როგორც თვითონ ამბობს, ფულსაც აძლევდა...
_ ბიძინა ივანიშვილი ნაცმოძრაობის იდეურ ხედვებს არასოდეს აყალიბებდა, უბრალოდ, ხელისუფლებას ფინანსურად ეხმარებოდა. ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ან ბენდუქიძის იდეოლოგია ბიძინა ივანიშვილის მიერ ნასაზრდოები სულაც არ არის. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, საქართველო ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. რაც მთავარია, საზოგადოებას შეურაცხყოფას არ მივაყენებ და შევარადნაძის მსგავსად, რომელსაც ნახევარმა თბილისმა დაუჩოქა, არასოდეს ვეტყვი, ბიძინა ივანიშვილსაც დარჩენა შეეხვეწე-მეთქი. არც კოალიციაშია ივანიშვილისადმი მონური დამოკიდებულება, უბრალოდ, გვინდა, რომ პრემიერის პოლიტიკიდან წასვლით ქვეყანაში გარკვეული რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. მიმაჩნია, რომ პრემიერმა ეს ნაბიჯი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა გადადგას და არა _ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე.

_ ადგილობრივ არჩევნებში წარმატების დამოუკიდებლად მიღწევის იმედი არ გაქვთ და გამარჯვებისთვის ივანიშვილის ფაქტორი კიდევ ერთხელ უნდა გამოიყენოთ?
_ სულაც არა, დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ივანიშვილის გარეშეც მივაღწევთ, მაგრამ გვინდა, რომ სახელმწიფო მდგრადობა რისკის ქვეშ მცირედითაც არ დადგეს. სხვათა შორის, ამ საკითხის რამდენიმე განხილვას შევესწარი. როცა პრემიერმა კოალიციის წევრებს განუცხადა, შემოდგომაზე პოლიტიკიდან მივდივარო, ამან გუნდში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოგვიანებით, ნაწილი ბიძინა ივანიშვილის სისწორეში დარწმუნდა, ჩემნაირები კი ცდილობდნენ, პრემიერისთვის ეთქვათ, თუ მიდიხარ, მომავალი წლის მაისის შემდეგ წაბრძანდიო.

_ პრემიერის პოლიტიკაში 2014 წლის გაზაფხულამდე დარჩენას მხოლოდ ,,თავისუფალი დემოკრატები’‘ ითხოვთ?
_ ამ აზრს სხვა პარტიებიც იზიარებენ. კოალიციაში არ არსებობს საფრთხე, რომ ერთმანეთს თავ-პირს დავუსისხლიანებთ, თუმცა ბუნებრივია, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია. კოალიციის სიმშვიდეს კობა დავითაშვილი არღვევს ხოლმე, რასაც მივესალმები.

_ ისე, სწორედ განსხვავებული აზრის გამო, კობა დავითაშვილი არაერთხელ აღმოჩნდა კოალიციიდან გარიცხვის ზღვარზე...
_ კი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, წავიდა? არც მომავალში წავა, რადგან ამის გამო არავინ დევნის და არც ლანძღავს. კოალიცია მონათა გაერთიანება არ არის, რომელსაც მეფე ივანიშვილი ბეჭებზე შოლტს ურტყამს. ასე ნაციონალური მოძრაობის დროს ხდებოდა _ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ გუნდის წევრებს, მის მიერ შექმნილ ფსევდო-ოპოზიციონერებს, ქრისტიან-დემოკრატებსა და თორთლაძესაც როზგავდა. ბიძინა ივანიშვილისგან მსგავს ბატონობას კოალიცია არ მიიღებს და ამის სურვილი არც პრემიერს აქვს. ოპოზიციის დევნასა თუ მართვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

