“ქვემო ქართლის მოსახლეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავიანთი ინტერესების გასატარებლად იყენებენ. ხელისუფლება კი, მათ შესაჩერებლად არაფერს აკეთებს”, _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო ხალხთა ქრისტიანულ-მუსლიმანური მეგობრობის” ლიდერი მურაზ ნაგიევი. მისივე თქმით, ბოლო დროს რეგიონში რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატის, სოიუნ სადიკოვის ხალხი ძალიან გააქტიურდა. ეს ის სადიკოვია, რომელსაც რუსეთი მფარველობს და რომელსაც საარჩევნი პროგრამაში პირდაპირ უწერია, რომ მოახერხებს და მიაღწევს ქვემო ქართლის ავტონომიას,შემდეგ კი, ამ რეგიონს აზერბაიჯანს შეუერთებს... არსებული ინფორმაციით, სოიუნ სადიკოვი თავის დროზე რუსულ “ეფ-ეს-ბე”-ში მუშაობდა. ამასთან, ამბობენ, რომ მას გარკვეული კავშირი “ნაცმოძრაობასთან,” კერძოდ, ვანო მერაბიშვილთანაც ჰქონდა...
მურაზ ნაგიევი: _ სოიუნ სადიკოვი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია, რომელიც გარდაბანში დაიბადა და გაიზარდა. ის ახლა მოსკოვში ცხოვრობს და მილიარდერია. როგორც გავარკვიე, წლების განმავლობაში, უშიშროებასთან თანამშრომლობდა და ახლაც რუსეთის დავალებით მოქმედებს _ სადიკოვის გეგმები პირდაპირ პუტინთანაა შეთანხმებული.
_ სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია, რომ სადიკოვს გარკვეული კავშირი ვანო მერაბიშვილთანაც ჰქონდა, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატმა საქართველოს და, კერძოდ, ქვემო ქართლს რა საფრთხე უნდა შეუქმნას?
_ სადიკოვს საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ უწერია, რომ იბრძოლებს ქვემო ქართლის ავტონომიისთვის და შემდეგ, აზერბაიჯანს შეუერთებს. რაც უფრო მოახლოვდება აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო სერიოზული პრობლემა შეიქმნება ქვემო ქართლში. სადიკოვის ხალხს უნდა, ქვემო ქართლის მოსახლეობა აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ აამხედროს.
_ სადიკოვი საქართველოში ვისი დახმარებით მოქმედებს?
_ საქართველოში მისი წარმომადგენელი ასად ალიევია, რომელმაც მარტში, ქვემო ქართლში ახალგაზრდული აზერბაიჯანული მოძრაობა დააფუძნა. როგორც აზერბაიჯანელი და თურქი მეგობრებისაგან გავიგე, ქვემო ქართლში მუშაობს სოიუნ სადიკოვის მიერ მომზადებული სპეციალური პროგრამა, აქვთ თავიანთი დროშა, გერბი. აზერბაიჯანის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სადიკოვის მეგობრები გააქტიურდებიან, რათა რუსეთის მიერ მომზადებული გეგმა აამოქმედონ და ქვემო ქართლის ავტონომიის მოთხოვნასთან დაკავშირებით პროცესები დაიწყონ. ალიევის ხელისუფლება ამ დაჯგუფებას აზერბაიჯანში არ უშვებს და ამიტომ საქართველოდან იბრძვის. ამ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი სადიკოვის წარმომადგენელი ალახვარ იუსუპოვია, რომელიც გარდაბანში ცხოვრობს და რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს. ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებსაც კარგად იცნობს _ ხვდება პარლამენტის წევრებს, მინისტრებს. მის გარშემო გაერთიანებულნი არიან სულიერი ლიდერები, ანუ მოლები და შეიხები, ამ უკანასკნელებს კი, თითქმის ყველა ენდობა...
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს აზერბაიჯანელ პატრიოტთა კავშირს”, ამ ორგანიზაციას რუსეთი აფინანსებს და მის უკან 48 მილიონერი დგას, რომელთა შორის საქართველოდან წასულებიც არიან და აზერბაიჯანიდანაც. მათ პრეზიდენტად ილხამ ალიევი არ აწყობთ და სადიკოვის ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან. პარალელურად, ქვემო ქართლის ავტონომიისათვის მუშაობენ _ ეს ავტონომია სადიკოვისთვის პრეზიდენტობის გარანტია იქნება.
