როცა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაზე საუბრობენ, ევროპის ქვეყნების პოლიტიკოსები უფრო ხშირად პარალელს ავლებენ უკრაინასთან, სადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით. საქართველოში ასეთი შედარება საზოგადოების ნაწილის არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს იმ ფონზე, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბოლო 9 თვის განმავლობაში რამდენიმე პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე.
ბერლუსკონის „ბუნგა-ბუნგა“
მართალია, ჯერჯერობით ციხეში არ ზის, მაგრამ მილანის სასამართლომ 24 ივნისს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების საქმეში. თუკი სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს მილანის სასამართლოს ვერდიქტს, მაშინ იტალიის სამგზის პრემიერ-მინისტრსა და ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლოს გამოძიების თანახმად, რომელიც ორი წელია გრძელდება, ბერლუსკონიმ 2010 წელს ე.წ. „ბუნგა-ბუნგას“ ეროტიკულ წვეულებაზე სექსუალური ურთიერთობა დაამყარა ერთ-ერთი ღამის კლუბის მოცეკვავე გოგოსთან, რომელიც მაშინ 18 წლისა არ იყო. გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ბერლუსკონი, რომელსაც იმხანად პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, თანამდებობის გამოყენებით შეეცადა მიეჩქმალა ჩადენილი დანაშაული.
თუმცა 76 წლის ბერლუსკონი ფარ-ხმალს არ ყრის და აცხადებს, რომ მილანის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში, სადაც საქმის განხილვა, შესაძლოა, ოთხ წელიწადს გაიწელოს.
სხვაგვარად წარიმართა ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივო სანადერის ბედი. ხორვატიის „რკინის პრემიერ-მინისტრი“ რკინის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გასული წლის ნოემბერში ხორვატიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ივო სანადერს მხოლოდ ერთ ეპიზოდში ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება ქრთამის სახით 13 მილიონი ევროს მიღებას უნგრეთის ენერგეტიკული კომპანიისგან, რომელმაც 2008 წელს, ქრთამის მიცემით, ხორვატიის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრივატიზების პროცესში გაიმარჯვა.
თანაც, როგორც ჩვენი რადიოს სამხრეთსლავური სამსახურის ზაგრების ბიუროს კორესპონდენტი ენის ზებიჩი ამბობს, ეს დანაშაულის მხოლოდ ერთი ეპიზოდია და ხორვატიის პრემიერ-მინისტრს ბრალი, შესაძლოა, დაუმძიმდეს, თუკი სასამართლო სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გაიზიარებს:
„სანადერს სისხლის სამართლის კიდევ სამი დანაშაულის საქმეზე ელოდება სასამართლო პროცესი. ერთი უკვე მიმდინარეობს და ის ეხება ძალიან დიდ კორუფციულ საქმეს, სამინისტროებისა და სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობით. მეორე უკავშირდება თავისი პოლიტიკური პარტიის „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“, ხოლო მესამე პირადი ფინანსური ინტერესებისათვის სახელმწიფო თანამდებობის გამოყენებას. მავანი ვარაუდობს, რომ სისხლის სამართლის საქმე, აღძრული სამინისტროების კორუფციული საქმიანობის თაობაზე, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე უკვე გამოძიებული საქმე. ასე რომ, არავინ იცის, თუ რა განაჩენი დადგება მის მიმართ სასამართლო გამოძიების დასრულების შემდეგ“.
„რკინის სანადერი“ რკინის გისოსებს მიღმა
ივო სანადერი 2003-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა მთავრობის მუშაობას. უნდა აღინიშნოს, რომ ხორვატიამ სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს შეასრულა ყველა კრიტერიუმი, გახდა ნატოს წევრი ქვეყანა და შემდეგ კი დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
ივო სანადერი, რომელმაც თითქმის წელიწად-ნახევარი გაატარა წინასწარი დაკავების საკანში, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. თუმცა, როგორც ჩემი კოლეგა ენის ზებიჩი ამბობს, სანადერის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს მისი ყოფილი პოლიტიკური თანამებრძოლებიც კი გამორიცხავენ.
„ძალიან ცოტა მისი მეგობარი რჩება მის მიმართ ლოიალურად განწყობილი. ამის მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკოსმა, ვინც სანადერის შემდეგ ჩაუდგა სათავეში „ხორვატიის დემოკრატიულ კავშირს“ და ქვეყნის მომდევნო პრემიერ-მინისტრი გახდა, ქალბატონმა იადრანკა კოსორმა, დაიწყო სწორედ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ამიტომ არავის წამოუწყია რაიმე სახის საზოგადოებრივი აზრის მობილიზება სასამართლოს ვერდიქტის წინააღმდეგ“, ამბობს ჩემი კოლეგა ენის ზებიჩი და დასძენს, რომ, მიუხედავად ივო სანადერის წარსული დამსახურებებისა, საზოგადოებრივი აზრი კიდევ უფრო კრიტიკულად არის განწყობილი ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ.
