"ნაციონალების" ყველა განაყოფს, მათ შორის სასამართლოს, ჰქონდა მითითება, ცოტა ხანი გავძლოთ და შემდეგ ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდებითო; ანუ არავის არ უნდა ეღიარებინა, რომ ძველი ხელისუფლების დროს დანაშაული ხდებოდა, ასეთი ფაქტები უნდა მიეჩქმალათ, ყოფილი მაღალჩინოსნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოჩენილიყვნენ უკანონობის ჩამდენებად და ასე შემდეგ. `ნაციონალები~ აცხადებდნენ, `ქართული ოცნება~ ქვეყნის მართვას თავს ვერ გაართმევს, მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გაჩნდება და ხელისუფლებაში ჩვენ დავბრუნდებითო. თუმცა სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები. იმდენი საზარელი დანაშაული გამოვლინდა (რამდენიმე ეპიზოდი სამეგრელოში ნაპოვნ ვიდეოფირებშია დაფიქსირებული), რომ მოსახლეობისთვის `ქართული ოცნება~ დღეს მიუღებელიც რომ გახდეს, `ნაციონალები~ ხელისუფლებაში მაინც ვერ დაბრუნდებიან. Mმეტიც, მათი გაქრობის პროცესი დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ზოგიერთმა ადეკვატურად ვერ შეაფასა, მათ შორის მოსამართლეთა დიდმა ნაწილმა. სწორედ ამიტომ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთაგან ერთ-ერთი ხვედელიანის გამართლება იყო, არ მიკვირს. სიმართლე გითხრათ, არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელმა სასამართლომ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი საზარელი ვიდეოფირების "გმირებიც" გაამართლოს. ხალხის აღშფოთება თქვენ მერე ნახეთ. ამიტომ პირდაპირ ვამბობ - დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა", - აცხადებს ექსპერტი გოგი ხუციშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "დღევანდელი სასამართლო ქვეყნისთვის სახიფათოა".
"მეც ვხედავ საფრთხეს, რომ შესაძლოა, ზოგიერთს მართლაც ხელს აძლევდეს სასამართლოების დარბევა და უსამართლობის განცდიდან გამომდინარე, ლინჩის წესით გასამართლება. "ნაციონალები" ქვეყანაში დროდადრო პროცესების ესკალაციას ცდილობდნენ. მაგალითად, 19 აპრილის აქციისას დიდი იმედი ჰქონდათ, რომ დაარბევდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. შემდეგ 17 მაისი მოაწყვეს და მიზანს გარკვეულწილად მიაღწიეს, საზღვარგარეთ ეს მოვლენები ძალიან ცუდად შეაფასეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.
"საფრთხე იმისა, რომ მოქალაქემ ან მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელსაც გაუცრუვდა სამართლიანობის აღდგენის იმედი, თავად დაიწყოს სამართლის აღსრულება ნამდვილად არის. თუმცა ამის შეკავება ახალ ხელისუფლებას ნამდვილად შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საზღვარგარეთ სიტუაცია ისე წარმოჩნდეს, თითქოს ახალი ხელისუფლება ვითარებას ვერ აკონტროლებს და ქაოსია. სხვათა შორის, დასავლურ მედიაში თითოეული ასეთი ფაქტი რაღაც ფართომასშტაბიან მოვლენად შუქდება, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა, ლოკალური და ადგილობრივი ხასიათი ჰქონდეს. ახალმა ხელისუფლებამ ეს უნდა შეაკავოს და ამის ყველაზე კარგი მეთოდი ხალხთან მჭიდრო კონტაქტია. არ უნდა დაუშვას დაპირისპირება, მათ შორის არც რელიგიურ ნიადაგზე, როგორც ეს სამთაწყაროშია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ რეზოლუციაეს არ არის გასაკვირი. ვანო მერაბიშვილი იმ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელია, რომელსაც დასავლეთი სამაგალითოდ სახავდა და რეკლამას უწევდა მსოფლიოში. დასავლეთს, რა თქმა უნდა, არ სურს აღიაროს, რომ მხარს უჭერდა ხელისუფლებას, რომლის წიაღშიც საშინელებები ხდებოდა. ამიტომ ჩვენი დასავლელი მეგობრები ცდილობენ, ახალი ხელისუფლება ლიბერალურად მოექცეს ყოფილ მაღალჩინოსნებს და ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებიდან უმტკივნეულოდ წავიდეს. ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას. საქართველოს მოსახლეობის განწყობა ასეთია: დასავლეთს ჩვენი არ ესმის და გვთხოვს, დამნაშავეები არ დავსაჯოთო. ამიტომაც საქართველოში სამართლებრივი პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ დასავლეთს პოლიტიკურ დევნაზე ეჭვის გამოთქმის საფუძველი აღარ ჰქონდეს", - ამბობს გოგი ხუციშვილი.
"ქართულ რეალობაში მთავარი ის არის, რომ რასაც უნდა აბალანსებდეს ინსტიტუტები, აბალანსებს ერთი ადამიანის ავტორიტეტი. ვინ იქნება პრემიერი, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ხელისუფლებაში არის რამდენიმე ფიგურა, რომელთაც შეუძლიათ მთავრობის ხელმძღვანელობა, თუმცა მათ ვინაობას ჯერ არ დავაკონკრეტებ. მაგრამ ნებისმიერი მათგანი მხოლოდ პრემიერი იქნება და არა ქვეყნის ლიდერი, როგორც ბიძინა ივანიშვილია. დღეს ამ ტვირთის ზიდვა არავის შეუძლია და შესაძლოა, ამის გამო მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდეს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ რომელიღაც მინისტრმა რაღაც დააშავა. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის მქონე ადამიანი მას შენიშვნას მისცემს, ის მიიღებს შენიშვნას და დაემორჩილება პრემიერს. ანალოგიური სცენარი წარმოვიდგინოთ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი წავა მთავრობიდან და სხვა იქნება პრემიერი. ასეთ შემთხვევაში, მინისტრმა, რომელმაც შეცდომა დაუშვა, შესაძლოა, მთავრობის ხელმძღვანელს წინააღმდეგობაც გაუწიოს და არც დაემორჩილოს. ეს კი დიდ პრობლემად იქცევა და უკონტროლო პროცესებს მივიღებთ. ამიტომაც იმედია, ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წავა მთავრობიდან", - დასძენს რესპონდენტი.