ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა

ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა

ნატოს ასპირანტი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილეების დონეზე ოთხმხრივი შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის ინიციატივით შემდგარ შეხვედრისას, საქართველოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მაკედონიის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ოთხ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი წვრთნების, სწავლებებისა და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებით ასპირანტი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ზრდას.

ოთხმხრივ შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ კოლეგებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ნატოს მომავალ სამიტს ოთხივე ასპირანტი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მომავალში ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა ალიანსთან დაახლოებაში დაგვეხმარება, ასევე ხელს შეუწყობს ნატოსთან თავსებადობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას.

ბრიგადის გენერალმა კაპანაძემ კოლეგებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და 2013-2016 წლებში „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული პრიორიტეტებიც გააცნო. მან ნატოს ასპირანტი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებს ავღანეთის საერთაშორისო მისიასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ოთხმხრივ შეხვედრაზე სამთო ტექნიკური და ტაქტიკური კურსის უფროსმა, მაიორმა მალხაზ გოლეთიანმა ნატოს ასპირანტი ქვეყნების შტაბის უფროსების მოადგილეებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინა.

„ქართული მხარის ინიციატივით, ნატოს ასპირანტი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილეების დონეზე დღეს მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. აღნიშნული შეხვედრით ფაქტიურად საფუძველი ჩავუყარეთ ოთხმხრივი თანამშრომლობის ინიცირებას, რაც მოემსახურება ასპირანტი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ზრდას ერთობლივი წვრთნების, სწავლებების და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით. ვფიქრობ, რომ ოთხივე მხარე სასურველი ენთუზიაზმით მოეკიდა ინიციატივას და მალე პრაქტიკული ნაბიჯებიც გადაიდგმება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება, როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვის შესაძლებლობების ზრდაზე, ასევე ქვეყნის მაშტაბით ნატოში ინტეგრაციის პროცესზე“ - განაცხადა ბრიგადის-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მაკედონიის შტაბის უფროსების მოადგილეების ოთხმხრივი შეხვედრა ბათუმის „შერატონში“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მონაწილე ქვეყნების შტაბის უფროსის მოადგილეების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.