"2008 წლის ომში მიშას ამერიკამ 5 მილიარდი დოლარი გადაუხადა"

"გენერალი არა, ჭიჭიკო, თემურ ალასანია "რიადავოი", ნომრიანი აგენტია"

"ქართველებს ერთადერთი გენერალი - კახა თარგამაძის სახით გყავთ!"

"თქვენ წაბრძანდით საქართველოში და მე წავეთრევი აქვე, გაჭირვებულ ევროპაში"

"კიდევ იმდენი რაღაცები გაირკვევა, ჯერ სად ხართ?! ეს ჟურნალია"

"ვინმეს რომ მსგავსი ვიდეოფირი გაეკეთებინა, საკუთარი ხელით დავახრჩობდი!"

"ნარჩემაშვილის ადგილას ტყვიას ვიკრავდი შუბლში"

"უჰ, ერთი სადმე შემახვედრა, ყველას თავ-ყბას დავუნგრევდი"

"რიჩაგები" მქონდა, "რიჩაგები" და ანგარიშგასაწევი კაცი ვიყავი... ქვეყანაში უჩემოდ პრეზიდენტი არ ირჩეოდა"

რუბრიკის მორიგი სტუმარი, შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გახლავთ. სხვა მოსკოველი "გრუზინების" მსგავსად, არც ნამინისტრალი აღმოჩნდა გამონაკლისი და ზაფხულის ცხელ დღეებს ისიც ევროპაში, კერძოდ კი იტალიაში ატარებს. თუმცა დღეს უკვე ბიზნესმენი თარგამაძე მოსკოვში 2 დღით ჩამოვიდა. ჰოდა, ერთ დროს ცნობილი "ოპერი" ინტერვიუზე არანაკლები ოპერატიულობით დავითანხმე. თარგამაძე ბოლო დროს სკანდალური განცხადებებით გვანებივრებს. როგორც აცხადებს, ქართველებმა ამაგი არ დავუფასეთ, - ამდენ ხიფათს აგაცილეთ, ომს რამდენჯერ გადაგარჩინეთ, ბანდიტებისა და ტერორისტებისგან გიხსენით, მაგრამ დედის გინების მეტი არაფერი მიმიღიაო...

- რჩევა მინდა მოგცეთ, აქაურ ქართველებთან ნუ იტყვით, რომ ჩემთან იტერვიუ ჩაწერეთ, თორემ გინებას დაგიწყებენ (იცინის).

- მოდი, დღევანდელ საქართველოსა და ახალ ხელისუფლებაზე ვილაპარაკოთ...
- ყველაზე მთავარი, რაც მოხდა, საქართველო ფაშიზმისგან გათავისუფლდა. ივანიშვილმა სწორ გზაზე დაგაყენათ ქართველები და ცოტა აცადეთ. მიშასაც თავისი "კრიშა" ჰყავს და მათთანაც დასარეგულირებელია ურთიერთობა...

- გამოდის, მიშა ხელშეუხებელია?
- ყველაფერს დრო უნდა, თორემ დასაჭერები კი არა, დასახვრეტები არიან! სარი უნდა მიშას, სარი... ყველა სიბინძურის სათავე სააკაშვილია, ეგენი ძირფესვიანად უნდა ამოძირკვო! უჰ, ერთი სადმე შემახვედრა, ყველას თავ-ყბას დავუნგრევდი..

- ახლა რომ ტრაბახობთ, თავის დროზე გექნათ თუ შეგეძლოთ, ბურთი და მოედანი თქვენს ხელში არ იყო?!
- როცა დავაპირე, ყველა მიშას და მის ბანდას გადაეფარეთ და ახლა მეუბნებით მაგას?! თუმცა ცოტ-ცოტა ყველას ცემა მაინც მოვახერხე... იცით, რატომ ვცემე გივი თარგამაძე? წარმოშობით სომეხია, გვარად ოსიპოვი და რომ გავიგე გვარი გადაკეთებული ჰქონია, თანაც თარგამაძედ, გავბრაზდი (ხარხარებს). რა, სააკაშვილი რომ ვცემე, შეიცვალა რამე?

მთავარი ჟვანია იყო, ის მოვხსენი, სიტუაციას მოვაშორე და არ მეგონა, შევარდნაძე ამათ თუ ვეღარ მოერეოდა.

- ამათში ვის გულისხმობთ?
- ვისაც ჟვანიას პრეზიდენტობა უნდოდა და ვინც მიშა დაგისვათ ხელისუფლად.

- ანუ?
- არ ვიცი, ორმაგი თამაში ითამაშა თუ რა შევარდნაძემ, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამერიკას სურდა. პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს! არსებობს მხოლოდ ინტერესები და შენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე, რაც შევარდნაძემ არ თუ ვერ გააკეთა.
მიშა ვინ იყო საერთოდ, ეგ "პეტუხი". მთავარიც და პირველიც ჟვანია იყო. მიშა სათადარიგო სკამზე იჯდა... ეგენი ჩემთან უფრო კარგ ურთიერთობაში იყვნენ, ვიდრე ერთმანეთში. ერთმანეთი ეზიზღებოდათ!

- მაშ, ჟვანიას რას ერჩოდით, ან ის რას გერჩოდათ?
- ჟვანიას გაპრეზიდენტების წინააღმდეგი ვიყავი. ჩემი თანხმობის გარეშე კი ამას ვერ მოახერხებდნენ.

- რატომ იყავით წინააღმდეგი?
- რისთვის და რატომ ვიყავი უარზე, გარდაცვლილ ადამიანზე არ ვისაუბრებ...

- ასეთი რა ბერკეტები გქონდათ, რომ ქვეყანაში უთქვენოდ პრეზიდენტი არ ირჩეოდა?
- "რიჩაგები" მქონდა, "რიჩაგები" და ანგარიშგასაწევი კაცი ვიყავი... (იცინის)

- აქვე გკითხავთ, ჟვანია მოკლეს თუ?..
- მოკლეს, თუმცა დეტალებში ვერ შევალ...

- ყოფილი ხელისუფლებიდან კონკრეტული გვარების დასახელება თუ შეგიძლიათ, ვისი იდეაა ე.წ. "ვარდების რევოლუცია"?
- არავითარი ზოგიერთები, ყველა გარიგებული იყო!

- ნარჩემაშვილი ბოლომდე იდგა შევარდნაძის გვერდით, ეგეც გარიგებული იყო?
- ნარჩემაშვილი არ გაურიგდასავით, მაგრამ შს მინისტრმა, როცა ქვეყანაში რევოლუცია ხდება, ტყვია უნდა იკრა შუბლში. მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი, "ვარდების რევოლუცია" არ მოხდებოდა!

- როგორც პროფესიონალს, გკითხავთ, სამეგრელოში ამოღებულ ვიდეოფირებსა და იარაღებზე რას გვეტყვით?
- ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვამბობდი, რომ სააკაშვილი წაგების შემთხვევაში არეულობაზე წავიდოდა, მაგრამ ვინ მისმენდა?! რაც ნახეთ, დამარხული იარაღის მხოლოდ 15%-ია. კიდევ ბევრია ამოსათხრელი. ეს ნაბიჭვრები, ესენი! მიშა მარტო 2008 წლის ომის გამო უნდა გაასამართლო, რაშიც ამერიკელებმა 5 მილიარდი დოლარი გადაუხადეს და ამ ერის მოღალატემ მთლიანად ჯიბეში ჩაიდო! კიდევ იმდენი რაღაცები გაირკვევა, ჯერ სად ხართ?! ეს ჟურნალია...

- თქვენს დროს მსგავსი გადაღებები თუ ხდებოდა?
- ამას როგორ მეკითხებით?! ვინმეს რომ მსგავსი გაეკეთებინა, საკუთარი ხელით დავახრჩობდი!

- სამაგიეროდ, თქვენი მინისტრობის დროს პატიმრები ფანჯრებიდან ხტებოდნენ...
- როგორ გეკადრებათ, ასეთ ფაქტს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი და ისიც გაქცევის მიზნით.

- მე-7 სართულიდან გადმოხტა და თანაც გაქცევა უნდოდა(?!).
- დიახ, ორი დღე იცოცხლა...

- კარგი, ეს თემა შორს წაგვიყვანს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს... სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას თუ შეხვედრიხართ?
- არა! ვინ არის, რომ შევხვედროდი?

- კგბ-ს გენერალი, პრეზიდენტის ბიძა, ე.წ. რუხი კარდინალი... მეტი ვინღა უნდა იყოს?
- გენერალი არა, ჭიჭიკო, ნომრიანი აგენტია. ნამეტანი აუწიეთ "ზვანია", "რიადავოია", საქართველოში ატყუებენ ხალხს, თორემ მაგათი გენერლობა არ გაიშვას. ჭიჭიკოა, ჭიჭიკო (იცინის). ქართველებს ერთადერთი გენერალი - კახა თარგამაძის სახით გყავთ!

- ცოტა ხმამაღალი განაცხადი ხომ არ არის?
- ქართველებმა ყველას გენერლის მუნდირი რომ ჩააცვით, ამით გააბითურეთ, თორემ მე ლეიტენანტობიდან დაწყებული ყველა იერარქია გავიარე და გენერლობას ისე მივაღწიე... ყველა გახმაურებული მკვლელობა, ტერაქტი თუ დანაშაული ჩემი გახსნილია. დაწყებული ჭანტურიას მკვლელობით, დამთავრებული პანკისის ხეობით!

- ბოლოს და ბოლოს, ვინ მოკლა გია ჭანტურია და რა მოხდა რეალურად? ჭანტურიას ვაჟი ხელახალ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ მაშინ შევარდნაძის დაკვეთით გამოძიება არასწორად წარიმართა.
- მე ისევ იმ პოზიციაზე ვდგავარ... იყო რაღაც ნიუანსები, რასაც ვერ გავახმაურებდით, იყო რაღაც უზუსტობებიც, თუმცა ეს უმნიშვნელო დეტალებია. საქმე გამოძიებული და გახსნილია.

- შეგიძლიათ, ახლა მაინც გაახმაუროთ, რასაც იმ დროს ვერ ამბობდით?
- ყველაფერი გამოძიებულია და საქმეც გახსნილია.

- რადგან ძველ საქმეებს შევეხეთ, მერაბ ჟორდანიაზეც გკითხავთ (კითხვას არ მამთავრებინებს).
- ეგ ორჯერ დაიჭირეს და ვატყობ, იმდენს იზამს, მესამეჯერაც დაიჭერენ...

- დაჭერაზე გამახსენდა... თქვენზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა?
- არა და არც ძებნილი ვყოფილვარ.

- გასაოცარია, სააკაშვილს ისე "უყვარდით", სულ "არა თარგამაძეს" გაჰკიოდა და რატომღაც თქვენზე ძებნაც კი არ გამოაცხადა მაშინ, როცა ყოველი მეორე დააპატიმრა...
- ამის არანაირი საფუძველი და არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა. როგორ ფიქრობ, რამე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონოდა, დამინდობდა?

-ვფიქრობ, არ გაუჭირდებოდა მტკიცებულებებისა თუ საფუძვლების "შექმნა".
- ჯერ ერთი, მინისტრი აღარ ვიყავი, მეორეც, საქართველოდან წამოსული გახლდით. თქვენ როგორ გგონიათ, რატომ არ "შეკერა"?

- რატომ?
- არა ვარ მარტივი და ხელწამოსაკრავი კაცი და ასე ადვილად ვერ "შეკერავდა".

- რაიმე სახის გარიგებას ხომ არ ჰქონდა ადგილი?
- ვისა და ვის შორის?

- ვინმესა და ვინმეს შორის... ფიქრობთ, სააკაშვილმა ვინც დაიჭირა, ყველა ხელწამოსაკრავი ფიგურა იყო?
- მისმა პატრონებმა უთხრეს, რომ ამ კაცზე ან დოკუმენტები დადეთ კომპრომატების სახით, ან ხელს ვერ მოჰკიდებთო. მტკიცებულებები ვერ ნახა და შემეშვა.

-უცნაურია... შევარდნაძესთნ ხომ არ გისაუბრიათ იმ ყველაფერზე, რაც მისმა, როგორც ამბობთ, უუნარობამ გამოიწვია?
- 9 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ და წელს ჩავედი პირველად. შევარდნაძეც მოვინახულე. მინდოდა ამ და სხვა თემებზე საუბარი, მაგრამ ვერ მოხერხდა - შეუძლოდ იყო... თუმცა აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა, რაც პრესითაც დაუფიქსირებია.

- პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ გეგმავთ?
- არა და არც არასდროს მიფიქრია.

- მოკლედ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეთ იმაში, რომ თქვენ ყოფილხართ, რაც ყოფილხართ: ერთადერთი ქართველი გენერალი, თქვენ რომ არა, პანკისელი ტერორისტები გადაგვყლაპავდნენ, ვერც ერთი საქმე ვერ გაიხსნებოდა... თქვენ რომ ყოფილიყავით მინისტრი, "პერევაროტებს" ვერ გაბედავდნენ! სამშობლოზე გულანთებული ერთადერთი ქართველიც ხომ თქვენ ხართ! ერთი სიტყვით, დიმიტრი ხართ, გელოვანი. ჰოდა, ჩვენ, "დაჩმორებულ" ქართველებს, ასეთი მამულიშვილი გვყოლია და მიტინგი რომ მოვაწყოთ ლოზუნგით: "დაგვიბრუნდი, კახა", დაბრუნდებით? ან თქვენი ნებით ხომ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
- (ხარხარებს) აპ აპ აპ... ერთხელ ასეთი სისულელე უკვე ჩავიდინე და მეყოფა... ჯანდაბას ჩემი თავი, თქვენ წაბრძანდით საქართველოში და მე წავეთრევი აქვე, გაჭირვებულ ევროპაში.

P.S. აი, ასეთ მხიარულ ნოტზე დავასრულეთ ინტერვიუ. მას სამხიარულოდ ნამდვილად ჰქონდა საქმე, რადგანაც ერთ-ერთ რესტორანში ბიზნესწარმატებას იტალიელ ბიზნესპარტნიორებთან ერთად აღნიშნავდა. მე კი, ისევ ყოფით თუ ცნობიერ რეალობაში დამაბრუნა განგებამ და "დიდგვაროვანი გრუზინების" სიას გადავხედე - "ა კტო სლედუიუშჩი" და გზას გავუყევი...