ტრაგედია ვაკეში

ტრაგედია ვაკეში

24 ივნისის ღამეს ვაკეში 22 წლის ლადო დაუშვი­ლი მოკლეს, რამაც მთელი თბილისი შეძრა. ბრალ­დებული პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი ამნისტი­ის შედეგად რამდენიმე თვის წინ გაათავისუფ­ლეს ციხიდან.

ია მშვიდობაძე (ლადო დაუშვილის ბიცოლა): ბავშვობი­დან წყნარი და უპრობლემო ადამიანი იყო. შეიძლება ით­ქვას, თავიდანვე კაცი, დიდი გულით, უთბილესი. ადრე დაობლდა და კაცის ტვირთი თავად აიღო ოჯახში. დედას დიდი ადამიანივით ედგა გვერდში, დებსა და ბიძაშვი­ლებს ყურადღებას არ აკლებდა. მოკლედ, სიკეთის ჩუმად მკეთებელი ადამიანი იყო... არ უყვარდა აფიშირება. მე­გობრების სული და გული იყო. ჩვენს სახლში საღამოს არ გაუვლია სამეგობროს, სიმღერისა და ხალისის გარეშე. მთელი რაზმაძის ქუჩა შენატროდა ბედნიერებით სავსე ოჯახს. გარეგნობითაც საოცრად შემკული ბიჭი იყო, ორ­მეტრიანი, ჩასკვნილი. სულით და ხორცით ჯანმრთელი! შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სიგარეტიც არ მოუწევია - დედას გულს არ ვატკენო. ფანტასტიკურად მღეროდა ლადუკა, მაგრამ ყოველთვის ერიდებოდა სიმღერას, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ დაღუპვამდე ერთი დღით ად­რე მთელი საღამო მღეროდა. გული უგრძნობდა ალბათ, რომ უნდა წასულიყო. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ოდნავი წყენა ჰქონოდა მის მიმართ.

- სწავლის პარალელურად მუშაობდა სადმე?
- მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ბოლო წლის სწავლის საფასური თვითონ გადაიხადა და ეს ძალიან უხაროდა. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა თა­ნამდებობას... უბრალოდ, უნდოდა საკუთარი ფული ჰქონოდა, რომ დედისთვის ცოტათი შეემსუბუქებინა სამ­შვილიანი ქვრივი ქალის მძიმე ხვედრი. გამაოგნა ლადოს დედის სიძლიერემ, სიცოცხლით სავსე ბიჭი გამოაცა­ლეს ხელიდან, ამ დროს ყველა დედა ათას რაღაცას ამბობს და, ბუნებრივია, მიეტევებათ, ჩემმა მულმა კი აქაც სიძლიერე გამოიჩინა და მხოლოდ ის თქვა - ღმერთმა მიუტევოს, სასიკვდილოდ მეცოდება, მასაც ხომ ჰყავს დედა და ამ ტკივილისთვის არც მისი დედა მემეტებაო. შოკირებული ვიყავი.

- ვისთან ერთად იყო ლადო მკვლელობის დროს და რა მოხდა?
- ბავშვობის მეგობართან ერთად იყო. როცა ლუკა სტურუასთან ერთად მიდიოდა სადმე, გვიანობამდეც რომ არ დაბრუნებულიყო შინ, არ ვნერვიულობდით, მშვიდად ვიყავით. ნეტავ, რა უნდა თქვას თავის დასაცავად მკვლელმა?! რამდენადაც გავიგეთ, ყველა ადვოკატი უარს ამბობს მის დაცვაზე. ლადო მკვლელს არ იცნობდა, შემთხვევით გადაეყარა, მობილური უთხოვია იმ არაკაცს და ამათ უპასუხიათ, სალაპარაკო არ გვაქვსო, რასაც მზესუმზირის შეყრა და შელაპარაკება მოჰყოლია... მერე იმ არაკაცს ორივესთვის იარაღის ტარი ჩაურტყამს თავში... ლადო ფიზიკურად დიდი და ძლიერი იყო... ხელით, ვაჟკაცურად რომ შებრძოლებოდა, ის არარაობა ვერ მოერეოდა... ალბათ, მიხვდა კიდეც და გულში ერთი გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს ასეთი კაცი! მეუბ­ნებიან, მაინცდამაინც გულში რატომ მოხვდა ლადოს ტყვია, იქნებ გადარჩენილიყოო, მთლიანად გული იყო და სხვაგან როგორ მოხვდებოდა? ეს ყველაფერი იქვე მცხოვრებმაც და ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ლადოს მკვლელი სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულა ამ­ნისტიით...
- ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, გადასამოწმებელია. ან რაღა მნიშვნელობა აქვს ამას? მკვლელს არაერთი საცხოვრებელი ადგილი აქვს შეცვლილი, ცხოვრობდა ვაკეშიც, ვერაზეც... სადაც იცხოვრა, ყველგანუსიამოვნება დატოვა. როგორც გვითხრეს, ის ყოველთვის ახერხებდა თავი აერიდებინა სამართალდამცავე­ბისთვის, როგორ ახერხებდა ამას - არ ვიცით. მკვლელი რამდენიმე საათში დააკავეს, მე ვნახე კადრები და შემ­ძრა მისმა უტიფრობამ, არავითარი სინანული არ ემჩნეოდა.

- როგორ არის ლუკა სტურუა? ამბობენ, რომ მას დიდი ფსიქოლოგიური სტრესი აქვს და მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობს...
- ლუკა და ლადო მთელი ცხოვრება ერთად იყვნენ, ერთად გაიზარდნენ, უერთგულესი მეგობრები იყვნენ. მძი­მედ გადაიტანა ლუკამ ის, რაც მოხდა და რაც საკუთარი თვალით ნახა. პირველი ორი დღე გაუჭირდა და ვერ ამოდიოდა, მერე სულ აქ იყო. გვიანობამდე აივანზე ისხდნენ და იგონებდნენ. უკანასკნელი ღამე უთიეს. გამ­თენიისას ლადუკას ლოგინზე წამოწვნენ მიხო და ლუკა და მის ბალიშებზე ჩამხობილები რომ დავინახე, გული მომეწურა. რაღაც განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ. არ ვიცი, რანაირად გადაიტანენ უმისობას, მორწმუ­ნეები არიან და ალბათ ეს გადაატანინებთ. მონასტერში აპირებდნენ ამ დღეებში წასვლას ბიჭები და ლადუკას არ დასცალდა.