როგორ “ავერბოვკებდა” კუდ-ი ბავშვებს

როგორ “ავერბოვკებდა” კუდ-ი ბავშვებს

...მასზე ათას რამეს ამბობენ... ზოგი თვლის, რომ თვითმარქვიაა და შსს-ში, კერძოდ, კუდ-ში არასოდეს უმუშავია. ზოგიც დარწმუნებულია, რომ ფრიდონ კენკებაშვილის შვილი თუ შვილიშვილია და “სპეცსამსახურული ფანტაზიებიც” ამიტომ აქვს... ამასობაში კი, ყველას დაავიწყდა, რომ ვუნდერკინდია და 13 წლის ასაკში წიგნი დაწერა... სხვათა შორის, “ფეისბუქში” 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე, ანუ ჯერ კიდევ მანამდე დავმეგობრდით, ვიდრე ქართული მედია მასზე წერას დაიწყებდა... რამდენიმე თვის წინ, ინტერვიუზეც შევთანხმდით, მითხრა, დაგირეკავ და გეტყვი, იგორი ვარო, მაგრამ... არ დამირეკა... მაშ ასე, როგორ “ავერბოვკებდა” სააკაშვილის უშიშროება ბავშვებს, რამდენს უხდიდა აგენტებს და აქვს თუ არა ნათესაური კავშირი ფრიდონ კენკებაშვილთან? _ “ქართული სიტყვა” თემურ კენკებაშვილს ესაუბრა.

 _ თემო, რამდენი წლის ხარ?

_ ოქტომბერში 18-ის ვხდები.

_ კუდ-ში როგორ და რამდენი წლის აღმოჩნდი?

_ მაშინ 15 წლის ვიყავი. კუდ-ში კი, პრინციპში, შემთხვევით აღმოვჩნდი.

_ “შემთხვევით” რას ნიშნავს? _ ქუჩაში მიდიოდი და “შემთხვევით” შეიარე?

_ მეგობრებმა მიმიყვანეს...

_ მეგობრები კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ?

_ არა მარტო... “ნაცმოძრაობის” ელიტასთან ახლო ურთიერთობა მქონდა...

_ თემო, მშობლები ხომ გყავს?

_ კი...

_ სხვათა შორის, ამბობენ, რომ ცნობილი პოლიციელის, ფრიდონ კენკებაშვილის ვაჟი თუ შვილიშვილი ხარ. მართალია?

_ არა, მამაჩემს გაბრიელი ჰქვია და ისიც ტყუილია, ფრიდონ კენკებაშვილის შვილიშვილად რომ მასაღებენ.

_ მშობლებმა იცოდნენ, მუშაობა კუდ-ში რომ დაიწყე?

_ დიახ.

_ მერე, რა რეაქცია ჰქონდათ?

_ ძალიან ცუდი, მაგრამ ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება იყო...

_ კუდ-ში მუშაობაზე ფინანსური დაინტერესების გამო დასთანხმდი თუ შენზე, როგორც ვუნდერკინდზე ზეწოლა მოხდა?

_ ზეწოლა არ ყოფილა... მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმეა... მერე, უშიშროების აკადემიაც დავამთავრე... საერთოდ, ოპერატიული საქმიანობა კარგად გამომდის.

_ “ოპერატიულ საქმიანობაში” ვინმეს გაუპატიურებას გულისხმობ?

_ ეს ჩემი საქმე არასოდეს ყოფილა... ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას, მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად, კანონის ჩარჩოებში ვანხორციელებდი.

_ კუდ-ში შენი მუშაობის დაწყება კანონიერი იყო?

_ კი, რადგან ოპერატიულ საქმიანობაში ასაკი, პრინციპში, არ არსებობს...

_ შეიძლება, მაგრამ როცა 15 წლის მოზარდს სპეცსამსახური იყენებს, ეს, მგონი, ტრეფიკინგია...

_ ყველაფერი ჩემი სურვილით მოხდა...

_ ხელფასი რამდენი გქონდა?

_ საშუალოდ, 2 ათასი ლარი...

ვანო, ქვემო ქართლში ქსელი შევქმენი...

_ აგენტურული?

_ დიახ, რომელიც დღემდე ბრწყინვალედ მუშაობს.

_ ამ აგენტურულ ქსელში შენი თანატოლები “გააბი”?

_ არა, უფროსები...

_ და როგორ “ავერბოვკებდი”?

_ ჩვეულებრივ... საერთოდ, აზერბაიჯანული მოსახლეობა დიდ პატივს მცემდა, დღესაც მცემს და კლასიკური “ვერბოვკა” არ დამჭირვებია _ ისეთი ფსიქოლოგიური გარემო იყო, რომ თანამშრომლობაზე ყველა თანხმდებოდა...

_ ესე იგი, ხალხს ეშინოდა და იძულებული იყო, კუდ-თან ეთანამშრომლა, არა?

_ შიშის ფაქტორი ერთია, მაგრამ როცა ინფორმაციაში ფულს გიხდიან და რაღაცებით გეხმარებიან, ლოგიკურია, თანამშრომლობაზე თანახმა ხარ...

_ აგენტებს რამდენს უხდიდი?

_ ეს კანონითაა დადგენილი, თუმცა არსებობდა აგენტთა კატეგორია, რომელსაც არაფერს ვუხდიდი.

_ აგენტისთვის კანონით დადგენილი თანხა რამდენია?

_ ინფორმაციას გააჩნია... შეიძლება, ერთ ინფორმაციაში 200, ან 1000 ლარი გადაუხადო.

_ კუდ-ში მუშაობის პარალელურად, სკოლაშიც დადიოდი?

_ არა, თუმცა სამეცნიერო საქმიანობას ვეწეოდი და წიგნებსაც ვწერდი... სხვათა შორის, პირველი წიგნი რომ გამოვაქვეყნე, 13 წლის ვიყავი...

_ პირველი სერიოზული დავალება როდის მოგცეს?

_ 2010 წლის ბოლოს, როცა აგენტურული ქსელის ფორმირება დამთავრდა... საერთოდ, ჩვეულებრივი სისხლის სამართლისა და სამოხელეო დანაშაულობები, ასე ვთქვათ, მებარა...

_ 2010 წელს, ანუ როცა კუდ-ში დაიწყე მუშაობა, ხომ იცოდი, “ნაცმოძრაობა” რა საშინელებებსაც ჩადიოდა?

_ კი, ვიცოდი...

_ და კუდ-ში მუშაობაზე მაინც დათანხდი?

_ იმიტომ დავთანხმდი, რომ მაშინ ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არ არსებობდა...

_ ნანობ, რომ კუდ-ში მუშაობდი?

_ არა...

_ რატომ გადაწყვიტე, რომ თავი გაიშიფრო?

_ სამსახურიდან არჩევნებამდე ორი თვით ადრე წამოვედი. ეს ის პერიოდია, როცა შს მინისტრად ბაჩო ახალაია მოვიდა... საერთოდ, ბიძინა ივანიშვილი რომ გამოჩნდა, მივხვდი, რომ ეს კაცი მოვიდოდა, თუმცა მაშინ სამსახურიდან წამოსვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან ელემენტარულად, რაღაცას ჩამიდებდნენ და დამიჭერდნენ...

_ ესე იგი, “რაღაცას” შენც უდებდი ხოლმე, არა?

_ არა... რაღაცის ჩადება დაბალი დონის ოპერატიული მუშაკის საქმიანობად მიმაჩნია... თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაიჭირო.

_ იცოდი, რომ ადამიანებს ფარულად უთვალთვალებდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ?

_ ეს საქმიანობა, ძირითადად, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ დაიწყო _ შსს-ს “ოტო”, ანუ ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება, კატასტროფულ რეჟიმში მუშაობდა და კომპრომატებს აგროვებდა... გადაღებები, ალბათ, მანამდეც ხდებოდა, მაგრამ ასეთი სახე არ ჰქონდა...

_ თემო, კუდ-ში შენს თანამდებობას ზუსტად რა ერქვა?

_ ღრმა დაშიფვრის ოფიცერი, ანუ ოპერატიული თანამშრომელი ვიყავი...

_ ლოგიკურად, უნდა გცოდნოდა, ვთქვათ, ციხეში რა ხდებოდა...

_ ყველამ ვიცოდით, რომ ციხეში სცემდნენ და აწამებდნენ, მაგრამ ყველაფერი მსუბუქ ფორმებში წარმოგვედგინა. “ციხის კადრები” რომ გამოქვეყნდა, კუდი-დან წამოსული ვიყავი, ყოფილ თანამშრომლებს შევხვდი და, მახსოვს, ყველა ამბობდა, ეს სად გვიმუშავიაო...

