2013 წლის 19 ივნისს, შსს-ს თანამშრომლებმა სამეგრელოში სამალავი აღმოაჩინეს, სადაც, დიდი რაოდენობით იარაღსა და ნარკოტიკთან ერთად, ადამიანის წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალა ინახებოდა. კადრების იდენტიფიცირების შემდეგ, ადამიანთა წამების ბრალდებით, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები _ ირაკლი ახალაია და გრიგოლ ჭითანავაც დააკავეს, რომელთაც ბრალი ზუგდიდში მცხოვრები ჩქოტუების ოჯახის მიმართ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულშიც ედებათ.
2006 წლის 16 ნოემბერს ზუგდიდში ინდმეწარმე თენგიზ ჩქოტუა დააკავეს. დაკავებამდე 2-3 კვირით ადრე, ჩქოტუას კუთვნილ ბლოკისა და ხე-ტყის სახერხ საამქროში ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი ირაკლი ახალაია და მამამისი მივიდნენ და სახლის კედლების მოსაპირკეთებელი მასალა შეუკვეთეს. მასალის საფასურმა, დაახლოებით, 1800 ლარი შეადგინა, თუმცა ახალაიებმა მოითხოვეს, რომ მასალა უფასოდ წაეღოთ. თენგიზ ჩქოტუას მამას, ანზორს და პოლიციელ ირაკლი ახალაიას მამას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდათ. ამიტომ, თენგიზი დაეთანხმა, რომ მასალას უფასოდ გაატანდა, თუმცა ახალაიას სთხოვა, რომ მასალის ზომაზე დასაჭრელი თანხა, 300 ლარი მაინც გადაეხადა. ახალაიებმა ეს შეთავაზება შეურაცხყოფად მიიღეს და იქაურობა დატოვეს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ უსასტიკესი ძალადობის, რაც ზუგდიდის პოლიციამ ჩქოტუების ოჯახის მისამართით არაერთხელ გამოამჟღავნა...
2006 წლის 16 ნოემბერს, დილით, თენგიზ ჩქოტუა ძმის ბლოკის საამქროში მივიდა. ამ დროს “ცეხში” სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები შევარდნენ. თენგიზს ეგონა, მაყაჩაღებენო... ოჯახის წევრების, ბავშვების და მეზობლების თვალწინ, პოლიციელებმა თენგიზი წააქციეს და უმოწყალოდ სცემდნენ. როცა გიორგი ყალიჩავამ თენგიზს თავზე ფეხი დაადგა, მამამ, ანზორ ჩქოტუამ მოძალადეებს სთხოვა: ააყენეთ, ნუ მოკლავთო... პოლიციელებმა თენგიზს ხელბორკილები დაადეს, ხეზე მიაბეს და ცემა გააგრძელეს. თენგიზი ყვიროდა: ,,ხელი გამიშვით, არაფერი ჩამიდოთ!” ამ დროს პოლიციელმა გიორგი ყალიჩავამ იარაღი ამოიღო და ორჯერ გაისროლა. ერთხელ _ ჰაერში, მეორედ _ ხეზე ბორკილებით მიბმული ჩქოტუას მიმართულებით. ამის დანახვაზე თენგიზის 11 წლის ძმისშვილი, ხატია ბიძისკენ გაიქცა. ამჯერად, ირაკლი ახალაიამ გაისროლა გოგონას მიმართულებით. ამ დროს თენგიზის ძმამ, კობა ჩქოტუამ დაინახა, თუ როგორ ჩაუდო ჯიბეში გიორგი ჭითანავამ თენგიზს პატარა ზომის შეფუთული მასა. კობამ შეჰყვირა: ,,რას აკეთებთ?” ამ სიტყვების გამო, თენგიზის გარდაცვალების შემდეგ, 2010 წლის ზაფხულში იგი უმოწყალოდ დაისაჯა _ დააპატიმრეს და ოჯახს, სამი თვის შემდეგ, ფსიქიკურად დაავადებული დაუბრუნდა.
