მისცეს თუ არა მერიის დაკავებულმა ჩინოვნიკებმა უშიშროების საბჭოს მდივნის წინააღმდეგ ჩვენება და როდის გასაჯაროვდება სააკაშვილის საიდუმლო ბრძანებები
“ოცნების” უმრავლესობაც აღიარებს, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავება პროცესუალური ნორმების დარღვევით მოხდა. “ქართული სიტყვის” კონფიდენციალური წყაროს ვერსიით, ამ დაკავების უკან “ნაცმოძრაობა” დგას, ანუ როგორც წყარო ამბობს, “ნაციონალებმა” ფინანსური პოლიციის ძველი თანამშრომლები დააშანტაჟეს, პიკანტური ფარული ჩანაწერები თქვენზეც არსებობს და თუკი ჩვენ დავალებას არ შეასრულებთ, თავს საქვეყნოდ მოგჭრითო. მოკლედ, წყაროს მოსაზრებით, ფინანსური პოლიცია მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავებას ისეც აპირებდა. “ნაციონალებმა” კი, პროცესები დააჩქარეს და ახლა ამტკიცებენ, “ოცნება” პოლიტიკურ რეპრესიებს ანხორციელებსო. ისე, რეპრესიები იქით იყოს და უცნაურია, რომ დაკავებულებს თავდებში უმრავლესობის წევრი “რესპუბლიკელი” ჩაუდგა... საერთოდ, ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში მოვლენები არცთუ ლოგიკურად ვითარდება. ასე, მაგალითად, ვინ წარმოიდგენდა, რომ ისეთი მგზნებარე “ნაციონალი”, როგორიც ყოფილი “ენჯეოშნიკი” კოკი იონათამიშვილია და რომელიც საკრებულოს “რუხ კარდინალად” ითვლება, “ნაცმოძრაობას” დატოვებდა... ძნელი სათქმელია, მართლაც, “ნაციონალებმა” დაგეგმეს თუ არა ზემოხსენებული “ფართომასშტაბიანი დაკავება”, მაგრამ ფაქტია: ჯერ დაჭერამ, მერე, გაშვებამ და მერე ისევ დაჭერამ, “ოცნება”, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. ამავე კონტექსტში, განსაკუთრებული აჟიოტაჟი სიტყვა “აღტკინებულს” მოჰყვა _ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ბანკომატებიდან თანხა განსაკუთრებული აღტკინებით გამოჰქონდათო... ერთი სიტყვით, “განსაკუთრებით აღტკინებულ” სისხლის სამართლის საქმეზე “ქართული სიტყვა” “საქართველოს გზის” ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ბალიაშვილს ესაუბრა, რომელიც მერიაში არსებულ კორუფციაზე ჯერ კიდევ პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ლაპარაკობდა:
_ თბილისის მერიის მაღალჩინოსანთა ამ ფორმით დაკავება მოსაწონი არაა. უცხოელებისგან გამუდმებით გვესმის, საქართველოში დაკავებები პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობსო და ამ დროს საჭირო არაა, ბრალდებულს ხელები გადაუგრიხო, მანქანაში ჩასვა, განყოფილებაში მიიყვანო, საღამოს კი, გაათავისუფლო. განსაკუთრებით მიუღებელი მამუკა ახვლედიანის დაკავების ფორმა გახლდათ.
_ რატომ?
_ ახვლედიანი ფინანსურ პოლიციაში მიიყვანეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, გამოუშვეს. თუ ახვლედიანი მოწმის სტატუსს ატარებდა, პროკურატურას, მინიმუმ, მედიით მაინც უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ თავს არიდებდა დაკითხვაზე მისვლას და სამართალდამცავი სტრუქტურები იძულებულნი გახდნენ, კანონით მინიჭებული უფლება გამოეყენებინათ და დაკითხვაზე იძულებით მიეყვანათ. ყველაფერი ნათელი უნდა იყოს, რომ “ნაციონალებს” სალაპარაკო არ მიეცეთ, პოლიტიკური ნიშნით გვებრძვიანო.
_ სხვათა შორის, სააკაშვილმა განაცხადა, დაკავებულები რასმუსენის გამო გამოუშვეს და როგორც კი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო დატოვა, ისევ დაიჭირესო...
_ დაკავება და გამოშვება რასმუსენთან კავშირში არაა, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ ოცამდე ადამიანი დააკავეს, მერე გაათავისუფლეს, მერე, ოთხი ისევ დააპატიმრეს, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და იმედია, პროკურატურა ამ შეკითხვებზე პასუხს გასცემს.
არ ვიცი, ვის რა დანაშაული დაუმტკიცდება, მაგრამ შემიძლია, ცალსახად ვთქვა: დარღვევები, რომლებიც თბილისის მერიაში ხდებოდა, მხოლოდ ამ ოთხი ადამიანის კისერზე არაა და პასუხისგებაში კიდევ ბევრი უნდა მისცენ. მაგალითად, საბურთალოს გამგეობაში ასეთი ინციდენტი მოხდა: ივლისში, ამხანაგობების თავმჯდომარეები, ტრეინინგების ჩასატარებლად, ანტალიაში უნდა გაეშვათ და ეს 150 ათასი ლარი ჯდება. ესეც თანხების არამიზნობრივი დახარჯვა და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაა.
_ არჩევნები რა შუაშია?
