"40-მა მილიონმა დოლარმა, რომელიც ნარკოკარტელმა ამ აქციით დაკარგა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა, შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას. როგორც წესი, ასეთ რამეს საერთაშორისო ნარკოკარტელი არავის პატიობს! ყოფილა შემთხვევები, უფრო პატარა და ნაკლებმნიშვნელოვან ქვეყნებში, როგორიცაა ლათინური ამერიკა, ნარკოკარტელის ხელმძღვანელებს იქ სახელმწიფო გადატრიალება მოუწყვიათ. კოლუმბიაში 30 წელია სამოქალაქო ომი გრძელდება ზუსტად იმიტომ, რომ ნარკოკარტელი აფინანსებს სოციალურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ებრძვის ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც მოდის სათავეში", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "116 კილო ჰეროინის ამოღებით ღარიბაშვილის უწყება ძალიან სერიოზულ მტერს დაუპირისპირდა! როგორც წესი, ასეთ რამეს საერთაშორისო ნარკოკარტელი არავის პატიობს!".
"ნარკოტიკი ხვდებოდა ფოთისა და ბათუმის პორტებში, დამალული იყო შესაბამის კონტეინერებში, საიდანაც ნარკოტიკი გადიოდა ევროპაში. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაფასოებული ნარკოტიკები ისევ დაბრუნებულა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა უკვე აფხაზეთის მონაკვეთში. მაგალითად, ტყვარჩელში, 2006 წლამდე ნარკოტიკების მიმღები პუნქტი იყო, რომელიც იღებდა დაფასოებულ ნარკოტიკებს, ათავსებდნენ ტომრებში, კვირაში ერთხელ მოფრინავდა კრასნოდარის მხრიდან სამხედრო ვერტმფრენი და ნარკოტიკები გაჰქონდათ. ასე რომ, ეს გახლავთ ძალიან ცნობილი ნარკოტრასა მსოფლიოში, ამიტომაც იყო ამერიკის ადმინისტრაციის ანგარიშში მითითებული საქართველო, როგორც ნარკოტრასა, ამიტომაც სააკაშვილის ხელისუფლებას საყვედურობდნენ. წინა ხელისუფლების პირობებში ხელს პირდაპირ ვერ დავადებ, მაგრამ ხშირად საუბრობდნენ მცოდნე ადამიანები, რომ საქართველო ჩართული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში და ნარკოტრაფიკში. ის, რომ უცეცხლოდ კვამლი არ ჩნდება, ფაქტია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"ერთი რამ ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისა და ხელისუფლების მაღალი პირების გარეშე ვერანაირი ნარკოტიკი ვერ გაივლის ქვეყანაში. შეიძლება რამდენჯერმე დაგისხლტეს ხელიდან, მაგრამ თუ ხელისუფლების ნება არაა, ქვეყანა არ იქნება ნარკოტიკების ტრადიციული ტრასა. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რომელიც ნარკოტრაფიკშია ჩართული, ამხელა ოდენობის ნარკოტიკი არასდროს ამოუღია. ახალმა ხელისუფლებამ გამოავლინა ნება, რომ მის ტერიტორიაზე აღკვეთოს ნარკოტრაფიკი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რადგან საერთაშორისო ნარკოკარტელთან ბრძოლა, ვიმეორებ, არ არის მარტივი. ამ აქციით ძალიან სერიოზულ მტერთან მოუწევს დაპირისპირება ახალ ხელისუფლებას, მას აქვს რესურსი, ამას შეებრძოლოს და ექნება მხარდაჭერა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე დანარჩენი მსოფლიოს მხრიდან. მოწინააღმდეგე მართლაც სერიოზულია, 40 მილიონის დაკარგვა ასეთი მარტივი არ არის. ნარკოტიკი, რომელიც ამოიღეს, გახლავთ ირანული", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საშუალო მონაცემებით, წელიწადში 9-10 ტონა ჰეროინი გაედინებოდა საქართველოს ტერიტორიიდან. 116 კგ ჰეროინის ფასი თუ 40 მილიონია, გამოიანგარიშეთ, რა ეღირება 10 ტონა ნარკოტიკი. ხოლო საქართველოში უშუალოდ წელიწადში ტრიალდება 2 ტონა-ნახევარი ნარკოტიკი. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მერაბიშვილის უწყება საერთოდ არ ებრძოდა ნარკობარონებს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მათ ჰყავდათ ელიტარული ნარკობარონები, დანარჩენებთან კი კატეგორიული ბრძოლა იყო გამოცხადებული", - დასძენს მამუკა არეშიძე.