თენგიზის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ზუგდიდის პოლიციამ, როგორც ადვოკატი რუსუდან ქორჩილავა ამბობს, სამი დღით უკანონოდ დააკავა მისი ვაჟი ანზორი, იგივე ბაგუტა, რომელმაც ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ამონარიდები თენგიზ ჩქოტუას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილებიდან:
“სალამი ელისო, ჩემი ცხოვრება!
როგორა ხარ, თუმცა როგორ იქნები ამ დღეში ჩავარდნილი. ჩვენს მტერს არ ვუსურვებ ამ დღეში ყოფნას. ცხოვრებაში ყველაფერზე ვფიქრობდი, კარგზე და ცუდზე, მაგრამ ბაგუტას ასეთ ნაბიჯზე წასვლას არც და ვერც წარმოვიდგენდი. პატარებს მიმიხედე. ალბათ, ღმერთი და დრო ყველას განსჯის და ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს. მადლობა გადაეცი ჩემგან ყველას, ვინც პატივი გცა და დაგვაფასა.Eელისო, გთხოვ, ვინც არ უნდა იყოს, ყველას მიმართ იყავი მიმტევებელი და თავმდაბალი, არ აყვე არავის ჭორს. ღმერთის რწმენით და ჩვენი ოჯახის, შვილების, შვილიშვილების, შეძენილი შვილების სიყვარულით ყველაფერს გავუძლებთ... თუ ამ ჯოჯოხეთიდან ცოცხალი გამოვედი, მგონი, ყველაფერს ნელ-ნელა გავართმევთ თავს. “სვიდანიაზე” რომ ჩამოვდივარ, იმდენი რამე მინდა გითხრა, მაგრამ ზოგი აზრის გაფანტვის გამო მავიწყდება, ზოგზე მე თვითონ ვარიდებ თავს ლაპარაკს მოსმენის გამო. როგორი სალაპარაკოა ნებისმიერ თემაზე, ორ საყვარელ ადამიანს შორის, როცა იცი, რომ ვიღაც მესამე გისმენს. იმდენ რამეზე მინდა მოგწერო, მაგრამ ხომ იცი, წერილებიც იკითხება. რაც შეეხება შეწყალების დაწერას, მე დანაშაული არ ჩამიდენია. შეწყალება, დანაშაულის აღიარებით, ვის და როგორ დავუწერო?Mმე, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხს სტრასბურგიდან ველოდები. ელისო, ვიცი ყველაზე მეტად ჩემი შენ გჯერა, ღმერთის და ჩემი შვილების წინაშე ვფიცავ, ბაგუტას სახელს და საფლავს გეფიცები, რომ სასჯელს, რომელსაც მე ვიხდი, არ ჩამიდენია...”
***
,,ელისო, პირველ რიგში, დამშვიდებული აზრით დაწერ იმას, რაც მოხდა ბლოკის ცეხში, ვინ როგორ მირტყამდა და როგორ მიმაბეს ხეს. მიუთითებ, ვინ ჩამიყო ხელი ჯიბეში და ვინ გაგარტყა ხელი. ასევე, იმას, ვინ დაარტყა ხელკეტი მამაჩემს. დანარჩენს სასამართლოზე იტყვი, შენ ხომ ამოიცნობ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ჭითანავას, ბულიას, ახალაიას?
ისიც მიუთითე, რომ შვილების დაღუპვით მემუქრებოდნენ. კერძოდ, ირაკლი ახალაია და იკა გაწერელია. რასაც დაწერ, ქსეროქსი გადაიღე, ერთი ეგზემპლარი შეიტანე პროკურატურაში, დანარჩენი შეინახე. ვინც ამას ხედავდა, ხელი მოაწეროს.... ის ულვაშიანი გია ყალიჩავაა”.