_ კარგად ვიცით, კორპუსის თავმჯდომარეები არჩევნებზე რითიც იყვნენ ხოლმე დაკავებულნი და, დარწმუნებული ვარ, “ნაციონალები” ამ რესურსს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოიყენებენ. ამაზე სამართალდამცავმა სტრუქტურებმა რეაგირება უნდა მოახდინონ... 150 ათასი ლარის ანტალიაში დახარჯვას, ბათუმში წასულიყვნენ, რა, ტრეინინგს იქ ვერ ჩაატარებდნენ? ბიუჯეტიდან ფულის ამ ფორმით დახარჯვა დაგეგმილ დანაშაულებრივ კამპანიას ჰგავს!
_ მამუკა, თბილისის მერი და სხვა მაღალჩინოსნები ბიუჯეტის არმიზნობრივ ხარჯვაში ადრეც არაერთხელ გიმხილებიათ...
_ იმის შესახებ, თუ ვინ იპარავდა ფულს თბილისის ბიუჯეტიდან, იცოდა როგორც უგულავამ, ასევე, სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა და ბოკერიამ. მათ მიერ შექმნილი ფონდების წყალობით, თანხები სხვადასხვა მიმართულებით იხარჯებოდა. ყველა მასშტაბური პროექტი, რომელიც დედაქალაქში განხორციელდა, კორუფციის ბუდე იყო _ გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში დიდი ფული კეთდებოდა. მაგალითად, “გუდაურის განვითარების ფონდში” 30 მილიონამდე იყო აკუმულირებული. “თბილისის განვითარების ფონდისთვის” კი, 200 მილიონზე მეტი იყო გამოყოფილი და ამ თანხების დიდი ნაწილი გაფლანგულია.
სხვათა შორის, კორუფციის მეორე სქემაც არსებობდა: ტენდერებს ახლობლის კომპანიებს აგებინებდნენ. მაგალითად, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერში ბოკერიას ცოლის კომპანიამ გაიმარჯვა.
...თავის დროზე სასამართლომ გიგი უგულავა გირაოს გარეშე გაათავისუფლა. არადა, ეს ის ადამიანია, რომელიც პირადი კეთილდღეობისთვის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავდა. მიუხედავად ამისა, ისევ ქალაქის მერია და ბიუჯეტთანაც აქვს შეხება. ვფიქრობ, პროკურატურა უგულავას საკითხს დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს...
ისე, არ ვფიქრობ, რომ უგულავას დაპატიმრებით პრობლემა მოგვარდება, რადგან მის ადგილს მისივე თანამოაზრე სევდია უგრეხელიძე დაიკავებს, რომელიც დღეს ვიცე-მერია. მოკლედ, გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, ალბათ, ისევ დაიწყება, მაგრამ თუ თანამდებობას არ ჩამოაშორეს, სამართალი ვერ აღდგება... არ ვამბობ, რომ უგულავა ბუჯეტის ფულს პირად ანგარიშებზე “ქაჩავს”, ან ბანკომატებიდან ფული გამოაქვს, მაგრამ ის ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
პოლიტიკური კოჰაბიტაცია მესმის, მაგრამ კოჰაბიტაცია დამნაშავესთან _ არა. “ნაციონალები”, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ვინმესთან კოჰაბიტაციაში შედიოდნენ? საინტერესოა, ვისთან ვაგრძელებთ კოჰაბიტაციას?..
P.S. თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ სქემაზე საუბრისას, მამუკა ბალიაშვილი აქცენტს გიგა ბოკერიაზეც აკეთებს. შეიძლება, ვინმემ იკითხოს, უშიშროების საბჭოს მდივანს თბილისის ბიუჯეტთან რა ხელი აქვსო და ეს ლოგიკური შეკითხვაც იქნება, მაგრამ როგორც “ქართული სიტყვის” კონფიდენციალური წყარო ამბობს, იმ კორუფციული სქემის იდეოლოგი, რომლის გამოც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავეს, სწორედ გიგა ბოკერია იყო.
ამასთან, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოძიებას ბოკერიას წინააღმდეგ გარკვეული მტკიცებულებებიც აქვს. აქედან გამომდინარე, წყარო არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღეში, შეიძლება, გიგა ბოკერიაც დააკაონ.
სხვათა შორის, ამას წინათ, უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლემ, ჟურნალ “ტაბულას” რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პრემიერ ივანიშვილს გიგა ბოკერიას დაჭერა შესთავაზა...
ძნელი სათქმელია, “ქართული სიტყვის” წყაროს ვერსია გამართლდება თუ არა, მაგრამ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგ, პოლიტიკურ კულუარებში თითქმის ღიად აცხადებენ, რომ ხერხემალყოფილის ბედს მალე უგულავა-ბოკერიაც გაიზიარებენ. უშიშროების საბჭოს მდივნისა და დედაქალაქის მერის დაკავებას დასავლეთის მხრიდან, ცხადია, მწვავე რეაქცია მოჰყვება, თუმცა როგორც “ქართული სიტყვის” წყარო ამბობს, არსებობს პრეზიდენტ სააკაშვილის გრიფით საიდუმლო ბრძანებები, რომლითაც მხოლოდ ზემოხსენებული პერსონების, ანუ ბოკერია-უგულავას კი არა, სხვა “ნაციონალთა” კორუფციული დანაშაულიც იკვეთება...