მთავრობას ვურჩევდი შეისწავლოს, ვის რა ქონება აქვს ნაჩუქარი ერთ ლარად

მთავრობას ვურჩევდი შეისწავლოს, ვის რა ქონება აქვს ნაჩუქარი ერთ ლარად

მიუხედავად „ვარდების ეპოქაში“ ჩადენილი უკანონობების მასშტაბურობისა, რაზეც დანაშაულებრივი ვიდეოფირების რაოდენობაც მეტყველებს, პროკურატურა ამ დრომდე ვერ ახერხებს სისტემურ დანაშაულში ამხილოს ყოფილი ხელისუფლება.

ახალი ხელისუფლების მხრიდან კი ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. იმას, რომ პროკურატურაში პრობლემებია ამას თავად პრემიერ-მინისტრიც აღარ მალავს. თუმცა ამ უწყების სისუსტეზე კარგახანია საუბრობს ყოფილი პროკურორი, ამჟამად კი საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი. ექსპერტი geotimes.ge- სთან საუბარს სწორედ დანაშაულების სისტემურობის დასაბუთებით იწყებს.

კახა კახიშვილი: ხელისუფლების ცვლილებიდან უკვე ცხრა თვე გავიდა, უამრავი მოქალაქე ყვება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, საზოგადოება საუბრობს გახმაურებულ მკვლელობებზე, მაგრამ ჯერჯერობით სამართალდამცავმა სისტემამ ვერ შეძლო და ვერ გამოკვეთა სისტემური დანაშაულის ჯაჭვი. კი გასაგებია, რომ ორი ყოფილი მინისტრი პასუხისგებაშია მიცემული, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ცხრა წლის მანძილზე მხოლოდ ამ ორ მინისტრს მოუვიდა დანაშაული, ისიც კონკრეტულ ეპიზოდებთან დაკავშირებით. გამოდის, რომ სხვა ყველაფერი ნორმალურად იყო. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, 12 888 ფაილი შსს-ში დევს, პოლიტიკოსების ცხოვრების ამსახველი მასალებითა, რომელიც ფარული თვალთვალითა და მოსმენებითაა მოპოვებული. ეს უბრალო ჩინოვნიკს არაფერში აინტერესებდა.

რთული არაა დამტკიცება სისტემური დანაშაულის, როცა 26 მაისთან დაკავშირებით პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო ერთიან ჯაჭვში იყვნენ და მოქმედებდნენ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით. ეს ურთიერთკორდინირებაა სწორედ სისტემური დანაშაული. შეხედეთ დღეს რა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ არის საფუძვლიანი ეჭვი რომ ჩინოვნიკებმა დანაშაული ჩაიდინეს, საუბარი მაქვს ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსზე, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს სასამართლოს. ასეთი ფაქტი არ არსებობდა მანამდე. რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო თავად იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული რასაც ახორციელებდა შსს და პროკურატურა, მაგრამ ამ სისტემურ ჯაჭვში ჩართული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა. დღეს მხოლოდ ვანო მერაბიშვილს, რომ აბრალებენ 26 მაისთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტებას, ამავდროულად არ არის გამოკვეთილი იმ პროკურატურის თანამშრომლების ბრალეულობა, რომლებიც ხელს აფარებდნენ მაშინ შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს,ასევე იმ მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, ვინც იმის მაგივრად, რომ 26 მაისის დაზარალებულების უფლებები დაეცვათ, ციხეებში კეტავდნენ მათ.

აი სწორედ ეს სისტემური დანაშაულებრივი საქმიანობა ვერ გამოკვეთა გამოძიებამ და ესაა სწორედ უუნარობა, არადა ასეთი კომპლექსური ფაქტები უამრავი იყო.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური ნებაა? მოგეხსენებათ პროკურატურა გადაჩვეულიც კია დამოუკიდებელ გამოძიებას და ხშირად პოლიტიკურ მითითებებს ელოდება, იმ ფონზე კი, როცა დასავლეთი დაკავებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, შესაძლოა ხელისუფლება სიტუაციის გამწვავებას და კონკრეტული ინსტიტუციებთან დაპირისპირებას ერიდება...

- ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საკითხი ეხება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ბრალის დამტკიცებას, პოლიტიკური ასპექტები ჩნდება, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სამართალდამცავ სისტემას უნდა გამოეკვეთა დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომლის უკანაც იდგა კონკრეტულად ერთი ადამიანი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომაც უფრო მეტად აქტიური, სიღრმისეული, ეფექტური გამოძიების ჩატარებაა საჭირო, რათა სამართლებრივად დადგინდეს იმ თანამდებობის პირების ვინაობა, რომლებიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ახორციელებდნენ ყველანაირ უკანონობას მმართველობის პერიოდში.