_ პრემიერის განცხადება, თუ ნაცმოძრაობა ხელისუფლების ოპონირებას ვერ შეძლებს, კოალიცია დაიშლება და ოპოზიციურ ძალასაც მივიღებთო, მართული ოპოზიციის შექმნის მცდელობას არ ნიშნავს?
_ ნაცმოძრაობა აუცილებლად დასამარდება, რადგან ამ ადამიანების გამოსწორება შეუძლებელია და, კარგი იქნება, თუ მსგავსი ილუზია ბიძინა ივანიშვილს აღარ ექნება. რაც შეეხება კოალიციის დაშლის საკითხს, ივანიშვილი ფიქრობს, რომ კოალიცია, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაიშლება, რაშიც ეჭვი მეც არ მეპარება. დიდხანს ერთ ჭერქვეშ ცოლ-ქმარი ვერ ძლებს და შეუძლებელია, სხვადასხვა პარტიამ, წლების განმავლობაში ერთმანეთთან გაძლოს. დიახ, ყველაფერს თავისი ლოგიკური დასასრული ექნება, მაგრამ მანამდე ხალხისთვის მიცემული დაპირებები უნდა შევასრულოთ. კარგად მესმის, რატომ ვერ იქნება კარგი ოპოზიციონერი როგორც ნინო ბურჯანაძე, ასევე კახა კუკავა _ მათთვისაც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გადარჩენის ერთადერთი ღუზა ბიძინა ივანიშვილი იყო, ამიტომაც პრემიერთან ოპონირება უჭირთ. ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არასაპარლამენტო ოპოზიციასაც გაააქტიურებს. განსაკუთრებით ამაზრზენია, რომ ჭკუას ის ადამიანები გვასწავლიან, რომლებიც მკვდრებს სახურავებზე აწყობდნენ. დღეს ვიღაც შვედი დეპუტატი ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ცდილობს, ვანო მერაბიშვილი, რომლის მეუღლემ ახალგაზრდა კაცი მოკლა, ნელსონ მანდელად გამოაცხადოს.
_ და ხელისუფლების პრობლემა არ არის, რომ დასავლეთს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ვერ აწვდის?
_ რა გავაკეთო, ყბედად ვიქცე და შვედ დეპუტატს ავუხსნა, რატომ დავაკავეთ ვანო მერაბიშვილი? სხვა საქმე არაფერი მაქვს? სტოქჰოლმიდან ნუ მეუბნებიან, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავებით აღშფოთებულები არიან, ჩამობრძანდნენ და ყველა საქმე ერთად განვიხილოთ. დეკლარაციაში ვანო მერაბიშვილის შესახებ დასკვნის დამატება მას წამებულის გვირგვინს ვერ დაადგავს! არ მახსოვს, თუნდაც ეს შვედი დეპუტატი 7 ნოემბრის დარბევით ან 26 მაისის სპეცოპერაციით ან თუნდაც გირგვლიანის ოჯახის გაწყვეტით დაინტერესებულიყო, თუმცა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია _ ბატონმა ბოკერიამ ევროსაბჭოს დეპუტატების გადმოსაბირებლად, მხოლოდ 2012 წელს, 22 მილიონი დახარჯა. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, ფული დეპუტატებს ჯიბეში ჩაუტენა თუ არა, მაგრამ ამ მიმართულებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს!
_ ანუ მალე გიგა ბოკერიასაც დააკავებენ? ისე, თქვენი პარტიისთვის ევროპული ღირებულებები პრიორიტეტია, თუმცა დასავლეთზე ცინიზმით საუბრობთ. ესე იგი, საგარეო ორიენტაცია შეიცვალეთ?
_ არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, მინდა, დასავლეთს თვალი ავუხილო და ის დავანახო, რაც საქართველოში რეალურად ხდება. დიახ, ევროპაში პოლიტიკურად ანგაჟირებული დეპუტატებიც არიან, რომლებიც ჩიორა თაქთაქიშვილის ნებისმიერ დოკუმენტს ხელს აწერენ. ადამიანს რომ გააშიშვლებ და აჩუ-აჩუს დაუძახებ, რაც თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას პერიოდში ხდებოდა, ეს დასავლური ღირებულებაა თუ ევროპაში მამაკაცებზე სექსუალური ძალადობა მიღებულია? თუ ასეა, მაშინ ასეთ ევროპაში არაფერი გვესაქმება. არ მინდა ისეთი ევროპა, სადაც მიხეილ სააკაშვილი უყვართ.

_ განა, ეს საკმარისი მიზეზია, რომ ევროპაზე უარი ვთქვათ და ჩრდილოეთისკენ გავიხედოთ?
_ სხვათა შორის, სააკაშვილს მხოლოდ რუსეთში კი არა, გერმანიასა და საფრანგეთშიც ლანძღავენ. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ყოფნისას არ გვქონდა საშუალება, საზღვარგარეთ ნაციონალური მოძრაობის შესახებ ინფორმაცია გაგვეტანა. სრული დოყლაპიები ვიყავით, რადგან აბსოლუტურად სხვა საკითხებით ვინტერესდებოდით და ამ მიმართულებით არაფერს ვაკეთებდით, თუმცა ბოლომდე დასაძრახები არ ვართ, რადგან ელემენტალურად, საკმარისი სახსრები არ გვქონდა, რომ საზღვარგარეთ გვევლო. უკაცრავად, მაგრამ ჯუმბერ ლეჟავას მსგავსად, ევროპაში ველოსიპედით ვერ ვივლიდით.

_ საზღვარგარეთ ახლა ხშირად დადიხართ თვითმფრინავით, მაგრამ თავად აღიარებთ, რომ დასავლეთის კითხვებს დამაკმაყოფილებლად ჯერ კიდევ ვერ პასუხობთ...
_ ბიძინა ივანიშვილის ფულს იმისთვის კი არ ვიყენებთ, რომ ევროპაში ვინმე მოვქრთამოთ. ვცდილობთ, დეტალურად გავაცნოთ საქართველოში არსებული ვითარება. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ და ჩვენი პარტნიორებიც დარწმუნდებიან, რომ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ.