"ძალაუფლება რყვნის?! სამწუხაროა ანუ, სად ჩაიჭრა მარგველა", ამ სათაურით ირაკლი კაკაბაძე საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე წერილს აქვეყნებს.
პირდაპირ მინდა დავწერო იმაზე, რის გამოც ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ჩემი ბავშვობის მეგობარი გიორგი მარგველაშვილის საქციელით და რატომ ვთვლი რომ ის ქვეყნის პრეზიდენტად არ გამოდგება და სჯობია ისევ მეცნიერებაში იყოს.
მარგველას მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ჩვენ კლასელებიც ვიყავით, მერე კურსელებიც და რაც მთავარია ახლო მეგობრებიც. მერე 2000-2006 წლებში, როდესაც მე ამერიკიდან საქართველოში დავბრუნდი მე მარგველასთან ვმუშაობდი GIPA-ში, და დღესაც მიმაჩნია რომ საკმაოდ კარგი რექტორი იყო ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მახსოვს, 2000 წელს რომ ჩამოვედი და მას ვუთხარი რომ ჩემი პროფესიით (კონფლიქტების მოგვარება და საერთაშორისო ურთიერთობები) კლასების სწავლება მინდოდა, მან მაშინვე არათუ ამიყვანა სამსახურში, არამედ კონფლიქტების მოგვარების დეპარტამენტიც გამიხსნა. ცხადია, ამისთვის მისი მადლობელიც ვიყავი. გარდა ამისა, მარგველა IჩჩN-ის მიერ გამოცემული ჟურნალის "დრო მშვიდობისას" რედკოლეგიის წევრიც იყო, სადაც მე მთავარი რედაქტორი გახლდით. მოკლედ, მე და მას ბევრი რამ გვაკავშირებს - და სწორედ ამიტომაცაა ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული მასზე წერა. მე ამისგან თავი შევიკავე 2003 წელს, როდესაც ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მან "24 საათში"ჩემს წინააღმდეგ პასკვილი გამოაქვეყნა, რომელიც უფრო ნიკო რურუას ან მამუკა ხერხეულიძის დაწერილს ჰგავდა, ვიდრე თაზო ბუაჩიძის გაზრდილი ფილოსოფოსის. მისი ეს მილიტარისტულ-მამლუქური პოზიცია მე უბრალო აზრთა სხვადასხვაობად მივიღე და მასაც პატივისცემით ვუპასუხე.
ცხადია, ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, როდესაც ჩემი კლასელი და კურსელი ჯერ განათლების მინისტრად და შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატად დანიშნეს. მივულოცე კიდეც მას. გია დვალის რეფორმის ამბავშიც სიამოვნებით ჩავები, თუმცა ცოტა ხანში თვით გია იყო უკმაყოფილო იმ მხარდაჭერის არარსებობით, რომელიც მარგველასგან და საერთოდ ხელისუფლებისგან მიიღო. მე მაინც ჩავთვალე რომ ანგაჟირებას და მუშაობას აზრი ჰქონდა. ყველაფერი კი 1 მაისის აქციით დაიწყო. ეს ახალგაზრდების და პროფკავშირების მიერ მოწყობილი არაჩვეულებრივი აქცია, რომელიც პრაქტიკულად პირველი იყო 100 წლის განმავლობაში მე ჩავთვლაე რომ იყო სწორედ ის დასაწყისი, რომელიც საქართველოს სჭირდებოდა უახლოეს მომავალში, სადაც პოლიციური სახელმწიფოს და ბანკების ბანდიტიზმის შედეგად მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი ეკონომიკური მონობის პირობებშია ჩაყენებული. მეგონა რომ ახალი ხელისუფლება ამას გამოიყენებდა და დაიწყებდა სოციალური სამართლიანობის აღდგენის კამპანიას, რომელიც დიდი ხანია დაიმსახურა ქართველმა ხალხმა. ამის მერე ჩემი მეგობარი მარგველა გამოდის GIPA-ში და ამ ახალგაზრდებს ლაფს ასხამს აშკარად ბიზნეს ლობის სასარგებლოდ. აღმოჩნდა თურმე რომ ეს ახალგაზრდები "როზა ლუქსემბურგის" (რომელიც არაჩვეულებრივი ქალი და საზოგადო მოღვაწე იყო მე-20 საუკუნის გერმანიაში და არანაირად დაკავშირებული საბჭოთა ბოლშევიზმის საშინელებებთან) ოცნებას ემსახურებოდნენ. მარგველას ამ განცხადებამ შრომის კოდექსიც გააუარესა და დღეს ჩვენ გაცილებით უარესი შრომის კანონმდებლობა გვაქვს და რაც მთავარია ახალგაზრდებს მოევლინა პოლიციურ გზავნილად. "თუ კიდევ გამოხვალთ, არ დაგინდობთ, რადგან როზა ლუქსემბურგის საქმის გამგრძელებლები ხართ" - ეს იყო ამ ფრაზის ნამდვილი შინაარსი. ამ გამოთქმით ჩვენი მარგველი პირდაპირი მნიშვნელობით პეწი ბურჟუა პროპაგანდისტი გახდა, რომელმაც აშკარად დაუჭირა მხარი ჩვენს ქვეყანაში არსებულ არნახულ მონობას. ჩემთვის ცხადია, ეს შოკი იყო - იმის გათვალისწინებით რომ განათლების სფეროში მარგველამ ბევრი საინტერესო ნაბიჯი გადადგა, რაც გულწრფელად მომწონდა. მაგრამ რაც მერე მოხდა - ყველაფერმა ამან გამოჩინა, რომ მე საუბედუროდ ვცდებოდი.
მე გამოვაქვეყნე რამოდენიმე პუბლიკაცია, სადაც 1 მაისის აქციის მომწყობ ახალგაზრდებს ვაქებდი და მარგველას ამ გამოსვლას შეცდომა ვუწოდე. ეს პუბლიკაციები მაინცდამაინც არც არავის შეუნიშნავს. მაგრამ, არა მარგველას. ძალიან კარგია განათლების მინისტრი კრიტიკულ სტატიებს თუ კითხულობს, მითუმეტეს მისი მეგობრების დაწერილს. მაგრამ, მათზე მართებული რეაქციის მიცემაც უნდა იცოდეს. ჩემი ჩამოსვლის შედგომ მე ვერაფრით მოვახერხე მასთან შეხვედრა. ბოლოს ჩვენს საერთო მეგობარს, ლევან ცინცაძეს დავურეკე და ვკითხე, რა ხდება მარგველა რატომ არ მხვდება მეთქი. ლევანმა ტაქტიანად მითხრა რომ შენი სტატია მას არ ესიამოვნა და ამიტომაც არ გხვდება ალბათო. სიმართლე გითხრათ გაოგნებული ვიყავი - ვერ დავიჯერე ეს ამბავი და წერილი მივწერე თვით მარგველას. მოლაპარაკებულები ვიყავით რომ მე უნდა დამეწყო ლექციების კურსი რომელიმე უნივერსიტეტში ხელოვნებისა და პოლიტიკური მეცნიერების მიჯნაზე და განათლების სამინისტროსათვის მეთხოვა ამ ლექციების დაფინანსება. ლაპარაკი იყო ქვეყანაში მშვიდობის უნივერსიტეტის დაარსების მომზადებაზე - რომელიმე უნივერსიტეტში მშვიდობის მეცნიერების საგნად სწავლებაზეც და აგრეთვე კონფლიქტების მოგვარების კრეატიული გზების ტრენინგებზე და ლექციებზე. მოკლედ, ამ ჩემი 'როზა ლუქსემბურგის' კრიტიკული სტატიის შემდგომ ყველანაირი კომუნიკაცია გაჩერდა და პროექტებიც ცას გამოეკიდა. მართალია მარგველა უკვე პრეზიდენტის კანდიდატი იყო - მას ისევ ებარა განათლების სამინისტრო. საქართველოს განათლების სისტემას კი ძალიან ბევრი რამ უკლია დღესდღეობით - მათს შორის მშვიდობის მეცნიერებაც - სხვა სოციალურ მეცნიერებებთან ერთად. ეს ისეთი იმპერატივია, თუ გვინდა რომ გაუთავებელ ომებს და სისხლისღვრას ავცდეთ, რომ მისი აუსრულებლობა დანაშაულის ტოლფასია. ეს კარგად იცის მარგველამაც. ამის მერე ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდით, სადაც მინისტრმა განმიცხადა რომ მშვიდობის სწავლებისათვის მას თანხები სამინისტროს ბიუჯეტში არ გააჩნია და ეცდებოდა რომ ბიძინასთვის ეთხოვა ეს თანხები. დაინტერესებული უნივერსიტეტები კი ბევრია - მაგრამ დაფინანსება არ არის.ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს კი ჩემთვის მოულოდნელად მარგველამ კარტები ბოლომდე გახსნა. "შენ გიჟი ხარ და 'რიკოშეტი' ირაკლი, და შენს მენეჯმენტს მე ვერ მოვახერხებ, ამიტომაც დაფინანსებაზე ფიქრს აზრი არა აქვს." - მე და ზვიად ბოკუჩავა, რომელიც ამ საუბარს ჩემთან ერთად ესწრებოდა შოკში ჩავვარდით. თავიდან ვიფიქრე ხუმრობდა ბატონი მარგველი, ჩემი ბავშვობის ტკბილი მეგობარი. მართლაც, რაში უნდა სჭირდებოდეს ან განათლების მინისტრს ანკი მომავალ პრეზიდენტს, რომელიმე რიგითი მშვიდობის მასწავლებელი ლექტორის მენეჯმენტი? საბჭოთა კავშირიდან უკვე 21 წელე მეტია გამოვედით - მეგონა ეს საკმარისი იყო. თუმცა, ავტორიტარული ნეოლიბერალიზმი არანაკლები ბოროტებაა, მეტი თუ არა. თურმე საჭიროა პრეზიდენტმა "მენეჯმენტი" გაუკეთოს რიგით ლექტორებს. "მენეჯმენტი" გჭირდება, თორემ ერთ მშვენიერ დღეს "მოტრიალდები და მეც გამლანძღავ".ამ მისი წინადადების მიხედვით გამოვიდა რომ საქართველოში არათუ პრეკარიატს არ აქვს მუშაობის უფლება, არამედ მეც არ მაქვს - 20 წლის სტაჟის მქონე ლექტორს, რომელსაც საზღვარგარეთის ბევრ უნივერსიტეტში უსწავლებია - და რაც მთავარია ამ უფლებას უზღუდავს თვით განათლების მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი.
1984 წლის "დიდი ძმა" გამახსენდა იმის გათვალისწინებით რომ მე და მარგველა დიდი ხანია ძმაკაცები (ჟარგონზე 'ძმები') ვართ და ახლა უკვე ის გახდა 'დიდი ძმა' და გავხდი 'ღარიბი ნათესავი'. ისიც წარმოვიდგინე მე თუ ამას მეუბნებოდა ჩემი ტკბილი ბავშვობის ძმაკაცი, უბრალო მოქალაქეებს წარმომიდგენია რას ეტყვის?.. მარგველასთვის შრომის უფლება პრივილეგია აღმოჩნდა. დიდი სიამოვნებით შემომთავაზა ქვეყანაში უმუშევრად ყოფნა - და ამით თითქოს დატკბა. ამასთან ერთად ჩემი 'გიჟობა' ჩემი პედაგოგიური საქმიანობის წარმართვაში დიდ მინუსად წარმოაჩინა - აქაოდა შენნაირ ავადმყოფებს ვერ ვამუშავებო. არ ვიცი, რომელი დიაგნოზის მიხედვით დაასკვნა მარგველამ რომ მე ფსიქიურად დაავადებული ვარ - მითუმეტეს დედამისი, ქალბატონი მზია ძალიან სერიოზული ფსიქიატრია - და რატომ გადაწყვიტა რომ ეს ავადმყოფობა მე მუშაობის საშუალებას არ მომცემს. ჩემი 'ავადმყოფობის' მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ 'შენ რიკოშეტი ხარ და ბოლოს მეც დამიწყებ გინებას'. ამ ეპიზოდამდე მარგველა ნამდვილად არასდროს მიგინებია - ერთხელ უბრალოდ გავაკრიტიკე "როზა ლუქსემბურგის"ეპიზოდის გამო - ეს იყო და ეს. დანარჩენი კი მხოლოდ გულწრფელი კომპლიმენტები იყო - იმიტომ რომ ბევრ რამეში ვეთანხმებოდი. ეს არის და ეს. მაგრამ, არა საჭიროა სრული კონტროლი - როგორ შეიძლება ცოტა მაინც გაგაკრიტიკონ - პოლიტიკური 'ბელადი' ხომ კრიტიკის მიღმა დგას?!თქვენ ვერც კი ხვდებით როგორი საოცარია რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი და თაზო ბუაჩიძის სტუდენტი მარგველა ასეთ სრულ ორველიანურ კოშმარს ქადაგებს, რომ იმავე მომენტში მთლიანად ტანში გმაჟრიალა - ეს არ იყო ბრაზი - ეს იყო შეშფოთება და რაღაც გაურკვეველი შიში, როდესაც გრძნობ რომ შენი ძვირფასი მეგობარი უეცრად ძალაუფლებამ სრულიად სხვა არსებად აქცია. პირდაპირ გეტყვით, შოკის მდგომარეობაში ვიჯექი მარგველას ეზოში რამოდენიმე წუთს - შეიძლება ნახევარ საათს - ვერაფრით მივხვდი რა ხდებოდა. ვერც ჩემს გვერდზე მჯდომი ზვიად ბოკუჩავა მიხვდა ვერაფერს. ეს იყო ჩვენი კოლექტიური შოკი. რად უნდა ქართველ ხალხს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც პატარა კრიტიკას თავის ახლო მეგობრებსაც არ პატიობს და მათ ამის სანაცვლოდ ქვეყანაში ცხოვრების ჟანგბადს უჭრის?