ივანიშვილი მთავარ ოპოზიციად

ივანიშვილი მთავარ ოპოზიციად "რესპუბლიკელებს" ამზადებს?

3 ივლისს ქართული პრესისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საინტერესო "წამოცდენა" გამოუვიდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ პოლიტიკური გვამი გახდება, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის ადგილი თავისუფალი არ დარჩება და თავად სახელისუფლებო კოალიციას აქვს იმის პოტენციალი, რომ ოპოზიციის ნიშაც მასში შემავალმა პარტიებმა დაიკავონ.

ეს მოსაზრება ეხმიანება ივანიშვილის თავდაპირველ განცხადებებს, როცა ის ქართულ პოლიტიკაში აპირებდა შემოსვლას. მაშინ ბ-ნი ბიძინა ახსენებდა "შუაზე გაკრეფას", ანუ მისი აზრით, პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა დარჩენილიყო მხოლოდ ივანიშვილის კოალიცია და ნაციონალური მოძრაობა. ახლა კი "ლოგიკურად" გამოდის, რომ თუ "ნაციონალები" საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო დასუსტდებიან და დაკარგავენ ოპოზიციის ადგილს, მაშინ ეს ნიშა თავად ბიძინას მოკავშირე პარტიამ ან პარტიებმა უნდა დაიკავონ.

ამგვარად, როგორც ჩანს, ივანიშვილი აპირებს არათუ ყველა სახელისუფლებო შტოს კონტროლს (საპრეზიდენტო არჩევნებზე "პლასტელინად" თვითგამოცხადებული გ. მარგველაშვილის მხარდაჭერით), არამედ ოპოზიციის ადგილსაც საკუთარ კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის იმზადებს. ამით ბიძინა ივანიშვილი თვით სააკაშვილის რეჟიმზე უფრო მეტად მონოპოლიზებულ პოლიტიკურ გარემოს შექმნას დაუდებს საფუძველს, რაც, ჩვენი აზრით, არ უნდა იყოს სასარგებლო დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.

ასევე ეს ფაქტი არ იქნება კარგი აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისთვის და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს დაბალანსებისთვის. ძალზე საეჭვოა, რომ მოსახლეობაში თითქმის ნულოვანი რეიტინგის მქონე "რესპუბლიკელები", ან თუნდაც ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები", რომელთა შესვლა პარლამენტში მთლიანად ივანიშვილის რეიტინგის და მხარდაჭერის ხარჯზე მოხდა, შესძლებენ რეალური ოპოზიციის როლის შესრულებას საქართველოს პოლიტიკაში.

ამ პარტიებს მხოლოდ დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერის იმედი შეიძლება, ჰქონდეს, რის სანაცვლოდაც აუცილებლად მოახდენენ იმგვარი თემების აქტუალიზებას მომავალში, როგორებიცაა ყბადაღებული "გეი-აღლუმების" გამართვა, "ლგბტ-აქტივისტების" მხარდაჭერა, მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსის გაუქმება და მრავალი სხვა. ეს თემები მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, მაგრამ მათ გატანას და დაკანონებას კიდევ უფრო აქტიურად შეეცდებიან. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, აუცილებელია პოლიტიკური ოპოზიციის ნიშა, ან პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე იქნებიან პასუხისმგებელი და მის ინტერესებს გაითვალისწინებენ.

დღეისათვის ამგვარი პოლიტიკური ძალის ყველაზე რეალურ კანდიდატად უდავოდ უნდა ჩაითვალოს ნინო ბურჯანაძე და მისი "დემოკრატიული მოძრაობა". თუკი სწორედ ბურჯანაძე და არა "რესპუბლიკელები" ან ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, მაშინ ის მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესების წინაშე იქნება პასუხისმგებელი და არა ცალკეული დასავლელი სპონსორების წინაშე. შესაბამისად, გამორიცხულია ნინო ბურჯანაძის მხრიდან იმგვარი თემების ლობირება და მხარდაჭერა, რომლებიც ძირს უთხრის ქართულ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახის ინსტიტუტს, საქართველოს ეკლესიას და ა.შ.

კიდევ უფრო მეტად იქნება ქართველი ხალხის ინტერესები გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც სააკაშვილივით კრიჭაში კი არ ჩაუდგება მინისტრთა კაბინეტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ დააბალანსებს მას და ითანამშრომლებს პრემიერ-მინისტრთან საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. დღევანდელი სიტუაციით, ასეთ კანდიდატურას ისევდაისევ ნინო ბურჯანაძე წარმოადგენს. ბურჯანაძის არჩევა საბოლოოდ დაასრულებს ქართველი ხალხისთვის მიუღებელ და გარედან თავსმოხვეულ "კოჰაბიტაციის" პროცესს, რეალური გახდება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ამავე დროს, მთავრობის მუშაობას პარალიზება ან საბოტაჟი არ დაემუქრება პრეზიდენტის ხუშტურების გამო. თავად ივანიშვილის ინტერესებში უნდა იყოს მოვლენათა ამგვარი განვითარება, თუკი ის მართლაც მრავალპარტიული და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნას გეგმავს საქართველოში.