_ არსებობს ინფორმაცია, რომ “ნაციონალები” ერთმანეთსაც უღებდნენ და უთვალთვალებდნენ...

_ ნამდვილად...

_ ანუ, ფარული ჩანაწერები შენზეც არსებობს?

_ ჩემზე ფარული ჩანაწერები რომ ჰქონოდათ, მას შემდეგ, რაც იქიდან წამოვედი, აუცილებლად გამოიყენებდნენ... სხვათა შორის, არჩევნების შემდეგ, გელა ხვედელიძე, რომელიც შს მინისტრის მოადგილედ დაინიშა, გადამეკიდა...

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ვაჟა ლელუაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კუდ-ის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი, უფროსი იყო, სარჩელის შეტანას ვაპირებდი. ლელუაშვილი და ხვედელიძე დიდი ხნის მეგობრები არიან და ხვედელიძეს ლელუაშვილის გაწირვა არ უნდოდა. გაჩერებული არ ვიყავი და ხვედელიძის წინააღმდეგ ვმუშაობდი. იმასაც ვიტყვი, რომ არჩევნების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი და ბევრი ინფორმაცია მივაწოდე...

_ თემო, ვიდრე ქართული მედია შენზე წერას დაიწყებდა, მითხარი, რომ ჩემთან შეხვედრა გინდოდა, შეხვედრის დროც დავთქვით და, მახსოვს, გამაფრთხილე, რომ დაგირეკავ, გეტყვი, იგორი ვარ და არ დაიბნეო... იგორი რატომ დაირქვი?

_ საერთოდ, ბევრი კოდური სახელი მქონდა, იგორი კი მაშინ დავირქვი, ხვედელიძე რომ გადამეკიდა _ ვეჭვობდი, რომ ჩემს სატელეფონო საუბრებს ისმენდა...

არჩევნების შემდეგ ვაჟა ლელუაშვილი დაიჭირეს, მაგრამ ხვედელიძემ გამოაშვებინა...

_ ახლა ლელუაშვილი სადაა?

_ სახლში და ქვემო ქართლის გუბერნატორობისთვის ემზადება. საერთოდ, ლელუაშვილის პოლიტიკური კარიერა ლევან მამალაძის დროს დაიწყო...

_ მახსოვს, მამალაძის მეჯინიბეს ეძახდნენ...

_ თავიდან ნამდვილად მამალაძის მეჯინიბე იყო, მაგრამ მერე, “გაიქაჩა” და “ნაციონალურმა” ხელისუფლებამ კუდ-ის უფროსად დანიშნა, რადგან სხვადასხვა ბინძური მეთოდით, მაგალითად, შანტაჟით ქვემო ქართლს კარგად აკონტროლებდა... მან ყველაზე ყველაფერი იცის. სააკაშვილის ხელისუფლებას სწორედ ამიტომ სჭირდებოდა. სხვათა შორის, ხვედელიძეს მისი ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნა უნდოდა...

_ ხვედელიძე “ოცნებაში”, შენი ინფორმაციით, “ნაციონალებმა” შეაგზავნეს?

_ კი...

_ თემო, ფარული კადრების გადაღება როგორ იგეგმებოდა?

_ კომპრომატი, ვთქვათ, ქალზე სჭირდებოდათ, რომელიც გათხოვილია. მას საყვარელთან იღებდნენ და მერე, აშანტაჟებდნენ, კადრებს შენს ქმარს ვაჩვენებთ და ოჯახი დაგენგრევაო...

რაც შეეხება გადაღებას, აქ რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მაგალითად, სახლში გადაღება... არსებობს ოპერატიული ღონისძიება, რომელსაც ფარული ჩხრეკა ჰქვია, რა დროსაც სხვის საკუთრებაში უნებართვოდ შეღწევა ხდება. “ფარული ჩხრეკა” კონტრდაზვერვის მეთოდია, რომელსაც კუდ-ი კომპრომატების შესაქმნელად იყენებდა...

_ და სახლში ფარული შეღწევა როგორ ხდება?

_ თავდაპირველად, ობიექტზე მეთვალყურეობა წესდება და დგინდება, სახლიდან ვინ რა დროს გადის... მოკლედ, როცა არავინ იმყოფებოდა, სახლში შედიოდნენ, ვიდეოკამერას აყენებდნენ, რომელსაც ენერგიის მუდმივი წყარო ჰქონდა...

_ ფარულ კამერებს ძირითადად საძინებლებში ამონტაჟებდნენ?

