ჩემი ღრმა რწმენით, ჟურნალისტებს ზოგჯერ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჟურნალისტიც ადამიანია და ემოციის ჩახშობა მასზეც უარყოფითად აისახება. ასე რომ შევიტყვე, რომ არასრულწლოვანზე სქესობრივი ძალადობის ფაქტზე მეოთხედ უნდა დამეწერა, ქვეყნად ყველაფრის სურვილი დავკარგე. თუმცა გამახსენდა რა ის ათიათასობით ამ თემაზე დაწერილ სტატიებზე ათიათასობით ადამიანის გამოხმაურება, რომლებიც პედოფილიის წინააღმდეგ კანონის უკიდურესად გამკაცრებას მოითხოვენ, წერას მაშინვე შევუდექი, - ეს დიდი ძალაა. დიდი ძალა კი ერთხელაც შედეგს აუცილებლად აღწევს. ასე დავიწყე წნორში ინფორმაციის ძებნა - სწორედ წნორში მოხდა პედოფილიის მორიგი ამაზრზენი ფაქტი - 52 წლის მამაკაცმა 10 წლის გოგონაზე სქესობრივი ძალადობა განახორციელა.
კახეთში ბოლო ბოლო სამი თვის განმავლობაში არასრულწლოვნებზე სქესობრივი ძალადობის ხუთი შემთხვევა მოხდა. სიღნაღის რაიონში მომხდარი ამაზრზენი შემთხვევის სცენარსაც ფორმა ჰქონდა განსხვავებული სხვა მსგავსი დანაშაულებებისაგან, თორემ შინაარსით აქაც ზუსტად ისევე მიეტანა 52 წლის მამაკაცი სოციალურად დაუცველ 10 წლის ბავშს, როგორც სხვა დროს. შემდეგ კი მეზობლების თქმით ამ თემაზე თავისივე სახლში საქეიფოდ მოწვეულ ერთ-ერთ მეზობელთან რიხით საუბრობდა:
შ. მ. :
- მე ამ უბედური ბავშვის და იმ არაკაცის მეზობელი ვარ. ნეტავი იმ სახლისაკენ, რომლეშიც ეგ ცხოვრობდა, არასოდეს გამახედა. ეს ნაძირალა ორი წლის წინ გადმოსახლდა ახმეტიდან წნორში. იქაც ალბათ რამე არაკაცური ჩაიდინა, თუ არა ამ ხნის კაცს რა რჯიდა, რატომ უნდა წამოსულიყო იქედან და აქ ნაქირავებ სახლში ეცხოვრა. თანაც უცოლშვილოდ. ჩვენ ასე გვითხრა, ჩემი ცოლ-შვილი უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულებიო, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ ეს ნაძირალა იქნებ მათაც სახლიდან გამოაგდეს. ეს ბავშვი და ბებიამისიც თავის ნაქირავებ სახლში ჰყავდა შეხიზნული ნათლიაობის საბაბით. ამ ბავშვს პატრონი არა ჰყავს, ღატაკ და თანაც ისეთ ბებიასთან ჰყავდათ მიტოვებული მშობლებს, რომელსაც ჭკუა არაფერზე მოეკითხება. არა მგონია, ან მშობლები იყვნენ ნორმალურები, თორემ ბავშვი ასე უპატრონოდ როგორ უნდა მიაგდო. ამ სიღატაკის გამო მიუხოხდა ალბათ ეს არაკაცი ამ ავადმყოფ ქალს, - ვითომ გპატრონობთო და რაღაც იაფფასიანი ხარა-ხურა საჩუქრები და სათამაშოები მიუთრია. და იმ ბებიამაც თავისი ჭკუით, ბავშვს ვითომ პატრონი უშოვა და მოანათვლინა, თანაც მასთან დამკვიდრდნენ საცხოვრებლად - უფრო გაუიოლდა იმ არამზადას ეს არაკაცობა, - ბავშვი შეიჩვია და მერე ეს საზიზღრობა მოუწყო, თან მთელი ზამთარი ამასთან იყო და რომ ვფიქრობ, რას უკეთებდა, თმები ყალყზე მიდგება.
- წინასწარი ინფორმაციით, ამ მოძალადემ გოგონასათან 2013 წლის 2 ივლისს დაამაყარა სქესობრივი კონტაქტი. ბავშვმა ეს მოგვიანებით განუცხადა ოჯახის წევრს.
- მე არ მინდა ეს ვთქვა, რომ იმ ნაძირალამ მოახერხა რაც უნდოდა. მაგრამ რაც მოხდა იმას გეტყვით, - ამ არაკაცს სხვა მეზობელი ჰყავდა მიწვეული დასალევად და რომ დათვრა, ეტყობა ვეღარ შეიკავა თავი და ხმამაღლა უყვებოდა ამ ამბავს, ასე და ასე ვუქენიო. ის კაცი რომ აღრიალდა, ეს ხმა ჩემმა ცოლმა და სხვა მეზობელმა გაიგონა და მათ გამოიძახეს მაშინვე პოლიცია. პოლიციამ ისე წაიყვანა ის ნაძირალა, ეს ამბავი ხალხს არ გაგვიგია, თუმცა მერე გამოვიდა ხმა, რომ უარობდა, მე არაფერი გამიკეთებიაო! დაწერეთ ჟურნალისტებმა, - არ შეიძლება, კანონი შეიცვალოს და ასეთ ნაძირალა პედოფილებს დახვრეტა მიუსაჯონ?”.
ლ. გ:
-ეს ლაპარაკი, ის ნაძირალა რომ ჰყვებოდა სუფრაზე, ამ ბავშვის ბებიასაც ესმოდა. საწყალი, როგორიც არის, თავისი შვილიშვილი უყვარს და ბავშვი ასეთი რამისთვის არ ემეტებოდა. მივარდნია შვილიშვილს, მართლა ასე მოხდაო? და იმასაც ყველაფერი მოუყოლია. ალბათ იმასაც ხვდება, რომ ასეთ დრეში საცოდავი ბავშვი თვითონ ჩააგდო, მაგრამ აბა, რაღა დროს. ამ უბედურ ბავშვს აქამდეც საცოდავი ცხოვრება ჰქონდა და მომავალი რაღა ექნება! რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა ავიშოროთ ასეთი უბედურებები თავიდან ჩვენ უკვე ვეღარ ვხვდებით. ”
"ბრალდებულიც და არასრულწლოვანიც სიღნაღის რაიონის მაცხოვრებლები არიან. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო და დავაკავეთ მამაკაცი, რომელსაც ბრალი უკვე წაეყენა. უახლოეს პერიოდში არასრულწლოვანს ექსპერტიზაც ჩაუტარდება", - განაცხადა კახეთის საინფორმაციო
ცენტრს სიღნაღის პროკურორმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.