- მთავრობის ცვლილებიდან უკვე საკმაო დრო გავიდა, თუმცა სტაბილურობის, სიმშვიდის განცდა ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ...რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი გადაილახოს?

-მე არ ვარ ყველაფრის ექსპერტი, რომ ეკონომიკაზე ან სხვა პრობლემებზე ვისაუბრო, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველა პრობლემა მოდის იქედან, რომ ვერ ხერხდება სამართლიანობის აღდგენა, როდესაც დღეს „ნაცმოძრაობა“ საუბრობს, რომ სტაგნაციაა ეკონომიკაში და ბიზნესში ძვრა არ არის, ისიც უნდა გავითვალისწინოთ ვის ხელში იყო ბიზნესი წლების განმავლობაში. უმსხვილესი კომპანიების წილებში იყვნენ „ნაცმოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირები, მე არ ვარ ეკონომისტი მაგრამ ვხვდები, რომ შეინიშნება საბოტაჟის ნიშნები ყველა მიმართულებით, საგარეო პოლიტიკით დაწყებული შიდა საბოტაჟით დამთავრებული. არაა გამორიცხული ეკონომიკურ დივერსიასთან გვქონდეს საქმე, ის ბიზნესები, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელში იყო შეგნებულად აფერხებენ საკუთარ საქმიანობას, შეგნებულად ზღუდავენ ექსპორტ-იმპორტს, ცდილობენ დახატონ სტატისტიკაში ისეთი სურათი, რომ სტაგნაციაა. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საკვირველია, იმ პირობებში, როდესაც ბიზნესი წნეხში იყო და რეალურად კარტოფილს ვერ შემოიტანდი, მწვანე რომ არ გქონებოდა ანთებული „ნაცმოძრაობის“ ელიტიდან , მაშინ ყვაოდა თურმე ბიზნესი და ახლა, როცა სიტუაცია ამ კუთხით მეტ-ნაკლებად დარეგულირდა ბიზნესმენებს არ უნდათ არაფრის გაკეთება?!.

საქმე იმაშიცაა, რომ 9 წლის მანძილზე გააკოტრეს ყველა თავისუფალი ბიზნესმენი, ჯიბიდან ბოლო ფული ამოაცალეს, ძირითადი ფული მათ ხელში და მათ ბიზნესკომპანიებში ტრიალებდა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან, ბუნებრივია ზოგს შეეშინდა და დაიწყო თანხების გადატანა საზღვარგარეთის კომპანიებში .

- რა სამართლებრივი ბერკეტები არსებობს,რომ სიტუაცია დარეგულირდეს, დღემდე უშედეგოდ ელოდებიან ქონების დაბრუნებას ბიზნესწართმეულები...

-ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, ცხრა თვე გავიდა და არცერთი ბიზნესი არ დაბრუნებულა, არადა ჩვენ ვიცით ასობით კონკრეტული ფაქტი, რომ შეგნებულად აკოტრებდნენ კომპანიებს, ართმევდნენ ქონებას. დილით ოთხ საათზე, რომ ადამიანი ნოტარიუსში მიდის და მთელ ქონებას უფორმებს ხელისუფლებასთან დაახლოებულ რომელიმე პირს, ბუნებრივია პირდაპირ იკვეთება, საფუძვლიანი ეჭვები, ხომ არ ჰქონდა იძულებას ადგილი, მაგრამ სამწუხაროდ , ისეთი დასკვნა გამომაქვს, რომ კონკრეტულად ასეთი საქმეების გამოძიება ხელოვნურადაა შეჩერებული. ხარვეზების კომისია, არ ვფიქრობ, რომ იქნება ქმედუნარიანი. რადგან რეალურად თუ ამ მოსამართლეებს დაავალე იმ ხარვეზების დადგენა, რომელთაც წარსულში უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს, რასაკვირველია ისინი სამართალს არ აღადგენენ,