***
,,ჩემზე არ ინერვიულო, მე ჩემს გადადგმულ ნაბიჯს არ გადავუხვევ (შენ მაინც ხომ იცი, რომ არც ერთი საქმე, რაც შემომტენეს, ჩემი არ იყო). მე არა მარტო საოლქოში, არამედ, უზენაესშიც გავასაჩივრებ. თუ საკმარისი არ იქნება, სტრასბურგშიც”.
***
,,ელისო, ჭრილობა ქვემოთ რომ მქონდა ჩაჭედილი, გამეხსნა, მომდის ჩირქი, მაქვს გართულება, მომაქციეთ ყურადღება, ცუდად ვარ”.
***
,,ელისო, “სვიდანია” გამიკეთე, ადვოკატებს არ ვენდობი”.
რუსუდან ქორჩილავა, ადვოკატი: _ ჩქოტუების ოჯახის ისტორია შემზარავია. ქედს ვიხრი გახმაურებული მკვლელობების _ ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გირგვლიანის ოჯახების წინაშე, მაგრამ არანაკლებ მძიმეა დანაშაული, რომელიც ზუგდიდში, შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს კრიმინალური განყოფილების იმდროინდელი უფროსის მოადგილეებმა _ გიორგი ყალიჩავამ და ზაზა ლატარიამ, ამავე სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა გიორგი ბულიამ, გრიგოლ ჭითანავამ, გამომძიებელმა მერაბ შენგელიამ, პროკურორმა გრიგოლ ჭითანავამ და ირაკლი ახალაიამ ჩაიდინეს. აქედან, ორი პიროვნება უკვე დაკავებულია, მაგრამ პასუხი ყველამ უნდა აგოს, ვინც ჩქოტუას საქმესთან პირდაპირ თუ ირიბად იყო დაკავშირებული. ერთი საინტერესო დეტალი: ირაკლი ახალაია ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილე 2012 წლის ნოემბერში, არჩევნების შემდეგ გახდა.
ჩქოტუების საქმეში 2008 წელს ჩავერთე, მას შემდეგ, რაც ამ საქმემ საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანცია გაიარა და მოსარჩელე მხარე არ დაკმაყოფილდა. სხვა გზა არ იყო, სარჩელი სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში შევიტანეთ და 2013 წლის 12 ივლისს გვაცნობეს, რომ საქმე ,,ყალიჩავა-არქანია საქართველოს წინააღმდეგ” მიღებულია და დაშვებულია განხილვისათვის. სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის საქმეზე დაკავებული ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები _ ახალაია და ჭითანავა ამ საშინელი დანაშაულის პირდაპირი მოქმედი პირები არიან. 2006 წლის 16 ნოემბერს თენგიზ ჩქოტუა დააკავეს და აღკვეთის ღონისძიება 260-ე მუხლის მეორე ნაწილით შეუფარდეს, რაც ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებას ითვალისწინებდა და არა _ გასაღებას, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ნარკოტიკებს ყიდდა. ნარკოლოგიური შემოწმება ადასტურებდა, რომ დაკავებული პირი არ იყო ნარკოთრობაში. პატიმარი არ აღიარებდა დანაშაულს და არ წავიდა შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე. გაყალბებული იყო დაკითხვის ყველა ოქმი. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი პატიმარი ისეთი ნაცემი იყო, რომ რამდენჯერმე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანა. 28 დეკემბერს კი, იძულებული გახდნენ და ზუგდიდში, საავადმყოფო ,,რესპუბლიკაში” ოპერაცია გაუკეთეს, რადგან პატიმარს ცემისგან თიაქარი ჰქონდა გახეთქილი.