_ ადამიანისთვის ყველაზე პიკანტური საძინებელია... ფარული გადაღების მეორე ვარიანტია, როცა ადამიანს სექსუალურ პარტნიორს სპეცსამსახური ურჩევს, ანუ უგზავნის და ყველაფერს ეს შერჩეული პარტნიორი იწერს. მესამე ვარიანტი კი, ადამიანის სექსუალური პარტნიორის გადმობირებაა.

_ თემო, “ნაციონალებმა” ფარული ჩანაწერების არქივი ახალ ხელისუფლებას რატომ დაუტოვეს?

_ ეს არქივი გელა ხვედელიძეს ვაჟა ლელუაშვილმა იმ მოტივით გადასცა, რომ თანამდებობაზე დატოვებდნენ.

_ ასეა თუ ისე, მაინც, არ მეუბნები, პირველად რა დავალება მოგცეს?

_ ცნობები უნდა შემეგროვებინა...

_ თემო, გკითხე და არ მიპასუხე: არჩევნების შემდეგ თავის გაშიფვრა რატომ გადაწყვიტე _ ცოდვების გამოსყიდვას ცდილობ?

_ არა... როცა დანაშაულზე, მით უმეტეს, სისტემურზე ინფორმაციას ფლობ... გადავწყვიტე, ის, რაც ვიცი, აღარ უნდა დავმალო...

_ 2012 წლის ზაფხულამდე, ანუ როცა კუდი-დან წამოხვედი, ვერ ხვდებოდი, რომ სისტემური დანაშაულის მოწმე იყავი?

_ თავისთავად ცხადია, ვხვდებოდი.

_ ესე იგი, დანაშაულს ფარავდი...

_ მაშინ რამის თქმას აზრი არ ჰქონდა...

_ თემო, სინდისის ქეჯნას არ გრძნობ?

_ კუდ-ში მუშაობა ჩემთვის არავის დაუძალებია, თან ეს ჩემი პროფესიაა და რა უნდა მექნა? ერთია, დანაშაულებრივ სისტემაში იმუშაო და მეორეა, რამდენად ჩადიხარ დანაშაულს...

_ გასაგებია, რომ არავის აწამებდი, მაგრამ ამის შესახებ იცოდი... ისე, აშკარად, ჭკვიანი ხარ _ 2012 წლის ზაფხულში მიხვდი, რომ “ოცნება” უეჭველი გაიმარჯვებდა და, შენი ამბავი ცუდად რომ არ დამთავრებულიყო, კუდ-ი დატოვე...

_ ჩემი ამბავი ცუდად რატომ დამთავრდებოდა? მაქსიმუმ, სამსახურიდან გამოვეშვი... სხვათა შორის, 9 თვეა, უმუშევარი ვარ... დავალებული მეგობრების დაჭერა მქონდა, მაგრამ ამას არ გავაკეთებდი...

_ მეგობარი რა მოტივით უნდა დაგეჭირა?

_ რაღაც უნდა გამომეძებნა... გამოძებნა რთული არასოდესაა, მაგრამ... გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი... იყო მუქარები და პატრიარქი მეხმარებოდა...

_ ვინ გემუქრებოდა?

_ ყოფილი ხელმძღვანელობა, არაფერი თქვა, თორემ რაღაცას ჩაგიდებთ და დაგიჭერთო...

_ ...ამას წინათ, განაცხადე, შევესწარი, კუდი-დან ჩანაწერები როგორ გაჰქონდათო. ამასთან, ამბობ, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, გემუქრებოდნენ. ჰოდა, კუდ-ის შენობაში რატომღა შეგიშვეს? არ გეწყინოს და, შენი ნაამბობი ალოგიკურია...

_ მეგობრების სანახავად მივედი, თან უკვე 3 თუ 4 ოქტომბერი იყო... მათთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მე ვინ ვიყავი...

მას შემდეგ, რაც გელა ხვედელიძემ ჩემზე კომპრომატი ვერ ნახა, დაკითხვებზე დაბარება დამიწყეს.

_ დაკითხვაზე ვინ გიბარებდა და რა მოტივით?

_ არჩილ ვასაძე მიბარებდა, ლელუაშვილს თავი დაანებეო...

_ და ამ დაკითხვების შესახებ საქმის კურსში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რატომ არ ჩააყენე?

_ დაკითხვაზე დაბარება სულ სამჯერ მოხდა... ირაკლი ღარიბაშვილი უცხოეთში რომ წავიდოდა, დაკითხვაზე მაშინ მიბარებდნენ, თუმცა ვიცოდი, ვერაფერს დამიშავებდნენ...

_ თემო, შსს-ს თანამშრომლებს ბაჩო ახალაიასი გეშინოდათ?

_ კი და მისი შს მინისტრად დანიშვნა არავის ესიამოვნა...

_ იზიარებ მოსაზრებას, რომ სამალავების შესახებ ახალ ხელისუფლებას ინფორმაცია დათა ახალაიამ მიაწოდა?

_ არა... საერთოდ, სამალავებზე ლაპარაკი პირველად მე დავიწყე...

_ მიუხედავად იმისა, რომ ოეპრატიული მუშაობის გამცდილება გაქვს და ვუნდერკინდიც ხარ, არ გიფიქრია, რომ დღეს ვიღაც გიყენებს?

_ არა, რადგან ჩემთვის არავის უბრძანებია, ეს უნდა თქვაო... საერთოდ, თუ რამის გამჟღავნება არ მინდა, ვერავინ მათქმევინებს...

_ ბევრი რამე იცი?

_ კი...

_ ...რას აპირებ?

_ არ ვიცი...

_ რომ შემოგთავაზონ, სპეცსამსახურში მუშაობაზე დათანხმდები?

_ აუცილებლად...

_ როგორ აღმოაჩინე, რომ ოპერატიულ მუშაკად ხარ დაბადებული? ისე, იმის შესახებ, თუ როგორ “დაგავერბოვკეს”, სხვა ინფორმაცია მაქვს...

_ რა ინფორმაცია?

_ რა და, _ როგორც ვუნდერკინდს, შსს-ს არქივებზე მუშაობა გინდოდა და ამ დროს გადაგიბირეს...

_ არქივებზე დაშვება მას შემდეგ მქონდა, რაც მუშაობა დავიწყე...

_ როგორც ვიცი, ოპერატიულ საქმიანობაში ბავშვებს მხოლოდ რუსული სპეცსამსახური იყენებს...

_ კი, ასეა...

_ ესე იგი, სააკაშვილის სპეცსამსახურები “კა-გე-ბე”-ს მეთოდებით მუშაობდნენ, არა?

_ სააკაშვილის სპეცსამსახურებს რუსული “კა-გე-ბე”-ს მეთოდებით რომ ემუშავათ, ძალიან მაგრები იქნებოდნენ და ისე არ დაასრულებდნენ, როგორც დაასრულეს. საერთოდ, ამ საქმეში ქართული ლიტერატურა არ არსებობს. მეც ყველაფერი რუსული ლიტერატურით მაქვს ნასწავლი და, ლოგიკურია, რუსული მეთოდები ვიცი. ამერიკული ლიტერატურა წაკითხული მაქვს, მაგრამ მგონია, რომ რუსული უფრო ძლიერია... სხვათა შორის, ბოლო 20 წელიწადში, ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ პირველი წიგნი მე დავწერე... ქათულ ენაზე ლექსიკონიც შევადგინე...

_ თემო, პასპორტი არ გქონდა და ხელფასს როგორ იღებდი?

_ პასპორტი მქონდა...

_ ეს ხომ კანონდარღვევაა?

_ არა...

_ რატომ?

_ ღრმა დაშიფვრის ოპერატიული მუშაკი სხვანაირად ფორმდება...

_ კუდ-ში შენი ასაკის სულ რამდენი მუშაობდა?

_ როგორც ვიცი, სამი...

_ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კუდელი ხარ, ადამიანები თავს ხომ არ გარიდებენ?

_ ბევრისთვის არ შემიმჩნევია...

_ ვიდრე თავს გამოააშკარავებდი, მეგობრებს არ აინტერესებდათ, ფული საიდან გქონდა?

_ ფულს, როგორც წესი, ვინახავდი...

_ დედმამიშვილი გყავს?

_ არა...

_ “ნაცმოძრაობამ” ცხოვრება ხომ არ დაგიმახინჯა?

_ კუდ-ში მუშაობის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ეტაპია!

_ არ გინდა, ჩვეულებრივი 18 წლის ბიჭი იყო?

_ სურვილი არ მაქვს... ალბათ, ვეღარც ვიქნები...

_ შეყვარებული გყავს?

_ მყავდა...

_ დღეს რას საქმიანობ?

_ ძალიან საინტერესო ახალ წიგნს ვამზადებ...