იონათამიშვილს ვალებს

იონათამიშვილს ვალებს "ქართული ოცნება" გაუსტუმრებს?!

"ამაზრზენი ხარ, მიშა", - სულ რამდენიმე დღის წინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი ასე მიმართავდა პრეზიდენტ სააკაშვილს.

ამბობენ, კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალსო, როგორც ჩანს, ვერც პრეზიდენტის სახელზე დაწერილ წერილებს მოაქვთ ყოველთვის სასურველი შედეგი. ყოველ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით კოკი იონათამიშვილს ნამდვილად არ გაუმართლა. მოკლედ, "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობა სრულდება და სრულდება სრული კრახით, ერთი შეხედვით მონოლითური პოლიტიკური ძალა მარტივ მამრავლებად დაშლის გზაზე დგას და თანაც თავს თვითონვე იმგვარად იშიშვლებს, რომ უკანასკნელი წლების პოლიტიკური ცხოვრების მთელი ამორალურობა ყველასთვის ცხადი ხდება. "ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია" - ამგვარი მიდგომა "ნაციონალურ მოძრაობას" ზოგადად ახასიათებდა. კარგად გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ამ გუნდიდან წასულ ადამიანებს სასტიკად გაუსწორდნენ, მარტო ირაკლი ოქრუაშვილის მაგალითის გახსენებაც კმარა. ამჯერად პოლიტიკური ანგა­რიშსწორების სამიზნედ საკრებულოს წევრი კოკი იონათამიშვილი იქცა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა. მისი ამ ნაბიჯის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ბუნებრივია, ეს ნამდვილად არ არის სასიხარულო ამბავი ექსმმართველი ძალისთვის. განსაკუთრებით შავ დღეში ქალაქის მერი გიგი უგულავაა, რომლის გარშემოც წრე ყოველდღიურად ვიწროვდება. უგულავა გვარიანადაა შეშინებული და ამის საფუძვლიანი მიზეზიც აქვს. მოგეხსენებათ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული. მერიის თანამშრომელთა ხმაურიანი დაკავების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა უკვე ქალაქის საკრებულოშიც დაკარგა, უახლოეს მომავალში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხიც დადგება დღის წესრიგ­ში. ერთ-ერთი პირველი, ვინც იონათამიშვილი გააკრიტიკა, სწორედ გიგი უგულავა იყო. "რამდენიმე დღის წინ მე მასთან მქონდა საუბარი. ვთვლი, რომ მან, მისთვის შეიძლება პერსონალურად სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და აქედან სარგებელი ნახოს. ასევე ვთვლი, რომ ასეთ ვითარებაში ეს საქციელი, თუნდაც მეგობრული, თუნდაც კოლეგიალური კუთხით, არასწორი და, რბილად რომ ვთქვა, მორალთან მწყრალია", - განაცხადა გიგი უგულავამ. სა­ვარაუდოდ, პოლიტიკურ სარგებელს იონათამიშვილი უახლოეს მომავალში ძნელად თუ დაელოდება, თუმცა სარგებელი მრავალგვარი არსებობს, მოგეხსენებათ... იონათამიშვილის გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლაზე ერთი შეხედვით მოულოდნელი იყო, რადგან ის ბოლო დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ერთგულ დამცველად გვევლინებოდა. მერიის თანამშრომლების დაკავებას ის საკმაოდ აქტიურად და კრიტიკულად გამოეხმაურა. ამ განცხადებებიდან რამდენიმე დღეში კი პარტიიდან წასვლის მთავარ მიზეზად "ნაცმოძრაობის" უპერსპექტივობა დაასახელა. იონათამიშვილის ნაბიჯის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის სახელზე დაწერილი წერილი, რომელშიც იონათამიშვილი პრეზიდენტს ვალების დაფარვაში დახმარებას სთხოვს. "ისეთი პრობლემური გარემო მაქვს, რომ გავკადნიერდი და მოგმართეთ. თუ თქვენ შეგიძლიათ მიშუამდგომლოთ რომელიმე ბიზნესმენთან, მე მაქვს წილი ერთ "ბიზნესში", რომელსაც, რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებისა, ვერ ვყიდი და თუ ვინმე თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე დამეხმარებოდა, ჩემთვის ეს... არც კი ვიცი, რა სიტყვა შევარჩიო, უპირობო გამოსავალს და გადარჩენას ნიშნავს. "ეს ბიზნესი" ცუდი არ არის, მაგრამ დღეს მხოლოდ თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე თუ დაინტერესდება ვინმე... თუ, რა თქმა უნდა, ამ თავხედობას შემინ­
დობთ და დამეხმარებით. გიგიმ ნაწილობრივ იცის ეს პრობლემები და რამდენჯერმე მაგრად მომეხმარა კიდეც, რის გამოც მისი მადლობელი ვარ, მაგრამ საბოლოოდ მოგვარება არ გამოვიდა", - წერს წერილში იონათამიშვილი და იქვე მიუთითებს თავის ბიზნესწილებს, რომელთა გაყიდვაში დახმარებას პრეზიდენტს სთხოვს და ფასსაც ასახელებს - 100 000 დოლარს.