2008 წელს, როცა გამოძიების დოკუმენტებს გავეცანი, ვნახე, რომ სასწრაფო დახმარების სამედიცინო დასკვნებში ერთი და იგივე დიაგნოზი ეწერა: სინდრომის ტკივილი. როცა დავინტერესდი, ეს დიაგნოზი რას ნიშნავდა, სასწრაფო დახმარების ერთმა ექიმმა მითხრა, აბა, სხვა დიაგნოზი რომ დამეწერა, აქ აღარ ვიქნებოდიო.
_ თენგიზ ჩქოტუა საპატიმროში გარდაიცვალა?
_ თენგიზი საავადმყოფოდან საავადმყოფოში გადაჰყავდათ, საპატიმროდან საპატიმროში დაათრევდნენ. ბოლოს, ორთაჭალაში, სასჯელაღსრულების ნომერ პირველ დაწესებულებაში მოხვდა, ,,კრიტს” რომ ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ ძველი, ბინძური და საშინელი ციხე იყო, იქიდან სხვაგან, გარემონტებულ ციხეში გადასვლა ერთ პატიმარსაც არ უნდოდა იმიტომ, რომ ციხის მაშინდელი ხელმძღვანელი სერგო კეკელაშვილი პროფესიონალი, საქმის მცოდნე, ჭკვიანი, კეთილშობილი ადამიანი იყო. იგი გიორგი ტუღუშმა გაათავისუფლა, ახალი ხელისუფლება კი, მისი უკან დაბრუნებით არ დაინტერესებულა. მან იცოდა თენგიზის ჯანმრთელობის შესახებ და უყურადღებოდ არ ტოვებდა. ერთხელაც, დამიძახა და მითხრა, აქ ცოდოა, გავუშვათ სხვაგან, იქნებ, ჰაერზე ყოფნა ჯობდეს მისი ჯანმრთელობისთვისო. ერთი თვის შემდეგ, ქსნის ციხეში მოვინახულე თენგიზი და შემეხვეწა, სთხოვე სერგოს, უკან დამაბრუნოს, თურმე, სამოთხეში ვყოფილვარ და არ მცოდნიაო. იანვრამდე უკან დაბრუნება არ ხერხდებოდა... დეკემბერში აღელვებულმა ცოლმა, ელისო არქანიამ დამირეკა, თენგიზი კვდებაო.Qმაშინვე გავქანდი საპატიმროსკენ, ქსნის ციხის დირექტორი რობერტ არაქელოვი კაბინეტში ჩაიკეტა და არ მიმიღო, ექიმები დაიმალნენ. ბოლოს, ღვთისნიერი მედდა გამოჩნდა და მითხრა, თენგიზი “რეზბალნიცაზე” წაიყვანესო. მივხვდი, რომ ცოცხლებში აღარ ეწერა. “რეზბალნიცაზე” თენგიზი გვამურ მდგომარეობაში, მენინგიტის უმძიმესი ფორმით გადაიყვანეს. ქსნის საპატიმროში, ორი კვირის განმავლობაში, ავადმყოფს დახმარება არავინ აღმოუჩინა. თენგიზ ჩქოტუა 2009 წლის 26 დეკემბერს, 45 წლის ასაკში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.
_ თენგიზ ჩქოტუას ვაჟი რა მიზეზით დააკავეს?
_ ანზორი, ანუ ბაგუტა, როგორც შინაურები ეძახდნენ, 2006 წლის დეკემბერში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. სამი დღე უკანონოდ გაატარებინეს იზოლატორში, მერე, გამოუშვეს, შეცდომა მოხდა, თურმე, პლასტმასის იარაღი ჰქონდაო. ბიჭი საშინლად დათრგუნული იყო, არაფერს ამბობდა იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა ის სამი დღე, საკუთარ თავში ჩაიკეტა, ხელი აიღო ბიზნესზეც. 2009 წლის მაისში, მეუღლესთან ერთად, მეგობრებს ესტუმრა, შინ დაბრუნებულმა კი, ღამით, აივნის რიკულებზე თავი ჩამოიხრჩო. დღემდე არავინ იცის, რა მოხდა, რამ გადაადგმევინა 21 წლის ახალგაზრდას ასეთი საბედისწერო ნაბიჯი. ამ დროს თენგიზი სასჯელაღსრულების ნომერ პირველ საპატიმროში იმყოფებოდა. ციხის უფროსი სერგო კეკელაშვილი საშინლად განიცდიდა მის უბედურებას, დამიბარა და მითხრა, იქნებ, მოვახერხო, დეპარტამენტიდან ნებართვა გამოვითხოვო და თენგიზი გასვენებაში წავიყვანოთო,Aმაგრამ ამ პერიოდში ,,უცნობს” რაღაც აქციები ჰქონდა რიკოთის გვირაბთან და დეპარტამენტმა კატეგორიული უარი გვითხრა...