გარემოცვას „შეწირული“ ჩეხეთის პრემიერ მინისტრი
კრიტიკა და რისხვა არ ასცდა კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის - პრემიერ-მინისტრს პეტრ ნეჩასს, რომელიც სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 16 ივნისს გადადგა, მართალია, არა საკუთარი, არამედ მისი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი წევრის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანაშაულებრივი საქმიანობის გამო.
ჩეხეთის პოლიციამ 14 ივნისს კორუფციაში ბრალდებით დააკავა პრემიერ-მინისტრ პეტრ ნეჩასის მაღალი რანგის მრჩეველი იანა ნადიოვა. ნადიოვა დააკავეს ნეჩასის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიასთან დაკავშირებულ ოთხ სხვა პოლიტიკოსთან ერთად. ოპერაცია ორ დღეს გრძელდებოდა. კორუფციასთან მებრძოლი უწყების ხელმძღვანელი და ორი პროკურორი თვით პრემიერსაც ეწვივნენ.
იანა ნადიოვა საპატიმროშია. მას პროკურატურა ბრალს სდებს მექრთამეობაში, იმაში, რომ ნეჩასის პარტიის - „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ - ყოფილ კანონმდებლებს ის სთავაზობდა კარგ თანამდებობებს სახელმწიფო კომპანიებში და სამაგიეროდ მათგან პარლამენტის მანდატის დათმობას ითხოვდა. ამასთან, ნადიოვას აბრალებენ სამხედრო დაზვერვის სამსახურის ბოროტად გამოყენებას, სულ მცირე, სამი პირის სათვალთვალოდ. ერთი მათგანი პრემიერ-მინისტრის ცოლია. ნეჩასი ცალკე ცხოვრობდა და, 25 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, მასთან განქორწინებას აპირებდა. პრესაში წაიკითხავდით ცნობასაც, რომ პრემიერ-მინისტრსა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არამხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.
პეტრ ნეჩასმა აწონ-დაწონა სიტუაცია და ქვეყნის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მიმართა:
„17 ივნისს ოფიციალურად შევთავაზებ პრეზიდენტს ჩემს, როგორც პრემიერ-მინისტრის, გადადგომას. მსურს აღვნიშნო, რომ ვაცნობიერებ ჩემს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და აქედან გამომდინარე შედეგებს“.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რითი დასრულდება იანა ნადიოვას საქმის გამოძიება და გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ მოღვაწეობას პეტრ ნეჩასი, რომლის რეპუტაციაც ამ სკანდალის გამო გვარიანად შეილახა. თუმცა ერთი რამ ფაქტია: პოლიტიკური სკანდალის გამო პოსტიდან გადამდგარი პეტრ ნეჩასიც, კორუფციული დანაშაულის გამო ციხეში მყოფი ივო სანადერიც და ციხის კარებთან მდგარი სილვიო ბერლუსკონიც ევროპული ქვეყნების ყოფილი პრემიერ-მინისტრები არიან, იმ ევროპის, რომლის პოლიტიკური ელიტა ასეთ რეზონანსულ საქმეებში თითქმის გამორიცხავს „პოლიტიკურ მოტივებს“.
მაგრამ ევროპელი პოლიტიკოსები ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად საუბრობენ „პოლიტიკურად მოტივირებულ“ დაპატიმრებებზე საქართველოში. ასეთ ეჭვებს კი, როგორც ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, „დაპატიმრებულთა მასშტაბი“ და „ბრალდებების სპეციფიკა“ ბადებს. „ეს არაა შეკითხვები, რომლებზეც ნატომ ანდა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს ევალება, რომ არ გრძნობდეს უხერხულობას დაპატიმრებების იმ ფორმების გამო, რასაც ადგილი აქვს. ამავდროულად, ესაა სამწუხარო რეალობა, რაც მოითხოვს ისეთი პოლიტიკური და სასამართლო სისტემის არსებობას, რომელიც გამორიცხავდა პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას. ჩვენ გვინდა, რომ, უბრალოდ, გაგიმეოროთ ეს მოსაზრება და ამას ვაკეთებთ როგორც საქართველოს მეგობრები. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და გვინდა, რომ საქართველომ მიაღწიოს ნატოში გაწევრიანების სტანდარტებს და საერთაშორისო საზოგადოებაში გაწევრიანების სტანდარტებს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ნატოს დელეგაცია, ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით, 26 ივნისს ჩადის საქართველოში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კომენტარს გააკეთებს ვანო მერაბიშვილის მიმართ 24 ივნისს წაყენებულ ახალ ბრალდებებზე ალიანსის გენერალური მდივანი.