ბასა ფოცხიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წინა ხელისუფლებას დაუპირისპირდა და რეჟიმის წინააღმდეგ თავის დამოკიდებულებას ყოველთვის აქტიურად გამოხატავდა... ქვეყანაში ცვლილებების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ინტერვიუებს ერიდება და არსად ჩანს, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ინტერვიუზე მაინც დავითანხმეთ...
"ისედაც ყველამ ვიცოდით, რაც ხდებოდა. ვიდრე ციხის და ამ წამების კადრებს ვნახავდით, მანამდეც ვიცოდით, რომ ასე იყო... მე უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის ავიმაღლებ ხმას, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის (ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს) მოვალეობაა, უსამართლობას არ შეურიგდეს" - ამბობს ბასა ფოცხიშვილი.
- ოქტომბერში ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა. რა შეიცვალა?
- ქვეყანაში ადამიანებს შიშისა და დაუცველობის სინდრომი აღარ აქვთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ადამიანებს ღირსება ან აქვთ ან არა და გაცილებით უფრო ღირსებაშელახულად მიმაჩნია ის ადამიანი, ვინც ნებაყოფლობით იჩაგრავს თავს, ვიდრე ის, ვისაც ნამდვილად ჩაგრავენ.
- ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებული კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს სამსახურების დაკარგვა... ოპერის მთავარმა დირიჟორმა - ზაზა აზმაიფარაშვილმა დღემდე არ იცის მიზეზი თუ რატომ გაათავისუფლეს, ასევე იყო გოგი ჭიჭინაძეც... თქვენ დაზარალდით რეჟიმთან დაპირისპირებით?
- არ მიმაჩნია სწორად იმის თქმა, რომ ზაზა აზმაიფარაშვილი და გოგი ჭიჭინაძე დაზარალდნენ, ისინი ისეთი რანგის დირიჟორები არიან, რომ მათ ვერაფერს დააკლებს სამსახურიდან მოხსნა და ასეთი სისულელეები. ორივე ისეთი დიდი კულტურის და ზნეობის ადამიანია, რომ, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, `დაზარალებულნი" იქნებიან. ეს პატარა ადამიანები ერგებიან და დითირამბებს უმღერიან ყველა მთავრობას. საერთოდ არ მესმის, რა აუცილებელია, ახლო კავშირში იყვნენ ხელისუფლების და ხელოვნების წარმომადგენლები თუ, რა თქმა უნდა, მეგობრები არ არიან?! მაღალი რანგის შემოქმედებს ასეთი მიწიერი დაზარალებით არაფერი აკლდებათ. ყველაზე დიდი რაც შეიძლება მოხდეს მოკლან, ხომ? ამის არაერთი მაგალითია - მიხეილ ჯავახიშვილი უდიდეს მწერლად დარჩა, ევგენი მიქელაძე უდიდეს დირიჟორად და ვინც ისინი ფიზიკურად გაანადგურა, იმდენად არარაობები არიან, სახელი და გვარიც არ ახსოვს არავის...
- ბევრი ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერებზე ასახული ადამიანების წამება მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, თუ ეთანხმებით და თვლით თუ არა, რომ პირველ რიგში ისინი უნდა დაისაჯონ?
- ისინი ისედაც დასჯილები არიან. არსებობს კიდევ უფრო დიდი სამართალი, ვიდრე აქაური სამართალია. თანამდებობით განდიდებული ადამიანი ჩემთვის არაფერია, იმიტომ, რომ თანამდებობა დღეს არის და ხვალ არ იქნება. ამიტომაც, როგორ შეიძლება თანამდებობას ღირსება შესწირო, ძალიან მიკვირს.
- თქვენ რის შემდეგ დაუპირისპირდით წინა ხელისუფლებას, როდის გაგიჩნდათ ეჭვი, რომ სწორად არ იქცეოდნენ?
- კარგი ინტუიცია მაქვს. ბოლშევიკებს ჰგავდნენ და თავიანთი მრწამსით, ქმედებით და იერითაც ბოლშევიკები იყვნენ. მიწაზე რომ იფორთხებდნენ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ეტყობოდათ. სისასტიკეც, ხომ მშიშარა ადამიანების თვისებაა. თუმცა, ამდენ საშინელებას თუ ჩაიდენდნენ, არ მეგონა.
- ცნობილი იყო, რომ კულტურის სფეროში მათ თავიანთი ფავორიტები ჰყავდათ...
- ამაში ცუდი არაფერია. ყველა ხელისუფლებას ჰყავს თავისი ფავორიტები და მეფეებსაც ჰყავდათ. ეს სრულიად არ მიმაჩნია დასაძრახ თვისებად. ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებას უნდა ვუმადლოდეთ, დიდი შემოქმედები რომ ჰყავდა კაცობრიობას. კომუნისტებსაც ჰყავდათ თავიანთი ფავორიტები და უფრო მეტად კარგები. ვინც უნდა იყო, უფლება გაქვს, ფავორიტი გყავდეს, მაგრამ სხვებს არ უნდა ებრძოდე. ეს უკვე პატარა ადამიანების თვისებაა.
- ახლაც შეიმჩნევა, რომ წინა ხელისუფლების ჩაგრული ხელოვანები დაწინაურდნენ და ფავორიტებს პრობლემები შეექმნათ... თუნდაც ნიკოლოზ რაჭველს..
- ხელოვანის დაწინაურება რას ნიშნავს, არ ვიცი. ჩინოვნიკი ხომ არაა?! ნიკა კარგი მუსიკოსია და ეს ყველამ ვიცით... მე ვისურვებდი, რომ ყველა მთავრობამ დაანებოს თავი ხელოვანებს. საერთოდ, ვინც უნდა იყოს ხელოვანი და ვის მხარეზეც უნდა იდგეს, ყოვლად მიუღებელია, ხელისუფლება ებრძოდეს.
- ჩვენ გვახსოვს თქვენი და მანანა ბერიკაშვილის დაპირისპირება. დღეს იგი კულტურის მინისტრის მოადგილეა და როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- არაჩვეულებრივი... მაშინაც ცუდი არაფერი მითქვამს. უბრალოდ გამიკვირდა, რომ შეიძლებოდა მანანა ბერიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მომხრე ყოფილიყო. მანანა არაჩვეულებრივი ადამიანია, ბრწყინვალე რეჟისორი, დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს მთელი ოჯახი...