"მათ, ვინც რუსეთი დატოვა, ბინებს ჩამოართმევენ“

"მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ქალაქში, სადაც 20 წელზე მეტია ვცხოვრობ, ყველაფერი შეიცვალა", - გვითხრა სანქტ-პეტერბურგში მცხოვრებმა ზაზა სიჭინავამ. მისი თქმით, თუ ადრე რუსები­ დაწესებულ სანქციებსა და გამოსავალზე, ადგილობრივი წარმოების დაწყებაზე საუბრობდნენ, ახლა რეალობა შეიცვალა...

- წლებია პეტერბურგში ერთ აქაურ ქართველთან ერთად ავტოპროფილაქტიკა მაქვს. რუსეთის არაერთ ქალაქში მიცხოვრია და პეტერბურგი მათგან განსხვავდება, ხალხიც სხვანაირია. ამიტომ აქ ცხოვრება არასდროს გამჭირვებია. უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ-სამ თვეში ვიგრძენით სანქციების შედეგი. ზოგი ამბობდა, ეს მხოლოდ დასაწყისიაო, სხვებს კი ეგონათ, რომ ეს სანქციები ხანმოკლე იქნებოდა და მალე ყველაფერი თავის ადგილას დადგებოდა. დრო გადის და ახლა ბევრისგან გაიგონებთ, რომ ყველაფერი უკან-უკან მიდის...

- ამბობენ, რომ ყველაფერი გაძვირდა.

- დიახ, ფასმა ზოგ საქონელზე 5-7 ჯერ მოიმატა. მანქანების ფასი 4-ჯერ და მეტჯერაც გაიზარდა. ხალხმა ახალი არხები გაჭრა, შემოვლითი გზებით პროდუქციის შემოტანა დაიწყეს, მაგრამ ტრანსპორტირება ძვირი ჯდება. ამას თან დაურთეთ რისკები... თავიდან, დიდი კომპანიების დაბლოკვის ან გასვლის შემდეგ, პატარა დაწესებულებებს სამუშაო მიეცათ, მაგრამ თანდათან­ ყველაფერი ისე გაძვირდა,­ უკვე აღარ ვიცი, მუშაობა ღირს თუ არა. მაგალითად, ერთ-ერთი მოდელის მანქანის­ ცალი ფარი 2 ათას დოლარამდეა,­ ეს მეორადი, ახლის ფასი უფრო მეტია. ზოგს ეშინია, რომ ფასები კიდევ გაიზრდება და ცდილობს თადარიგი დაიჭიროს, ავტომობილისთვის მალე ცვეთადი ნაწილები შეიძინოს, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ გათვლი. ჩვენი მარაგებიც იწურება და ნაცნობობით, მეგობრული კავშირების გამოყენებით, სომხეთიდან ან სხვა, მესამე ქვეყნიდან ვცდილობთ საჭირო ნაწილებისა და სამუშაო მასალის შემოტანას, რათა კლიენტები არ დავკარგოთ, რაც თავისთავად ფასს ზრდის. 21 სექტემბრის შემდეგ ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა.­ ჯერ მეზობელი ქვეყნების საზღვრებს მია­წყდნენ, ახლა სხვა გზებით ცდილობენ რუსეთიდან გასვლას. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მოსკოვში სამხედრო მობილიზაცია დასრულებულია, იმედი გაუჩნდათ, რომ იგივე არ მოხდება პეტერბურგშიც, რადგან კრემლი დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების დაწყებას ერიდება. კი ამბობენ, ამ ეტაპზე ნაწილობრივი მობილიზაცია სრული მოცულობით შესრულდაო, მაგრამ ხვალ რა იქნება,­ არავინ იცის, შესაძLლოა კიდევ დასჭირდეთ ხალხი. ამიტომ ცდილობენ თავს უშველონ. რუსებმა იციან, რომ ომის პირველმა ფაზამ ჩრდილოკავკასიელებისა და ბურიატების ხარჯზე გადაიარა, შემდეგ პატიმრები გარეკეს. ამბობენ, ციხეები თითქმის დაცლილიაო. ამ კრიზისის დროს ციხის ხარჯებიც შეამცირეს. არაერთ ციხეში რამდენიმე სართულზე საკნები მთლიანად ცარიელია, შორიდან რომ შეხედო, შუქიც არ ანთია. ეს ომის დაწყებიდან სულ რაღაც ექვს თვეში მოხდა და ხალხი შიშობს, რომ თუ დასჭირდათ, ადამიანური რესურსის შესავსებად კრემლი ახალ ხერხსაც მოიფიქრებს. ზოგისთვის მიუღებელია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა და ეტაპობრივად ცდილობს ბიზნესის თუ სხვა სახის შემოსავლები, გასაქირავებელი ბინები, სხვა ფართობები ფულად აქციოს და რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში წავიდეს. - თავად რას ფიქრობთ?

- დეკემბერში ველოდებოდი მოქალაქეობის მიღებას, მანამდე ბინადრობის უფლება მქონდა, თუმცა ახლა, რა თქმა უნდა, უარს ვიტყვი. მე კი არა, თავად რუსები ცდილობენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას. მაგრამ ბიზნესის გაყიდვა ადვილი არაა, მით უფრო, ამ ვითარებაში. ამდენი წლის ნაწვალებს წყალში ვერ გადავყრი. ამიტომ ვნახავ, როგორ წავა საქმე.

როგორც ამბობენ, ვინც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყნიდან წავიდა და სამხედრო სამსახურს თავი აარიდა, ბინებს ჩამოართმევენ მანამ, სანამ ხალხი უძრავი ქონების გაყიდვას მოასწრებს. გაგიკვირდებათ და, ამ იდეას მომ­ხრეებიც ჰყავს, რადგან პროპაგანდა კარგად მუშაობს. ვიღაცებს მართლა ჰგონიათ, რომ სახელმწიფო მათ სამართლიანად ექცევა, ვინც ამ გაჭირვებაში ქვეყანას ზურგს აქცევს, აქ ცხოვრების ღირსი არ არისო. აქაურების დიდ ნაწილს უფროსი თაობის დანატოვარი ბინები ჰქონდათ, უმეტესად კომუნალურები, გამოისყიდეს, კოსმეტიკური რემონტი გაუკეთეს და გააქირავეს. არიან ოჯახები, რომელთაც სამი-ოთხი ბინა აქვთ და კარგი შემოსავალიც.

ვისაც სამხედრო გაწვევა მიუვიდა, მაგრამ თავი აარიდეს, ქვეყნიდან წავიდნენ და რუსეთში არსებულ კომპანიებში დისტანციურად მუშაობენ, ხელფასი ებლოკებათ.პენსიები ებლოკებათ მათაც, ვინც შვილებს თუ შვილიშვილებს სხვა ქვეყანაში გაჰყვნენ.

მოკლედ, ცდილობენ არჩევანის წინაშე დაგაყენონ, ან შენს ქვეყანაში დაბრუნდები და მის წესებს დაემორჩილები, ან დაკარგავ ყველაფერს. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სხვებისთვის მაგალითი იყოს.