_ კობა ჩქოტუას ბედი როგორ წარიმართა?
_ 2010 წლის ზაფხულში კობაც დააკავეს, რომელმაც თავის დროზე დაინახა, თუ როგორ ჩაუდო ჭითანავამ მის ძმას ნარკოტიკი. ამჯერად დაკავების მიზეზი გამოგონილი უფაქტურო საბუღალტრო ოპერაცია გახდა. საპროცესო გარიგება შედგა, ანზორ ჩქოტუამ ფული გადაიხადა შვილის გასათავისუფლებლად და როცა კობა ჩქოტუა შინ მიიყვანეს, ოჯახი გაოგნდა: ჯანმრთელი, საღსალამათი კაცისგან, დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი შერჩათ. ციხიდან სახლთან მანქანით მიიყვანეს, მაგრამ არ ჩამოდიოდა... დღეს 42 წლის კობა ქმედუუნაროა, ჭკუიდან გადასული... ზუგდიდის იზოლატორში მყოფი პატიმრები ჰყვებოდნენ, როცა კობას აწამებდნენ, ისეთი საშინელი ხმით ღრიალებდა, რომ სულით ხორცამდე შეძრულნი ვკიოდით და ვეუბნებოდით ჯალათებს, ხალხი არ ხართ, ასეთს რას უშვრებით ამ კაცსო?! ამ გამოსარჩლების გამო ჩვენც გვცემდნენო. ასე დააქციეს ოჯახი. 2008 წლიდან ვცდილობ, კანონით დადგენილი წესებით, ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს მივაღწიე.
2006 წელს ჩქოტუას ჩაუტარდა სასამართლო ექსპერტიზა, მაშინ ამ საქმეს ადვოკატი დავით დადიანი უძღვებოდა, მაგრამ საქმე შეწყვეტილი იყო ამ პოლიციელების მიმართ. თენგიზის გარდაცვალების მერე, გაცემული იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზად მენინგიტი ეწერა, გარდაცვალების მოწმობაში კი, _ გულსისხლძარღვთა უკმარისობა.
პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების გამომძიებელი ნიკოლოზ დგებუაძე 2009 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისამდე იძიებდა თენგიზ ჩქოტუას გარდაცვალებას და გამოიტანა დადგენილება, რომ ჩქოტუას საქმეში დარღვევა არ არსებობს _ უმკურნალეს, მაგრამ ავადმყოფი იყო და გარდაიცვალა.
_ ქალბატონო რუსუდან, სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოკადრებში შესაძლოა, ჩქოტუების წამებაც იყოს ასახული?
_ შესაძლებელია... ეს კადრები მტკიცებულებაა. ვიდეოკადრების ნაწილი ჟურნალისტებმა და პარლამენტარებმა ნახეს.. ვთხოვე შს მინისტრს და გენერალურ პროკურორს, მე, როგორც ადვოკატს, დამრთონ ნება, იდენტიფიკაციის მიზნით, ვნახო სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი წამების კადრები. კანონის შესაბამისად, მოხდეს გამოკვლევა, არის თუ არა ამ ვიდეოჩანაწერებში ასახული კობა ჩქოტუას, ან ანზორ ჩქოტუას (ბაგუტას) წამება ზუგდიდის იზოლატორში. იქნებ, ახლა მაინც მოეფინოს ნათელი საიდუმლოს, რის გამო მოიკლა თავი 21 წლის ანზორ ჩქოტუამ?
_ მაინც, რა იყო რეალური მიზეზი, რისთვისაც ჩქოტუების ოჯახი ასე დაისაჯა?
_ საიდუმლო არაა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რიგრიგობით აყაჩაღებდა ბიზნესმენებს. ანზორ ჩქოტუას ვერაფერი მოუხერხეს, იცოდნენ, რომ ეკონომიურად ძლიერი ოჯახი იყო და მიზეზს ეძებდნენ, თუ როგორ წაერთმიათ ქონება. როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში დამნაშავე პოლიციელების დასჯისთვის ვიბრძოდი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორს როლანდ ახალაიას მივმართე, მაგრამ არ მიმიღო და შემომითვალა: ,,გადაეცით, სამეგრელოს საზღვარზე პირადად მაგას შლაგბაუმს დავუყენებო...”
ერთხელ, სასამართლო პროცესი მქონდა ზუგდიდში, რომლის დამთავრების შემდეგაც გარეთ გამოვედით და ხალხში ჩოჩქოლი ატყდა: ,,მეფე მოდის, მეფე მოდისო!” _ რამდენიმე “ჯიპი” გაჩერდა და როლანდ ახალაია გადმოვიდა. ამ სცენით აღშფოთებული გარშემომყოფებს ვეკითხებოდი, ხალხო, რამ დაგაბეჩავათ, რა ,,მეფეზე” ლაპარაკობთ-მეთქი? ყველანი შემომეცალნენ, რადგან პროტესტის მოსმენისაც ეშინოდათ. ,,ნაციონალები” მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ქვეყნის სათავეში 30 წლით მოვიდნენ; ძალისმიერი მეთოდებით თესავდნენ შიშს და ყველას, ვინც წინააღმდეგობის გაწევას გაბედავდა, სამაგალითოდ სჯიდნენ. ქსნის საპატიმროში თენგიზს შვილებით ემუქრებოდნენ, მოითხოვდნენ, სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოეტანა, რატომ უნდა დაისაჯოს საქართველო, აღიარე დანაშაულიო, მაგრამ თენგიზი არჩადენილი დანაშაულის აღიარებაზე უარს ამბობდა, არ უნდოდა, გარეთ გამოსულს, სამი შვილის მამას, ,,ნარკოტიკების გამსაღებლის” სახელით ეცხოვრა. გამოძიების მასალებში დევს, რომ არ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. ქართველი სამართალდამცავების, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყოს. დღეს თუ ხვალ, სტრასბურგი, რა თქმა უნდა, ვერდიქტს გამოიტანს, მაგრამ რატომ არ უნდა დასაჯოს ქართულმა მართლმსაჯულებამ დამნაშავე, რატომ უნდა ეპატიოს ოჯახის განადგურება და ამოწყვეტა თავგასულ სამართალდამცავებს, რომლებმაც ჩაიდინეს რამდენიმე სახის დანაშაული: ცემა, წამება, სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტება.
თენგიზ ჩქოტუა და ელისო არქანია სოხუმში გავიცანი, როცა ისინი სუბტროპიკული ინსტიტუტის ქორეოგრაფიულ ანსამბლში ცეკვავდნენ. ეს იყო სამი ვაჟის აღმზრდელი შესანიშნავი ოჯახი. დღეს ისინი სულიერად, ფიზიკურად, მორალურად განადგურებული ადამიანები არიან _ საკუთარ სამშობლოში თანაქალაქელებისგან, საკუთარი ჯიშისა და ჯილაგისგან ამდენი დაუმსახურებელი ბოროტება მიიღეს!