საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე იტალიელ კოლეგას ჯოაკინო ალფანოს შეხვდა. შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს. ლევან დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ იტალია ნატოს მომავალ სამიტზე საქართველოს ალიანსში მისწრაფებას დაუჭერს მხარს. საუბარი შეეხო ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდს. როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, საქართველო ISAF-ის მისიაში კონტრიბუციის პარალელურად, ნატოს ძალებს სატრანზიტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებსაც სთავაზობს.
ლევან დოლიძემ იტალიელ კოლეგას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო დოკუმენტის „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ პრიორიტეტებიც გააცნო. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ლევან დოლიძემ ჯოაკინო ალფანოს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში იტალიელი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის.