ევროპა და რუსეთი ერთმანეთს კონტრსანქციებს უწესებენ, საქართველოს როლი კი იზრდება

ევროპა და რუსეთი ერთმანეთს კონტრსანქციებს უწესებენ, საქართველოს როლი კი იზრდება

რუსეთი დასავლეთს კონტრსანქციებს უწესებს. 10 ოქტომბერს რუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის მიხედვით ევროკავშირის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ნორვეგიის სატრანსპორტო კომპანიებს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა აეკრძალა. აკრძალვა ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრამდე იქნება. სანქცირებულთა სიაში არ არის საქართველო. რაც დრო გადის, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა და წონა გადაზიდვების მიმართულებით სულ უფრო იზრდება.

რუსეთის ტერიტორიის გავლით საქონლის ტრანსპორტირების აკრძალვა შეეხება იმ ქვეყნების სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებმაც რუსი გადამზიდავებისთვის აკრძალვა მანამდე დააწესეს. შეზღუდვები ვრცელდება ორმხრივ და ტრანზიტულ გადაზიდვებზე, ასევე ტრანსპორტირებაზე მესამე სახელმწიფოს ტერიტორიიდან ან მის ტერიტორიაზე. შეზღუდვები ვრცელდება ტრანზიტზეც.

როგორც „ინტერფაქსი“ წერს, 29 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, დააწესოს აკრძალვა რუსეთის მასშტაბით საავტომობილო ტრანსპორტით „არამეგობრული“ ქვეყნებიდან. ამავდროულად, მთავრობა გეგმავს შეინარჩუნოს საქონლის „არამეგობრული“ მიწოდების შესაძლებლობა რუსეთში საბოლოო მიმღებამდე.

„საბაჟო ტერმინალის კომპლექსებში პსკოვის, კალინინგრადის, ლენინგრადისა და მურმანსკის რეგიონებში, კარელიის რესპუბლიკასა და სანკტ-პეტერბურგში სასაზღვრო კომპლექსებში უცხოური მანქანებიდან საქონელი გადაიტვირთება (ან ხელახლა მიმაგრდება ნახევრადმისაბმელზე) რუსულ და ბელარუსულ მანქანებზე“, - აცხადებენ ტრანსპორტის სამინისტროში.

როგორც ირკვევა, სანქცირებულთა სიაში არ არის საქართველო, რასაც ექსპერტები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, საქართველო აბსოლუტურად აცდენილია სტრატეგიას, რომელიც დასავლეთმა აირჩია რუსეთთან მიმართებით.

„ფაქტობრივად, მორღვეული გვაქვს ეკონომიკური საზღვარი. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ხელისუფლება ამაყობს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს რუსეთთან ინტეგრაციის ხარჯზე. ეს რაც რუსეთმა გუშინწინ გააკეთა, ჩვენ არ შეგვეხება. ისინი, ძალიან კმაყოფილი არიან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით. შესაბამისად, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ხუხაშვილმა.

არსებული მდგომარეობა როგორც არ უნდა შეფასდეს, ფაქტია, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი და მნიშვნელოვანი ხდება. ომს დასასრული არ უჩანს, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის როლი საერთაშორისო ლოგისტიკაში კიდევ უფრო გაიზრდება. Wondernet Express Investment Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მამუკა მურჯიკნელის თქმით, საქართველომ რეგიონალურად უნდა იმუშაოს, რადგან სავაჭრო დერეფნის მდგრადობა აზერბაიჯანთან ერთად ჰარმონიულ მუშაობაზე არის დამოკიდებული.

„ინფრასტრუქტურაში უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ, რათა უფრო დიდი მოცულობის ტვირთების მიღების პოტენციალი გაიზარდოს. თუმცა, ეს მხოლოდ პორტს არ უკავშირდება. დღეს, ღრმაწყლოვანი პორტი და ახალი ტერმინალები აუცილებლად გვჭირდება. გვჭირდება, რომ რკინიგზას უფრო დიდი ტვირთის გატარების შესაძლებლობა ჰქონდეს. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ საქართველოში. ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს ყველაფერი იქაც განხორციელდეს. ვფიქრობ, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ნამდვილად შევძლებთ, რომ უფრო მეტი ტვირთი მივიღოთ და დავიბრუნოთ ის სტატუსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბრეშუმის გზაზე ისტორიულად ჰქონდა“, - თქვა მამუკა მურჯიკნელმა.

ამასთან, ლოგისტიკის საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირება ის მთავარი ნაბიჯია, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ და ბიზნესმა საქართველოს ლოგისტიკურ ჰაბად გადასაქცევად უნდა გადადგან.