სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან სრულად გათავისუფლების მიუხედავად, ციხის სკანდალური კადრების ავტორის - ვლადიმერ ბედუკაძის საქმემ "თაროდან", შესაძლოა, ისევ მთავარი პროკურორის სამუშაო მაგიდაზე გადაინაცვლოს.
პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბედუკაძის საქმით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. როგორც ცნობილია, ბედუკაძე საპროცესო შეთანხმების შედეგად ცოტა ხნის წინ არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა.
მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ბედუკაძესთან მიმართებაში კბილაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქმის კურსში არ იყო, საქმის გარემოების შესწავლის შემდეგ ღიად აფიქსირებს, რომ მთავარი პროკურორის ქმედებით უკმაყოფილოა. ივანიშვილმა, რომელმაც წინა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ ბედუკაძის საქმით დაინტერესდებოდა, მთავარ პროკურორს დღეს ღია წერილით და ბედუკაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის წინადადებით მიმართა. კბილაშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში ივანიშვილი ხაზს უსვამს, რომ პროკურატურის საქმიანობაში ჩარევას არ ცდილობს და წერილში მისი საუბრის ტონს არა მოწოდების, არამედ თხოვნის ხასიათი აქვს.
"მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმირისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის. ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა… მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია, მას პირადად მივმართო, - კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - აცხადებს ივანიშვილი კბილაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.
პრემიერ-მინისტრის თხოვნას მთავარი პროკურორი ჯერ არ გამოხმაურებია. დაუბრუნდება თუ არა ბედუკაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩილ კბილაშვილი, სავარაუდოდ, ხვალ განაცხადებს. დღემდე გაკეთებულ განცხადებებში ციხის სკანდალური კადრების ავტორის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას კბილაშვილი რამდენიმე მიზეზით ხსნის - ბედუკაძის მიერ გადაღებულმა და გავრცელებულმა ვიდეომასალამ დასაბამი მისცა არა მარტო ერთი კონკრეტული ფაქტის გამოძიებას, არამედ საზოგადოებას თვალი აუხილა და დაანახა, რა ხდებოდა სისტემაში.
"მისი მეშვეობით მხილებულია სისტემური დანაშაული, აღიკვეთა ის, რაც მომავალში ათასობით პატიმარს უქადდა იმავე ბედს, რაც ამ ვიდეოში ვნახეთ... გადაწყვეტილების მიღებისას ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, როგორ ინანიებს ან არ ინანიებს დანაშაულს. მან შედეგი მოიტანა და დადო... მონანიება არ არის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი. ჩემთვის შედეგია მთავარი - მან მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა მსგავსი ხელყოფისგან სხვა პატიმრები. აი, ეს არის ის ხედვა, რაც მე ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დავუდე", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა რამდენიმე კვირის წინ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში.
ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას საზოგადოების და ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ამასთან, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებას მაშინვე გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები თავად ხელისუფლებაშიც - ბედუკაძის სრულად ამნისტირების გამო მთავარი პროკურორი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თინა ხიდაშელმა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო წესებით ადამიანთა წამება ის დანაშაულია, რომლის ჩამდენიც გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაშიც კი არ სარგებლობს პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების "ჯილდოთი".
"არის დანაშაული, რომლისთვისაც არ არსებობს, ვინ არის ეს ადამიანი, სასარგებლოა თუ არა გამოძიებისთვის კონკრეტულ მომენტში. არის დანაშაულები, რომლისთვისაც არ არსებობს პატიება, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა დადგეს პასუხისგება და წამება არის ნომერ პირველი ამ დანაშაულებში... თუ ეს არის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება, ეს არის არჩილ კბილაშვილის შეცდომა", - ასე გამოეხმაურა ხიდაშელი მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას.
ხიდაშელის ამ მწყრალ დამოკიდებულებას ბედუკაძემ მაშინვე უპასუხა და შეახსენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაზრდილი მუხტი სწორედ მისი და მის მიერ გადაღებული კადრების დამსახურება იყო. "საინტერესოა ქალბატონო თინიკო, რატომ არ საუბრობდით ჩემს დანაშაულებრივ ქმედებებზე, არჩევნების წინ სტუდენტების ქუჩაში გამოსვლისას. იქნებ გეწყინათ ჩემი ამდაგვარი ნაბიჯი?", - ასეთი იყო ბედუკაძის პასუხი, თუმცა მის შეკითხვას უმრავლესობის წევრის მხრიდან არც დამატებითი კომენტარი და არც ხიდაშელის პოზიციის შეცვლა მოჰყოლია.
თინა ხიდაშელი ხელისუფლებაში ერთადერთი იურისტი არ არის, რომელსაც ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამო არჩილ კბილაშვილისთვის ტაში არ დაუკრავს. დეპუტატს მინისტრთა კაბინეტშიც ეთანხმებიან - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელიც კანონმდებლობით ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ქვეყნის პირველი პროკურორი იყო, მიიჩნევს, რომ წამება იმპერატიული ნორმაა და ესაა პრინციპი, რომლიდანაც გადახვევა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა კონვენციით, არ შეიძლება. სწორედ აღნიშნულის კონტექსტში იუსტიციის მინისტრი ღიად ადასტურებს, რომ ბედუკაძესთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის პოზიციას ეთანხმება და არჩილ კბილაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას აუცილებლად მიიჩნევს.
მთავარი პროკურორის დისკრეციული უფლება თუ შეცდომა, რომელმაც არჩილ კბილაშვილის თანამდებობა შესაძლოა შეიწიროს? - ბედუკაძესთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო საზოგადოების გარკვეულ წრეებში მთავარ პროკურატურაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ. ინფორმაციას არც მთავრობის კანცელარიაში და არც უშუალოდ კბილაშვილის უწყებაში არ ადასტურებენ, თუმცა მას არ გამორიცხავს პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი.
"ბუნებაში მუდმივი არაფერი არსებობს, გამორიცხული არასოდეს არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა კბილაშვილის გათავისუფლების ინიცირებას აპირებს", - განუცხადა "ამბები.გეს" ხუხაშვილმა.
ვლადიმერ ბედუკაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი შარშან, სექტემბერში გახდა. ის ციხის იმ სკანდალური კადრების ავტორია, რომელმაც საზოგადოება გამოაფხიზლა. გისოსებს მიღმა არსებული, წინა ხელისუფლების საიდუმლო პოლიტიკის გამოაშკარავების გამო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბედუკაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადება "წასვლამდე" მოასწრო. გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის "დაფასება" ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო - მიმდინარე წლის დასაწყისში ბედუკაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყდა, ივნისის შუა რიცხვებში კი მთავარმა პროკურატურამ მას თავისუფლება უკვე საქართველოშიც "აჩუქა".