განა ამიტომ გადავირჩიეთ სააკაშვილი, რომ კიდევ ერთი ავტოკრატი მოვიდეს, რომელიც ქვეყანას ისე მართავს, როგორც საკუთარ სახანოს?რა ცამდე მართალია მიშელ ფუკო, როდესაც ამბობს რომ ნეოლიბერალიზმი ბოლშევიზმზე არანაკლები ბოროტებაა - ის ღარიბს ძარცვავს და მდიდარს ამდიდრებს და ამავე დროს მას სჭირდება ნებისმიერი ლექტორის თუ მასწავლებლის სრული ინდოქტრინაცია და გაკონტროლება.
საქართველოში, სადაც 9 წლიანი ნაცისტურ-ნეოლიბერალური რეჟიმის პირობებში ხალხის დიდი ნაწილი გაძარცვულ იქნა სხვადასხვა ბანკისა და იპოთეკარის მიერ, სადაც მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვა არავის არასდროს ახსენდებოდა - ეს უბრალოდ წინასაარჩევნო ტრიუკი იყო. დღესაც იგივე გრძელდება - როგორც ეტყობა მარგველასთვის ბანკების და სხვა 'კერძო' მესაკუთრეების ინტერესები ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ხალხის. მარგველას ავიწყდება პრუდონის ცნობილი გამოთქმა რომ: დიდი ოდენობით კერძო 'საკუთრება ქურდობაა'. ამ საკუთრების პატრონები ძირითადად სახელმწიფოს საშუალებით ძარცვავენ ღარიბებს და მათ აღატაკებენ, მერე იმონებენ ან კლავენ. მიუხედავად იმისა, რომ მარგველას ეს არ მოსწონს, მე დღესაც მიმაჩნია რომ როზა ლუქსემბურგი სწორი იყო. ისიც მიმაჩნია რომ ჩიკაგოში დაღუპული წამებულების სისლი ტყუილად არ დაღვრილა. იმისაც მწამს, რომ ქართველი ხალხი ამ მონობისთვის არ არის გაჩენილი.ხალხმა კი თვითონ უნდა მოიპოვოს თავისუფლება და თანასწორობა - მას ამას არავინ მისცემს. არც მიშა და არც მარგველა. ძალაუფლება რყვნის ადამიანებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავურბოდეთ ძალაუფლებას - და ავირჩიოთ სოლიდარობა. არ მოგვატყუოს არავინ რომ განუსაზღვრელი ინდივიდუალიზმი ჯანმრთელი გრძნობაა. ის ადამიანს ღუპავს - მას ყველა დანარჩენის მტრად აქცევს. ჰობსის კანონების მაგივრად მრავალხმოვანი სიმღერის და ადამიანური სიყვარულის კანონები უნდა ავიღოთ. მე არ მრცხვენია სიყვარულის და არც გავურბივარ ამ სიტყვას.მარგველასაც მინდა ვურჩიო რომ არ შეეშინდეს არც სიყვარულის და არც სოლიდარობის გამოწვევების. განუსაზღვრელი ინდივიდუალიზმი მას ვერ მოუტანს ხალხის სიყვარულს.პოლიტიკაში კარგი ადამიანებიც არიან - ცხადია - მაგრამ თუ პოლიტიკა არ გაძლევს საშუალებას რომ კარგი ადამიანი იყო, მაშინ უნდა წამოხვიდე პოლიტიკიდან. და გახდე ისევ ის ძველი კარგი ადამიანი, რომელიც შენს მეგობრებს უყვარდი," - წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.