სწორედ ამის შემდეგ იონათამიშვილი ისევ ეპისტოლურ ჟანრს მიმართავს და კვლავაც სოციალური ქსელის მეშვეობით წერს, რომ წერილი მართლაც მისწერა პრეზიდენტს, ოღონდ არა ამ შინაარსის. ანუ, იოანათამიშვილის მტკიცებით, სააკაშვილმა და მისმა ადმინისტრაციამ, არც მეტი, არც ნაკლები, მოიტყუეს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ამგვარი თხოვნით მართლაც მიემართა იონათამიშვილს პრეზიდენ­ტისთვს. საქმე ისაა, რომ ამგვარი რამ "ნაცმოძრაობაში" დამკვიდრებულ პრაქტიკად ითვლებოდა და პრეზიდენტს თხოვნითაც ხშირად მიმართავდნენ, ისიც, შუა საუკუნეების ტიპის მმართველის მსგავსად ერთგულ ქვეშევრდომებს გულუხვად ეხმარებოდა. თუმცა პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ამის გამომზეურება გადაწყვიტეს. არის თუ არა ამ საქციელში მორალი? ვფიქ­რობ, რომ - არა. თუ კოკი იონათამიშვილი არ წავიდოდა პარტიიდან, სავარაუდოდ, საიდუმლოდ დარჩებოდა ამ წერილის არსებობაც და ისიც, პრეზიდენტი როგორ დაეხმარებოდა ან არ დაეხმარებოდა იონათამიშვილს. მაშინ მისი საქციელი ნორმალური და გასაგებიც იქნებოდა მმართველი ძალისთვის, დღეს კი ამორალურად ცხადდება. მით უფრო ამორალურია ეს საქციელი, თუ წერილის შინაარსი მიზანმიმართულად გა­ყალბდა. საინტერესოა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ ჩანს, როდისაა დაწერილი წერილი. თუ დავუშვებთ, რომ წერილის შინაარსი რეალურია და არა გაყალბებული, იონათამიშვილმა ეს წერილი რამდენიმე თვის ან წლის წინ დაწერა. თუ ასეა, არ არის გამორიცხული, რომ მას პრეზიდენტი გარკვეულწილად დაეხმარა კიდეც, ახლა კი იონათამიშვილის ნაბიჯმა სააკაშვილი გადა­რია და წერილის გამოქვეყნებაც ამიტომ გადაწყვიტა. თუ წერილი ბოლო ხანსაა დაწერილი, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ ისიც, რომ კოკი იონათამიშვილს ვალების გასტუმრებაში დახმარება ახლანდელმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აღუთქვა, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში იონათამიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს "ქართულ ოცნებას­თან" თანამშრომლობას და აცხადებს, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება. "მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების უმეტესობა თავიდან ბოლომდე სოლიდარულია ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან და მისი მხრიდან ასე პირდაპირ წარმოებული შანტაჟი ვერ შეაჩერებს რღვევის პროცესს", - წერს იონათამიშვილი და იქვე დასძენს: "ჩემ წინააღმდეგ მიმართული კამპანია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ "ძვირფასია" ადამიანი პარტიის ლიდერისთვის, ამიტომ დღეს უკვე მივმართავ ჩემს კოლეგებს, უამრავ კეთილშობილ, პროფესიონალ ადამიანს, რომ დატოვონ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში სხვა გზები ეძიონ".

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ განცხადებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან, სულ რაღაც ერთი კვირის წინ ამას იონათამიშვილიც არ დაეთანხმებოდა.