_ ამ გეგმის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცის?
_ რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაცია გავერთიანდით და 48 მილიარდერს ცარიელი ხელებით ვეჭიდავებით. სხვათა შორის, ქვემო ქართლში რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები ჩადიან, ღონისძიებებს ატარებენ და ამით მხარს სადიკოვს უჭერენ. მაგალითად, აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქამრათ რამაზანი სისტემატურად ჩამოდის საქართველოში და ქვემო ქართლის აზებაიჯანელ მოსახლეობას ხვდება. ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანის პოლიტიკურ პარტიებს რა უნდათ? ამ ფაქტს შს სამინისტრო ყურადღებას არ აქცევს.
_ აზერბაიჯანელებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები რა დაპირებას აძლევენ?
_ ამ ხალხს მიგრაციის თემა აწუხებს და პოლიტიკოსებიც ამ საკითხს სათავისოდ კარგად იყენებენ _ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ლეგალური ცხოვრების პირობები მოწესრიგებული არაა. ეს თემა სახელწიფო მეთაურების დონეზეა გადასაწყვეტი და აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები ხალხს პირდებიან, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ საკითხებს გადავწყვეტთო. ახლა, 27 არასამთავრობო ორგანიზაცია შეკრიბეს და ხელმოწერებს აგროვებენ, რომელსაც ალიევს გაუგზავნიან და მოსთხოვენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ყველაფერ ამის ორგანიზება აზერბაიჯანის მოქალაქემ რატომ უნდა გააკეთოს?
_ გამოდის, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ?
_ ამ ხალხის გამოყენებას მხოლოდ Aაზერბაიჯანი კი არა, თურქეთი და ირანიც ცდილობს. ხალხი კი დაბეჩავებულია _ აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის კუთვნილი მიწები, ყალბი საბუთებით, სხვისი საკუთრებააა. პრობლემები იყო ვაუჩერებთან დაკავშირებითაც _ სოფლის რწმუნებულებმა სიებში მხოლოდ თავიანთი ახლობლები და ნათესავები შეიყვანეს. ამის გამო მოსახლეობა ამხედრდა და ჩვენ, სრულიად გამოუცდელმა ახალგაზრდებმა შევძელით, ხალხი შეგვეჩერებინა, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ შევძლებთ, გაბრაზებული ხალხი ჩვენს სახელმწიფოს შემოუბრუნდება და სერიოზულ პრობლემას შეუქმნის! სხვათა შორის, იყო შემთხვევა, როცა 70 ათასი დოლარი გადაიხადეს და თანამდებობებზე თავიანთი ხალხი მოიყვანეს.
_ ეს როდის მოხდა?
_ როცა ხელისუფლება იცვლებოდა _ კაცმა 70 ათასი დოლარი გადაიხადა და გამგებლის მოადგილედ დაინიშნა.
_ ეს კაცი ვინაა?
_ ამის შესახებ ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, ინფორმაციას მივაწვდი.
_ მურაზ, როგორც ვიცი, გემუქრებიან...
_ სიტყვიერი შელაპარაკების დროს, მითხრეს, შვილები შეგეცოდოს, ჩვენ სააკაშვილმა ვერაფერი გვიყო და შენ ვინ ხარო...
_ სადიკოვის მიმდევრები მთელ ქვემო ქართლში აქტიურობენ თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში?
_ ადრე მთელ რეგიონს იყვნენ მოდებულნი, ახლა კი, ძველებურად ვეღარ აქტიურობენ, რადგან საშუალება აღარ აქვთ, გამგეობებსა და საკრებულოებში თავისუფლად იმოძრაონ. ამიტომ, მხოლოდ გარდაბანშიღა აქტიურობენ, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ბევრი სახელმწიფო მოხელე ფულით გადაიბირონ, რადგან თანამდებობებზე ბევრი შემთხვევითი ადამიანია დანიშნული. სხვათა შორის, ამ თემაზე აზერბაიჯანული მედია აქტიურად წერს...