“ბირთვული თამაშების” კულმინაცია და ბაიდენის მკაცრი გაფრთხილება - კრემლი წვრთნებს იწყებს

“ბირთვული თამაშების” კულმინაცია და ბაიდენის მკაცრი გაფრთხილება - კრემლი წვრთნებს იწყებს

“რუსეთი სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს “გრომ 2022”-ს იწყებს, რაც აშშ-საც შეატყობინა, პენტაგონისგან კი ყველა დონეზე გაფრთხილებულია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ მომენტისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ჯერჯერობით არ დგას, თუმცა ყველაფერი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული და რუსეთს რაც უფრო გაუჭირდება, ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი უფრო იზრდება. ამასთან, როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” აცხადებს, პუტინი უკან დასახევ გზას არ იტოვებს, ყველა ფსონი უკრაინაზე დადო და აქედან გამოსვლისთვის ერთადერთი გზა ტაქტიკური იარაღი დარჩება, რაც მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება და ეს თავად რუსებმაც უნდა გაითავისონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ბირთვული თამაშების” კულმინაცია და ბაიდენის მკაცრი გაფრთხილება - კრემლი წვრთნებს იწყებს.

“აშშ-ს ეცნობა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რუსეთის რუტინული წვრთნებია”, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა. მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. “ბინძური ბომბი” უკრაინის ტერიტორიაზე. ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. “რუსეთს შედეგები როგორც ბირთვული იარაღის, ასევე “ბინძური ბომბის” გამოყენების შემთხვევაში ექნება”, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. შეერთებული შტატები მოელის, რომ სტრატეგიული ბირთვული ძალების ყოველწლიური წვრთნების დროს რუსეთი რაკეტების სატესტო გაშვებას განახორციელებს. ამერიკელი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ “ნიუ სტარტ”"-ის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ასეთი რაკეტების გაშვების შესახებ. როგორც “როიტერსი” წერს, წვრთნები პოტენციურ გამოწვევას წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ღიად დაიმუქრა, რომ რუსეთის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მისივე განცხადებით, გასული დღის დიდი ნაწილი ამ საკითხის განხილვას დაუთმო. აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ იმ ბრალდებას მოჰყვა, რომ თითქოს უკრაინა ე.წ. “ბინძური ბომბის” გამოყენებისთვის ემზადება. რამაც გარკვეული საფრთხე გააჩინა, რომ რუსეთი, შესაძლოა, ამით ამგვარი თავდასხმის დაწყების საფუძვეს ამზადებდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს. ზელენსკის თქმით, ბევრი შეიძლება ჰუმანიზმზე საუბარი, თუმცა უკრაინა ისეთ ვითარებასა და ისეთ მეზობელთან არის, “რომელსაც ძალის მეტი არაფერი არ ესმის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს “გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე”. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდება. არავის არ აქვს უბრალოდ ტერორისტივით შანტაჟის უფლება. თუ ისმის მესიჯი, რომ დარტყმა იქნება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე, მაშინ მსოფლიოს პასუხი შემდეგი უნდა იყოს: ნახე, შენ თუ ბანკოვის ქუჩას დაარტყამ, მაშინ დარტყმა იქნება იქ, სადაც შენ იმყოფები. დარტყმა იქნება იმაზე, ვინც ხალხის ხოცვის დავალებას იძლევა. თუ თქვენ ზეწოლას არ იქონიებთ თქვენს პრეზიდენტზე, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო თქვენგან იზოლირდება. მსოფლიო თქვენთან არ ილაპარაკებს, ვინაიდან თქვენ მუქარის ენაზე ლაპარაკობთ... თქვენ მხარს უჭერთ ტერორისტ ხელისუფლებას”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ “გრომ 2022” რეგულარული წვრთნებია და სხვა დროს ასეთი შეშფოთება უსაფუძვლო იქნებოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში გარკვეული კითხვები ჩნდება და თეორიული საფრთხეც არის”, - დასძენს გამოცემა.

“ეს რეგულარული წვრთნებია, რომელიც ყოველ წელს ტარდება, რუსეთი კი ვალდებულია, რომ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ქვეყნებს აცნობოს, მათ შორის აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებს. ამ წვრთნებში რაიმე განსაკუთრებული არაა და სხვა დროს ასეთი შეშფოთება არც იქნებოდა, მაგრამ უკრაინასთან კონფლიქტის კონტექსტში გარკვეული სიფრთხილეა საჭირო იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება ხაფანგში ისეა მომწყვდეული, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს, მისი რაციონალურობა ბევრი ანალიტიკოსის თვალსაზრისით, ეჭვქვეშ დგას. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, შეკითხვები იბადება: რაიმე ხომ არაა მოსალოდნელი? ამ წვრთნებს რუსეთი როგორ გამოიყენებს? ეს მხოლოდ წვრთნები იქნება თუ ამას შემდეგ რაიმე მოჰყვება? კითხვები ბუნებრივია არსებობს, მაგრამ ბუნებრივია არავინ არ იცის პუტინი სიტუაციას როგორ გამოიყენებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“დასავლეთის ლიდერებმა, მათ შორის ბაიდენმა რუსეთი ბევრჯერ გააფრთხილეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, დასავლეთისგან ძალიან მტკიცე პასუხი შეხვდება. ეს კი რუსეთშიც ესმით, თუ კრემლში საღი აზრი ჯერ კიდევ დარჩათ. ბირთვულ ომში გამარჯვებული ფაქტიურად არ არსებობს და იმედია, რომ თუ პუტინს პირადად არა, მის გარემოცვას მაინც ესმის. მით უმეტეს გლობალურ კატასტროფაზეა საუბარი, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ყველას უქადის. დასავლეთი რუსეთში ნებისმიერ გადაადგილებას, მათ შორის ატომურ იარაღთან დაკავშირებით, გამადიდებელი ლუპის ქვეშ საათობრივად აკვირდება და თუ რამე შემაშფოთებელი იქნება, უკან არ დაიხევს და ამაზე რეაქცია ექნება, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპზე პირდაპირი საფრთხე არ არსებობს. თეორიული შესაძლებლობა რა თქმა უნდა გამორიცხული არაა, მაგრამ რეალურად იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც ბოლო პერიოდში ვრცელდება, საქმე ჯერჯერობთ აქმადე მისული არაა”, - მიიჩნევს რესპონდენტი და კითხვაზე - “რამდენი პროცენტია დასაშვები, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს?” - პასუხობს:

“ძალიან ბევრი რამ რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებზეა დამოკიდებული. რუსეთს რაც უფრო გაუჭირდება, ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი მით უფრო იზრდება. პუტინს და მის რეჟიმს არ სურთ, რომ ომში დამარცხდნენ, ეს კი ყველაზე დიდი პრობლემაა, თუ რუსი ხალხი ამაში არ ჩაერია. ალბათ მოუწევთ, რომ რუსეთის პრესტიჟი, რომელიც პუტინმა უკრაინასთან ომში ფსონზე მთლიანად დადო, რაღაცნაირად აღადგინონ. პუტინს აქედან გამოსვლის ერთადრთი გზა ამ ტაქტიკური იარაღის გამოყენება რჩება, რომელსაც კატასტროფული შედეგები ექნება, არა მხოლოდ უკრაინასა და მსოფლიოსთვის, არამედ თვითონ რუსეთისთვის”.

“ამის შემდეგ რუსეთი, რომელიც დღეს იზოლაციაშია, საერთოდ გარიყული სახელმწიფო გახდება, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციის არავითარი შანსი არ ექნება, რადგან ამას 21-ე საუკუნეში არავინ არ მიიღებს და იმედია, რომ ეს რუსეთშიც ესმით. თუმცა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული უკრაინაში საომარი მოქმედებები როგორ წავა და თვითონ პუტინი რა მდგომარეობაში ჩავარდება. პუტინმა რუსეთში საზოგადოების მობილიზაცია იმ დონეზე ასწია, რომ უკან დასახევ გზასაც არ იტოვებს. ტერიტორიების ანექსირების შემდეგ განცხადება, რომ გააკეთა, ფაქტობრივად მთელი ფსონები ამ ომზე დადო. ეს ამ საქმეს კიდევ უფრო ართულებს”, - დაასკვნის კაკაჩია.