“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბათუმის რაიონულ პროკურორ არსენ ხიჯაკაძესა და პროკურორ შოთა ხორავას დანაშაულებრივ ქმედებაში ამხელს. მეტიც, მჟავანაძე ამბობს, რომ ბათუმის პროკურატურა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობს. “ეს პროკურორები ისევ ძველი მეთოდით მუშაობენ და ამის დასტურად კონკრეტული საქმის მოყვანა შემიძლია _ დაზარალებულ მარინე მჟავანაძეს კერძო აღმასრულებელმა მაია ზოიძემ უძრავი ქონება უკანონოდ გაუყიდა, პროკურორები კი, ზოიძეს ხელს აფარებენ”, _ ამბობს მჟავანაძე და იუსტიციის სამინისტროს გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობისა და მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლის სამმართველოებს განცხადებით მიმართავს, რათა ზემოხსენებული პროკურორების საქმიანობა შეისწავლონ.
ნიკოლოზ მჟავანაძე, “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი: _ მარინე მჟავანაძეს კერძო აღმასრულებელმა მაია ზოიძემ უძრავი ქონება კანონის დარღვევით გაუყიდა. ბათუმის რაიონული პროკურორი არსენ ხიჯაკაძე და პროკურორი შოთა ხორავა კი, კერძო აღმასრულებელს ხელს აფარებენ.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ საქმეში კონკრეტული ფაქტები დევს, რომლებიც ამ პროკურორებს დანაშაულში ამხელენ. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გავახმაურე, მეორე დღეს, დაზარალებული მარინე მჟავანაძე დაიბარეს და მასზე ზეწოლა მოახდინეს... ეს პროკურორები ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობენ და ცდილობენ, მისი იმიჯის დაზარალებას ცდილობენ. ბათუმში ჩასულ პრემიერს სწორედ მათი არაკანონიერი ქმედებებით განაწყენებული ხალხი შეხვდა...
მოკლედ, ვიდრე ხიჯაკაძისა და ხორავასნაირი პროკურორები იქნებიან, ხალხი უსამართლობაში იცხოვრებს. ასეთი პროკურორები, თავიანთი უკანონო ქმედებებით, „ქართულ ოცნებას“ და, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილს სახელს გაუტეხენ!
_ თქვენი ინფორმაციით, კერძო აღმასრულებელ ზოიძის მიმართ პრეტენზია სხვა მესაკუთრეებსაც აქვთ?
_ დიახ, უამრავი ადამიანი მიკავშირდება და ზოიძის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამს. წესით, პროკურორებს ზოიძის საქმიანობა უნდა გამოეძიებინათ, მაგრამ პირიქით იქცევიან და მას ხელს აფარებენ, რაც თავისთავად დანაშაულია.
სხვათა შორის, არსებობს ეჭვი, რომ ამ საქმეში სხვა მაღალჩინოსნებიც მონაწილეობენ _ იმ ადგილას, სადაც ქალბატონ მარინე მჟავანაძის სახლი დგას, დიდი კორპუსის აშენება იგეგმება. ამის გამო, როგორც ჩანს, ზოგიერთებს მადა გაეხსნათ და სამართალზე თვალს ხუჭავენ”.
“ქართული სიტყვა” კომენტარისთვის ბათუმის პროკურორ არსენ ხიჯაკაძეს დაუკავშირდა, რომელიც ნიკოლოზ მჟავანაძის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს: “მარინე მჟავანაძის საქმე თავიდან ბოლომდე ობიექტურად გამოვიძიე _ მჟავანაძის ყველა განცხადება, რომელიც განვიხილე, საქმეში დევს და შეუძლია, ნებისმიერმა ზემდგომმა ორგანომ გაითხოვოს. ცამდე მართალი ვარ და არაფრის მეშინია!“