ამიტომ ხელისუფლებას ვურჩევდი სერიოზულად განახორციელოს პირველ რიგში კანონმდებლობაში ცვლილება, რომ პროკურატურას მიეცეს საშუალება, იმ საქმეების დაწყების, სადაც არის ერთი მხრივ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, მაგრამ იკვეთება ამ განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულის ნიშნები. ჯერჯერობით ასეთი ცვლილებაც არ არის შესული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ამიტომ საკანონმდებლო ხელისუფლებამ დროულად უნდა დაიწყოს ცვლილებების. ის საქმეები კი, რომელიც ხელოვნურად არის შეჩერებული სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურებში, უნდა დაიძრას. ან უნდა აუხსნან მოსახლეობას, საერთოდ რატომ შეაფერხეს გამოძიება. გარდა ამისა მილიონობით და მილიარდობით ქონება აქვს ნაჩუქარი მიშა საკაშვილს თავის თანაგუნდელებისთვის, ან ლოიალურობის, ან მხარდამჭერის გამო. ამიტომ თუ პრეცედენტი შექმნა იმავე ხელისუფლებამ, რომ ჯერ ნინო ბურჯანაძეს გადასცეს ქონება ერთ ლარად და როგორცვე გააკრიტიკა, იმ დაჩის საშემოსავლო გადასახადები გადაახდევინეს, მე ვურჩევდი ამ მთავრობასაც, შეისწავლონ ვის რა ქონება აქვს ნაჩუქარი ერთ ლარად და ამ გაჩუქებული ქონების საშემოსავლოები გადაარიცხინოს ქვეყნის ბიუჯეტში. შემდეგ კი ამ თანხებიდან დაიწყონ იმ ბიზნესმენებისთვის კომპენსაციის გაცემა, ვისი ქონების დაბრუნებაც უბრალოდ შეუძლებელია, რადგან თვითონ ქონება უკვე გაყიდულია მესამე და მეოთხე პირზე, ანუ კეთილსინდისიერ მყიდველზე. გარდა ამისა არსებობს კიდევ ერთი გზა, თუ დადგინდა, რომ ყოფილი თანამდებობის პირის დანაშაულებრივი ქმედების გამო, კონკრეტულ ბიზნესმენს, ან ჩვეულებრივ მოქალაქეს მიადგა ზიანი, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს ბრალდებულს, რომ თუ აუნაზღაურებს დაზარალებულს ფინანსურ კომპენსაციას და დაზარალებული არ იქნება წინააღმდეგი ბრალდებულს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ გაგათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან.

ძალიან ბევრი გზა არსებობს სამართლიანობის აღდგენის, რაც უფრო დროულად დაიწყებენ მით უკეთესი, რადგან ამ საქმეში დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

-დროის ფაქტორი არანაკლებ მოქმედებს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებზე, პროცესების მსგავსი ტემპით განვითარება დაბლა წევს ხელისუფლების რეიტინგს, მაშინ როცა წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენებები, ბიძინა ივანიშვილი კოალიციის კანდიდატის უკონკურენტობაზე საუბრობს, რეალურად იოლი იქნება მარგველაშვილისთვის გაპრეზიდენტება?

- მიუხედავად გიორგის მიმართ ჩემი პატივისცემისა, საქართველოში არაა დღეს ის სურათი, რომ ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე და 80%-მა დაჭიროს მას მხარი. უკონკურენტოდ თუ მიიჩნევენ, ეს ბიძინა ივანიშვილის პირადი რეიტინგის დამსახურებაა.

თუ ის ცვლილებები იქნება მიღებული, რომელსაც ვითხოვთ არასამთავრობო სექტორი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, შესაძლებელია მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მეტ-ნაკლებად იმიტომ ვიძახი, რომ ამ კოდექსით სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, მთელი კომპლექსია, კომისიის დაკომპლექტებით დაწყებული საჩივრების სისტემით დამთავრებული. ეს ამ არჩევნებამდე ვერ მოესწრება, მაგრამ შესწორებების შემთხვევაში, არაა გამორიცხული მარგველაშვილს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა სერიოზული კონკურენცია გაუწიოს და მეორე ტურით გამოვლინდეს პრეზიდენტი. მაგრამ აქაც არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის გასათვალისწინებელია ერთი დიდი პრობლემა, რომელიც დევს საარჩევნო კოდექსში, ხმების გახლეჩვის და დაქსაქსვის ტექნოლოგიების ფონზე სახელისუფლებო ძალას შეუძლია უპირობო გამარჯვება მოიპოვოს. მთელი კოდექსი „ნაცმოძრაობამ“ ააწყო ზუსტად ადმინისტრაციულ რესურსებზე და ხმების დაქსაქსვაზე, ამიტომაც არასაპარლამენტო ოპოზიციაც უნდა შეჯერდეს მეტ-ნაკლებად ერთ კანდიდატზე, რომ კონკურენცია გაუწიონ სახელისუფლებო კანდიდატს.