3-წლიან ტარიფს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ დაადგინა, ვადა მალე ეწურება. დაახლოებით 2 თვეში ახალი გადასახადები უნდა დადგინდეს. საზოგადოებაში ბოლო პერიოდში გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ტარიფები გაიზარდოს, მით უფრო, რომ ევროპაში ენერგორესურსების დეფიციტი და შესაბამისად, არანორმალური ფასებია.
როგორც ჩანს, საქართველოში ამჯერად არანაირი საფრთხე არ იკვეთება. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია წინასწარ აცხადებს, დღევანდელი ვალუტის გაცვლითი კურსისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ელექტრონერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„გვიახლოვდება ზამთრის სეზონი, შესაბამისად, მოქალაქეებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ქვეყანა ზამთრის სეზონს ენერგეტიკულად სრულად მზად ხვდება, როგორც ელექტროენერგიით, ისე ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მხრივ. ელექტროენერგიაზე დროებითი ტარიფები რაც გვქონდა დაგეგმილი, იგივეს გავაგრძელეთ ბაზრის გახსნამდე.
პარალელურად ბუნებრივი აირის სექტორში გვიწევს დეკემბერში ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით რამე ზრდას ტარიფზე არ ველოდებით“, - განაცხადა ნარმანიამ პრესკონფერენციაზე და იქვე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს აქვს გრძელვადიანი შეთანხმება გაზით უზრუნველყოფაზე, მიწოდების ფასი იქნება უცვლელი.
„მოგეხსენებათ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ჩვენთან დეფიციტური პერიოდია და საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან უწევს ელექტროენერგიის შემოტანა. სექტემბრის დეფიციტი აზერბაიჯანიდან შემოტანილი ელექტროენერგიის ხარჯზე დაიფარა როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის. ასე რომ, იმპორტიორ ქვეყნად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. იმპორტი რუსეთიდან არ ხორციელდება, რადგან არ გვჭირდება.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მცირე მოცულობით ხდება შემოტანა, ისიც სისტემის დაბალანსებისთვის, ანუ ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე. თუმცა 90%-ზე მეტი ყოველწლიურად კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი შეთანხმება გვაქვს, გაზის მიწოდებაზე რაიმე სახის საფრთხე, როგორც ფიზიკური მოცულობის დეფიციტის, ასევე ფასების ზრდის კუთხით, არ გვაქვს“, - აღნიშნა ნარმანიამ.
მარეგულირებელი ორგანიზაციის პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომელიც აცხადებს, რომ დღესდღეობით გადასახადის გაიაფების ყველა წინაპირობაა, მაგრამ სემეკი კვლავ რჩება გამანაწილებელი კომპანიების ინტერესების გამტარებლად და მისი ქმედებით მოსახლეობა ზარალდება.
„ლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე კომუნალური გადასახადების გაიაფების რესურსი რეალურად არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში ტარიფი გვიძვირდებოდა იმ მიზეზით, რომ ლარი გაუფასურებული იყო. ახლა ეს ფაქტორი მოიხსნა. ქართული ვალუტა დიდი ხანია გამყარდა, მაგრამ გადასახადების კლებაზე არავინ ფიქრობს.
რაც შეეხება გაძვირებას, ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. ტარიფის გადახედვა როცა მოხდება, ყველა შესაძლებლობაა, შეამცირონ, ლარის სტაბილურობა ამის საშუალებას იძლევა. თუკი კურსის მიზეზით ძვირდებოდა გადასახადი, კეთილი ინებონ და ამავე მიზეზით მოხდეს გაიაფებაც. ბოლოს და ბოლოს, გვანახონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე.
მესმის, რომ სემეკი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, მაგრამ ხომ არ შეიძლება ეს სტრუქტურა მუდმივად კომპანიების დიქტატის ქვეშ იმყოფებოდეს და ყოველთვის მათ ინტერესებს ითვალისწინებდეს?! რასაც კომპანიები უკარნახებენ, სემეკიც იმ მითითების შემსრულებელია“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა და დასძინა, რომ მაღალი გადასახადის გამო სოციალური ფონი მძიმეა, თუმცა ამას არასდროს მოჰყოლია პროტესტი მოსახლეობის მხრიდან, რაც ტარიფთან დაკავშირებული არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებას აიოლებს.