თამაშობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი შევარდნაძის თამაშს და რა კითხვები უჩნდება სალომე ზურაბიშვილს პრემიერის მისამართით
პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნამ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. მეტიც, ექსპერტების ნაწილი სამართლებრივ დარღვევებზე ალაპარაკდა და მიხეილ სააკაშვილისგან არჩევნების თარიღის შეცვლაც მოითხოვა, რაზეც პრეზიდენტი ყველასგან მოულოდნელად დათანხმდა _ საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. როგორ აფასებს საკუთარ შანსებს არჩევნებში და რატომ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ედუარდ შევარდნაძის თამაშს თამაშობს, ,,ვერსიას’‘ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა:
_ ნაციონალური მოძრაობა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ხელოვნურ სირთულეებს ყოველთვის ქმნიდა, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. სააკაშვილის თავდაპირველი გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, ხუთშაბათს ჩატარებულიყო, სწორედ იმას ემსახურებოდა, ემიგრანტებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა გართულებოდათ. სააკაშვილმა იცის, რომ ხალხი მას დიდი ხანია აღარ ენდობა, ამიტომ კიდევ ერთხელ ცდილობს მოქალაქეების დამცირებას. მეტიც, პრეზიდენტი მზად იყო, პირადი შურისძიების გამო, საარჩევნო კოდექსიც დაერღვია.
_ არჩევნებზე სხვა პრობლემებიც იკვეთება _ ახალ ხელისუფლებას ცესკო-ში ვითარების შესაცვლელად არაფერი გაუკეთებია. საარჩევნო სიებიც კვლავ გამოსასწორებულა. ამ ფონზე, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდება?
_ დიახ, ჩემთვისაც გაუგებარია ამ მიმარულებით ხელისუფლება რატომ პასიურობს. ყველამ იცის, რომ საარჩევნო სიები გაყალბებულია, თუმცა არავინ ზრუნავს მომავალი არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად. არადა, უკვე იკვეთება ნიშნები, რომ მომავალ წელს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება. ხელისუფლებიდან ნაცმოძრაობის ლეგიტიმურად განდევნის ერთადერთი გზა არჩევნებია. ამას ვერ მოვახერხებთ, სანამ საარჩევნო სისტემა რეალურად არ გაიწმინდება და ხარვეზებიც არ გამოსწორდება. სამწუხაროდ, ამის ნება ხელისუფლებას, ჯერჯერობით არ აქვს. არ ვიცი, რას ელოდებიან!
_ საპრეზიდენტო მარათონში ოფიციალურად ჩაერთეთ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი ბრძოლა მარგველაშვილსა და ბურჯანაძეს შორის გაიმართება. თქვენი შანსები როგორია?
_ მე კი მგონია, გიორგი მარგველაშვილისა და ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო კანდიდატებად დასახელება წარსულის თამაშს ჰგავს _ ორივე შევარდნაძის მემკვიდრეა. დარწმუნებული ვარ, ამ თამაშს ამომრჩეველი საკადრის პასუხს გასცემს! მანამდე კი, ჯერჯერობით იმ მესამე ადგილით ვარ კმაყოფილი, რომელიც ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად დაფიქსირდა. საქართველოში უკვე სამი წელია არ ვიმყოფები. წინასაარჩევნო კამპანიაც ჯერ არ დამიწყია. არც პარტია მაქვს და ბუმბერაზ, განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობებისა და ადმინისტრაციული რესურსების მქონე პარტიებს შორის მესამე ადგილი დავიკავე. ალბათ, მსოფლიო ისტორიაში პირველად ხდება, რომ კანდიდატი ,,ფეისბუქის’‘ საშუალებით აღწევს მსგავს შედეგს. ეს იმედისმომცემია და იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლების და ერთი პიროვნების მიერ დანიშნული ადამიანების დრო მთავრდება. თანაც, იგივე გამოკითხვის მიხედვით, ბურჯანაძემ ჩემზე ბევრად ნაკლები ხმა მიიღო!
_ ანუ ,,აირაის’‘ გამოკითხვაში, თქვენი 7%-იანი რეიტინგის საფუძველზე იმის თქმა გსურთ, რომ მარგველაშვილის რეალური კონკურენტი თქვენ ხართ და არა ბურჯანაძე?
_ ბუნებრივია! თუ საქართველოში არჩევნები კიდევ ერთხელ ფულით არ გადაწყდება და პოლიტიკოსები ერთმანეთს ქვეყნის სიყვარულში შევეჯიბრებით, ამ მარათონში საკუთარ თავს არა მხოლოდ კანდიდატის, გამარჯვებულის პოზიციაში ვხედავ.
_ დასავლეთი რა გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო პროცესზე? ნატო-ს დელეგაციის წევრებმა, ხელისუფლებასა და ნაცმოძრაობას შორის კოჰაბიტაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ხელისუფლებას ამან ხელი ვერ შეუშალა, რასმუსენის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, მერიის თანამშრომლები დაეპატიმრებინათ...
_ მისასალმებელია, როცა საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგშია, მაგრამ არ მესმის, რით ვერ დასრულდა კოჰაბიტაციის თემაზე საუბარი?! კოჰაბიტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ ორ ძალას შორის, რომლებიც ხალხის ნდობითა და ლეგიტიმაციის ერთნაირი დონით სარგებლობენ. ნაცმოძრაობის 40% კი უზურპაციის შედეგს წარმოადგენს. თანაც კოჰაბიტაცია დამნაშავე ძალასთან შეუძლებელია. უცხოელებს უნდა გავაგებინოთ, რატომაა ნაცმოძრაობასთან კოჰაბიტაციაზე ლაპარაკი ისევე უაზრობა, როგორც თავის დროზე, ომის შემდეგ ნაცისტებთან თანამშრომლობაზე ქადაგება იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლებას არ გამოსდის და საბოლოოდ, გაურკვეველი ვითარებაა _ საზოგადოება კოჰაბიტაციას გმობს, ხელისუფლება კი მას ეგუება.
_ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, კოალიციის წევრებისგანაც ხშირად ისმის უკმაყოფილება. დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, თუ ამ ფორმით დაკავებების სერია გაგრძელდება, ნაცმოძრაობის გზას დავადგებითო. საფრთხე რეალურია?
_ დავით ზურაბიშვილამდე ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილმა თქვა! ნაცმოძრაობის ლიდერები დამნაშვეებიც რომ იყვნენ, მათ, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, პატივი უნდა ვცეთ და უდანაშაულობის პრეზუმპციაც დავიცვათ. ,,ქართულ ოცნებას’‘ პირველივე დღიდან მხოლოდ იმიტომ ვუჭერ მხარს, რომ ნაცმოძრაობის მსგავსი ქმედებები ჩემთვის მიუღებელი იყო. ძალაუფლებამ ასე იცის: თუ ერთხელ გაგივა და საზოგადოება არაფერს იტყვის, აუცილებლად შეეჩვევი და მომავალშიც მშვიდად გააგრძელებ. თავის დროზე, სულხან მოლაშვილისა და სხვა პატიმრების წამებაზე მხოლოდ იმიტომ გავჩუმდით, რომ საზოგადოებას ისინი დამნაშავეები ეგონა. ჩვენმა დუმილმა კი მომავალში უდანაშაულო ადამიანების ტერორი და განადგურება გამოიწვია. თუ კანონი ყველასთვის ერთი არ იქნება და დარღვევებზე თვალს დავხუჭავთ, ისევ სისასტიკის მანქანას მივიღებთ, რომელსაც უკვე ვეღარ გავაჩერებთ.
_ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას პოლიტიკიდან მისი წასვლისთვის ამზადებს და იმაზეც საუბრობს, მომავალში გუნდს როგორ გააკონტროლებს. პრემიერის განცხადებას _ ყველაფერი წინასწარ გათვლილი მაქვს, როგორ აფასებთ?
_ ბიძინა ივანიშვილის მართლაც არ მესმის, რადგან ეს გადაწყვეტილება დემოკრატიისა და არჩევნების პრინციპების პირდაპირი დარღვევაა. თუ ხალხმა პრემიერად აგირჩია (თანაც, ოქტომბრის არჩევნებზე არავის მიუცია ხმა კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის), ვალდებული ხარ, თანამდებობაზე საზოგადოების მიერ მონიჭებული მანდატის განსაზღვრული ვადით დარჩე. თავის დროზე, სააკაშვილსა და მის კლანს იმის გამო ვებრძოდი, რომ პარლამენტისა ან პრეზიდენტის მანდატები მათი საკუთრება ეგონათ. მაინტერესებს, მას შემდეგ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა? თუ ივანიშვილი ოთხი წლით ავირჩიეთ, ამ ვადაზე ადრე პრემიერის თანამდებობიდან წასვლა ხალხის მანდატის უარყოფას ნიშნავს!
_ საზოგადოებამ თავიდანვე იცოდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენიმე წელიწადში წავიდოდა.
_ ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის ასეთი გადაწყვეტილება, საზოგადოების ცნობიერების დამანგრეველი იქნება. მით უმეტეს, როცა საქართველოში ჯერ კიდევ არჩევნების კულტურას ვსწავლობთ. ყველაზე დიდ საფრთხეს ბიძინა ივანიშვილის შემცვლელში ვხედავ. ვინ შეცვლის მას? იმ პარტიების წევრები, რომლებიც ხალხს არ აურჩევია, მაგრამ პარლამენტში ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხვდნენ, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც აცხადებს პლასტილინი ვარო და მომავალში ,,ფორმას’‘ ვინ მისცემს, გაურკვეველია? სააკაშვილის პოლიტიკიდან გაძევების გარდა, ქვეყანაში არც ერთი დანაპირები _ სამართლიანობის აღდგენის, ეკონომიკური წინსვლის... არ შესრულებულა. მეტიც, ამ მიმართულებით რეალური სამუშაოები არც კი დაწყებულა. სხვათა შორის, პირველად მე გავაჟღერე და ივანიშვილსაც პირადად ვუთხარი, თუ პოლიტიკიდან წახვალ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად უნდა დანიშნო-მეთქი.
_ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრე არაა. თქვენ რა გიპასუხათ?
_ სამწუხაროა, რომ პრემიერი ასე ფიქრობს. მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც კი არაა საკმარისი, ქვეყანაში არსებული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. რეალურად, ქვეყანა ახალი ხელისუფლებისთვის მზად არ არის. არც პარტიები არიან მზად არჩევნებისთვის და ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ასაღებად. თუ ნაციონალები კანონის წინაშე არ გასამართლდებიან, პარლამენტში ისევ ნაციონალებს მივიღებთ, როგორც ყველაზე სტრუქტურირებულ და მომზადებულ პარტიას. ქვეყანაში დღეს არაერთი საფრთხე იკვეთება. ვერ გეტყვით, რამდენად აქვს ეს გაცნობიერებული მმართველ გუნდს. თუ რისკები გაცნობიერებული აქვთ, საზოგადოებას რატომ ეთამაშებიან? ვსვამ კითხვას, ბიძინა ივანიშვილი შევარდნაძისეულ ნაბიჯს დგამს, რათა ხალხი შეეხვეწოს, დარჩიო? იმედი მაქვს, ასე არ არის და ივანიშვილი ქვეყანას სხვაგვარად უყურებს. იმის იმედიც მაქვს, რომ ქართველ ხალხზე მცდარი წარმოდგენა არ აქვს და მოქალაქეებს მათხოვრად არ აქცევს!