„ნუ შემოვუშვებთ ქვეყანაში და ბიზნესიც აღარ დაასაქმებს რუსებს“

„ნუ შემოვუშვებთ ქვეყანაში და ბიზნესიც აღარ დაასაქმებს რუსებს“

საქართველოში ბოლო ნახევარ წელიწადში რუსეთიდან უამრავი მიგრანტი შემოვიდა, მათი უდიდესი ნაწილი ქვეყნიდან უკვე გავიდა, მაგრამ ვინც დარჩა, ისინი უკვე ადგილობრივ ეკონომიკაზე სხვადასხვა სახის გავლენას ახდნენ. პირველ რიგში, თავისი ბიზნეს საქმიანობით და უკვე ადგილობრივ სამუშაო ძალასათან კონკურენციაში შესვლით.

„ფიემსი“ კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში რუსეთიდან 697 900 პირი შემოვიდა, ქვეყნიდან კი 639 300 გავიდა. რუსეთის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58 600 უნიკალურ პირს მიაღწია - მათ საქართველო ჯერ არ დაუტოვებიათ.

ეს კი იმ ფონზე, რომ საქართველოში სამუშაო ძალა წლიდან წლამდე მცირდება და კადრების დეფიციტი ყველა კომპანიისთვის ნომერ პირველი გამოწვევაა. „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალა პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით, წლიურ ჭრილში 6.8%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 102 500 შრომისუნარიანი მოქალაქე გამოაკლდა, კლების ტენდენცია შეინიშნება წინა კვარტალთან შედარებითაც, სამუშაო ძალა 45 400 ადამიანით შემცირდა და ჯამურად მილიონ ნახევარი ადამიანი შეადგინა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტის ნიკა ნანუაშვილის განცხადებით, თუკი რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტების ნაკადი პრობლემას უქმნის სახელმწიფოს, მთავრობამ საერთაშორისო კანონმდებლობით მონიჭებული მექანიზმები უნდა გამოიყენოს და ეს ნაკადი საზღვართან შეაჩეროს.

„მე ამ საკითხს შემდეგნაირად ვუყურებ, მგონია, რომ ბიზნესს არ უნდა ვუსაყვედუროთ, რატომ ასაქმებ რუსს, აზერბაიჯანელს, არაბს თუ მოზამბიკელს. ნუ შემოვუშვებთ ქვეყანაში და ბიზნესიც აღარ დაასაქმებს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

მიგრანტთა დიდი ნაწილი საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, ისე იყენებს, ანუ მათ ქვეყანა მალევე დატოვეს, ზოგიერთი კი აქ დარჩენას დიდი ხნით არ გეგმავს, თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც საქართველოდან მალე არ წავლენ.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ნათქამია, რომ, მიგრანტების 30% საქართველოს 2023 წელს დატოვებს. ჯერჯერობით მათი 75% თბილისში დასახლდა. ოჯახები, საშუალოდ, 3 ადამიანისაგან შედგება.

მიგრანტებისგან მოთხოვნა, ძირითადად, გაქირავების ბაზარს უკავშირდება. 2022 წელს ბინების 30% იქირავეს მიგრანტებმა, 70% - ადგილობრივებმა, 2023 წლის პროგნოზით კი, მიგრანტებზე გაქირავებული ბინების ოდენობა 18%-მდე შემცირდება.

რაც შეეხება გაყიდულ ბინებს, 2022 წელს კვლევის მიხედვით მხოლოდ 10% გაიყიდა მიგრანტებზე, მომდევნო წელს მაჩვენებლის 12%-მდე ზრდაა მოსალოდნელი.

ექსპერტების აზრით, რუსეთიდან შემოსულმა მეორე ნაკადმა, რომელიც საქართველოს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოაწყდა, მხოლოდ ნეგატივი მოიტანა. ეკონომისტი რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ ამ მხრივ ვითარება ბუნდოვანია.

„ბოლო ნაკადს რაც შეეხება, ისინი ისეთი ფენის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საკმაოდ დაბალი მსყიდველუნარიანობა აქვთ და შესაბამისად, მათგან სარგებელის მოლოდინი არც არის და ბევრი მათგანი, უბრალოდ, გამტარად იყენებს საქართველოს - აქედან სხვა ქვეყანაში გადადის. მიგრანტების მეორე ტალღაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო უარყოფითი გავლენის მატარებელია, რომელიც ზეგავლენას მოახდენს თუნდაც ფასების ზრდაზე. ასე რომ, ეს ნაწილი უფრო ნეგატიური ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, ვიდრე თავდაპირველად შემოსული მიგრანტების ნაკადი.

ვფიქრობ, მიგრანტების რაღაც ნაწილი საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით დარჩება და შესაძლოა, სამუდამოდაც. გააჩნია, როგორი სიტუაცია იქნება. შესაბამისად, მათ როგორც სამუშაო ძალას, ისე უფრო განვიხილავ. შესაძლოა, პატარა კონკურენციაც შექმნან ჩვენს მომსახურე პერსონალთან, ვიდრე მთლიანად სექტორზე მოახდინონ რაღაც დადებითი გავლენა“, - აღნიშნა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა.