8 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფოსთვის უძრავი ქონების გადაცემის 9560 ფაქტი დაფიქსირდა.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რუსულ გამოცემა „ოგონიოკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პროკურატურაში რიგები იდგა. პირველი სამი თვის განმავლობაში 20 ათასი საჩივარი შევიდა წამების, ქონების ჩამორთმევის, უსამართლო განაჩენებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
„უცბათ ჩვენს მოსახლეობას მასობრივად მოუვიდა აზრად, რომ სახელმწიფოსთვის საკუთარი მიწის ნაკვეთები და სახლები უნდა გადაეცა. თანაც, უმრავლეს შემთხვევებში ასეთი გადაწყვეტილება მათ შუაღამის შემდეგ მიიღეს... საოცარია, მაგრამ ამ დროს სანოტარო ბიუროები გახსნილი იყო, რათა ამ ადამიანებს შეთანხმებები გაეფორმებინათ. სხვა შემთხვევებში, როდესაც ოჯახის წევრები დაპატიმრებულნი იყვნენ, მათ ნათესავებს ღამ–ღამობით აზრად მოსდიოდათ, რომ სახელმწიფოსთვის ქონება უნდა ეჩუქებინათ. წარმოიდგინეთ, რომ ამას მხოლოდ უძრავი ქონების შესახებ ვამბობ. და მოძრავი ქონების გადაცემის რამდენი შემთხვევა იყო: საკუთარი წილის, ლიცენზიის, ფულის გადაცემა! მეშინია, რომ ამას ვერ დავთვლით...“ – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაკავდა პროკურატურა იმის გარკვევით, რაც ციხეებში ხდება, ვინ რისთვის ზის და ა.შ.
საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებითვე, 2011 წელს საპროცესო შეთანხმებების შედეგად ადამიანებს 108 მილიონი ლარი ჩამოართვეს.
„რა თქმა უნდა, სასამართლო აპატიმრებდა, მაგრამ ის იყო პროკურატურისადმი აბსოლუტურ დაქვემდებარებაში. აი უბრალო სტატისტიკა: 2010 წელს სასამართლო ორგანოების მიერ პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 99,99 პროცენტს შეადგენდა. ასე რომ, იმის იმედი, რომ გამართლდებოდა, არავის არ ჰქონდა. ილუზიაც კი არ ჰქონდა.
შექმნილ ვითარებაში ადვოკატები ადვოკატები აღარ იყვნენ და ისინი მხოლოდ ვაჭრობდნენ პროკურატურის მიერ დასახელებული თანხის გარშემო.
შეკითხვაზე პასუხისას, როგორ უნდა გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან ახალი ხელისუფლება იმ ქონებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე არაერთხელ იქნა გადაყიდული, მთავარი პროკურორი აცხადებს:
„ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით და ადამიანებმა ხმა მოგვცეს. რა თქმა უნდა, ჩვენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით ისინი, ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს და განსაკუთრებით ისინი, ვინც მთავრობაში იყვნენ. ახლა ყოფილი მთავრობის 7 მინისტრის წინააღმდეგ 7 სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. მათ შორის ყოფილი პრემიერ–მინისტრის წინააღმდეგაც. ეს ცოტა არ არის.
სამართლიანობის აღდგენის ძირითადი და წონადი ნაწილია ადამიანებისთვის იმ ღირსების დაბრუნება, რომელიც მათ წაართვეს. გამოცხადდა დიდი ამნისტია. 10 ათასამდე ადამიანმა ციხეების კედლები დატოვა. მაგრამ კითხვა, რომელიც თქვენ დამისვით, არა მხოლოდ იურიდიული ხასიათისაა. ახლა რომ ავდგეთ და ვთქვათ, რომ სახელმწიფო დააბრუნებს ყველაფერს, რაც უკანონოდ იქნა ჩამორთმეული, მაშინ ჩვენ უნდა დავხუროთ სახელმწიფო, რადგან ვერავითარი ბიუჯეტი ვერ შეძლებს ამ ყველაფრის კომპენსირებას ერთად აღებულს. ამიტომ აქ გარკვეული გონივრული პოლიტიკა უნდა გამოვიყენოთ, რათა სამართლიანობა აღდგენა და ქონებრივი უფლებების რესტიტუცია მოხდეს დინამიკაში და გარკვეულ დროში, რომ, უბრალოდ, სახელმწიფომ შეძლოს ამ ამოცანის შესრულება,“ – განუცხადა არჩილ კბილაშვილმა „ოგონიოკს.“
ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას, თუ სად მიდიოდა ფული, რომელსაც პროკურატურა დაკავებულ ადამიანებს ართმევდა, საქართველოს მთავარი პროკურორი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მტკიცებით, მთელი ეს ფული ინფრასტრუქტურის აღდგენას ხმარდებოდა. კბილაშვილის თქმითვე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა რომ გავითვალისწინოთ, აქ მართლაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა.
„მაგრამ რა ფასად გაკეთდა ეს – სხვა საკითხია. კორუფციის ელემენტი არსებობდა იმაში, რომ ის კომპანიები, რომლებიც აღდგენით და ამ ფულის ათვისებით იყვნენ დაკავებულნი, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან კავშირში იმყოფებოდნენ. ამ თვალსაზრისით კორუფცია ნამდვილად არსებობდა. თუმცა მთლიანობაში საქართველოში კორუფცია, როგორც ასეთი, ჩინოსნების საშუალო და ქვედა ფენებში პრინციპში არ არის. ეს წინა მთავრობის დამსახურებაა. ჩვენ ვსაუბრობთ ელიტურ კორუფციაზე, რომელიც ნამდვილად და დიდი მასშტაბით არსებობდა.“