საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ სალომე ზურაბიშვილს "არ სურს, იფიქროს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთ თამაშს თამაშობენ".
ამის შესახებ ზურაბიშვილი facebook-ის თავის გვერდზე წერს.
"ასე მგონია, რომ არ შეიძლება დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს ამზადებდე და კანდიდატების დახასიათებისას განაცხადო, რომ ერთადერთი
ღირსეული შენი კანდიდატია. არ შეიძლება, ასევე, თუ კი არჩევნები არჩევნებად გვესახება, რომელიმე კანდიდატი, თუნდაც მმართველი გუნდის, წარმოდგენილი იყო როგორც უალტერნატივო. ეს იმიტომ კი არა, რომ მე მწყინს ან განვიცდი, "ნაციონალებისგან" იმდენი გამიგია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, არამედ იმიტომ, რომ ამით ჩემ კანდიდატურას კი არა, არჩევნების ინსტიტუტს ვასუსტებთ, ვუკარგავთ აზრს და მნიშვნელობას. ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველას ახსოვს, თუ რა უნდობლობა, სკეპტიციზმი და უარყოფითი დამოკიდებულება სუფევდა არჩევნების მიმართ. "რისთვის მივიდე და რატომ" – დომინირებდა. და ახლა რა? უნდა ვუმადლოდეთ ივანიშვილს და "ოცნებას", რომ პირველი ოქტომბრით ქვეყანა "ნაციონალური ბრჭყალებიდან’’ გამოიყვანა და ამავდროულად დაუბრუნა არჩევნებს თავისი სრული ფასი და ღირებულება, დაამტკიცა რა, რომ თურმე არჩევნებით და არა გადატრიალებით შეიძლებოდა, დამნაშავე ხელისუფლების გაშვება, რასაც ზოგიერთი ჩვენთაგანი მუდმივად ვამტკიცებდით სიტყვიერად, მაგრამ ძალების შეუფარდობის გამო ვერ ვაღწევდით. ასეთი დამსახურების შემდეგ ჩემთვის სრულიად გაუგებარია, "ოცნება" და კერძოდ ივანიშვილი, ასეთი განცხადებებით ან თვითონ ოცნების საპრეზდენტო კანდიდატი თავისი ცნობილი გზავნილით - "მე პლასტელინი ვარ!" - რატომ ცდილობენ (ან შესაძლოა, უნებლიედ ახერხებენ) არჩევნებს მნიშვნელობა და არსი წინასწარ დაუკარგონ. რატომ უნდა მივიდეს არჩევნებზე ამომრჩეველი, თუკი ყველაფერი ცნობილი და გადაწყვეტილია წინასწარ და მის ხმას არავითარი ფასი არა აქვს? და თუ იგი არ მივა არჩევნებზე, ეს იმასაც ნიშნავს, რომ დარჩენილია გაყალბების საშუალებები და რომელიც, როგორც კარგად ვიცით, დამოკიდებულია დაბალ ამომრჩევლეთა აქტიურობაზე. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ორივე ძალა ერთ ობიექტურ თამაშში შედის, რომლის მიზანია ამ ორი ძალის დამკვირდდება, როგორც უალტერნატივოს! არ მინდა, დავიჯერო. მინდა, ვიფიქრო, რომ ეს პოლიტიკურად ბოლომდე გათვლილი არაა; შეიძლება, გამომდინარეობდეს იმისგან, რომ კოალიციაში შემავალ ზოგ პარტიას არ სურს, რომ ივანიშვილის წასვლის და "ოცნების" სავარაუდო დაშლის შემთხვევაში კონკურენცია გარედან გაუჩნდეს. ამიტომ მათ ურჩევნიათ, სხვა ოპოზიციური ძალების ან დამოუკიდებელ პიროვებების გამოჩენას კიდევ "ნაციონალურ მოძრაობა" ჰყავდეთ ერთადერთ მეტოქედ, რომელიც იციან, ბოლოს მაინც განწირულია. ეს პარტიების გათვლაში შესაძლოა ჯდება, მაგრამ ქვეყანას ვერ წარადგება", - წერს ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ "დროა, სახელმწიფოებრივად ფიქრი დავიწყოთ და არა პარტიულ ინტერესებიდან გამომდინარე".