ბიზნესმენები რთველის სუბსიდირების ეტაპობრივად შემცირებას და შემდეგ საერთოდ შეწყვეტას ითხოვენ. იდეას მთავრობაც ეთანხმება, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ამას ახლა კი არა, კიდევ რამდენიმე წელიწადი ვერ მოახერხებს. ამასობაში ქვეყანაში ყურძნის ჭარბწარმოებაა და მისი მასშტაბები იზრდება. პარალელურად ყოველ წელს რთველის დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან სულ უფრო მეტი თანხის გამოყოფა არის საჭირო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლას დაახლოებით 3-4-წლიანი პერიოდი დასჭირდება. დღესდღეობით დაფინანსების მიზეზი მსოფლიოში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესებია.
„რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო საერთოდ გამოსული იყო სუბსიდირებიდან, მაგრამ, როგორც იტყვიან, მტერსაც არ სძინავს, 2019 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, საწარმოებმა განიცადეს კიდევ ერთი ზეწოლა გარესამყაროსგან და პრაქტიკულად, გამოსული სუბსიდირებიდან კიდევ დავბრუნდით ამ პროცესში. შემდეგ ამას მოჰყვა კოვიდი, ახლა რუსეთის აგრესია, ინფლაციური პროცესები, ეს ყველაფერი ბიზნესის წარმატებაზე გავლენას ახდენს, ბუნებრივია, ყველას დრო სჭირდება ბაზარს მოერგოს.
სუბსიდირებიდან გამოსვლას შეიძლება 3-4 წელი დასჭირდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, მსოფლიო რამდენად სწრაფად დამშვიდდება, რადგან იცით ძირითადი ბაზარი უკრაინა იყო, ახლა სხვა მდგომარეობაა, ნელ-ნელა დალაგდება სამყარო და მოვახერხებთ გამოვლას“, - განაცხადა ხანიშვილმა.
საქართველოს მთავრობას მათრლაც აქვს გეგმა რთველის სუბსიდირებას ეტაპობრივად შეწყვეტასთან დაკავშირებით. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ პროცესიდან ეტაპობრივ გამოსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლისთვის, მთავრობა პირველ ნაბიჯებს უკვე მომავალი წლიდან გადადგამს.
„ჩვენს 10-წლიან გეგმაში, რომელიც 2030 წელს სრულდება, ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლა ერთ-ერთ მიზნად არის გაწერილი. პირველი ნაბიჯები, რომელსაც მომავალ წელს გადავდგამთ, სუბსიდირების ხარისხთან მიბმა იქნება. ამ სქემაზე მუშაობა მიმდინარეობს და ზუსტი გეგმა ალბათ, წელსვე გვექნება, რათა იანვრიდან ვენახის სხვლა-ფორმირების დაწყებისას, ფერმერმა იცოდეს პირობა, რომელიც მას მომავალი წლის შემოდგომაზე ელის. პირველ ეტაპზე, ალბათ, ყურძნის ხარისხის მიხედვით სუბსიდირების მოცულობაში იქნება სხვაობა; შემდგომ ეტაპზე კი პირველი, რასაც ვიზამთ, უხარისხო ყურძნის სუბსიდირებიდან გამოსვლა იქნება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ლევან მეხუზლას განმარტებით, თეთრი ჯიშის ყურძნებიდან ძირითადად მაღალალკოჰოლური საბრენდე სპირტი იწარმოება, რომლის მთავარი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო. შესაბამისად წელს თეთრ ყურძენზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად შემცირდებოდა. მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამიდან გამოუსვლელობის მთავარ არგუმენტად მეხუზლა სწორედ ამას ასახელებს.
მეწარმეები კი კარგა ხანია ითხოვენ სახელმწიფომ თავი შეიკავოს სუბსიდირებისგან, რადგან ეს ჯანსაღი პროცესი არ არის. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო შეძლებს და ერთ დღეს ამ სქემიდან გამოვა.
„სუბსიდირების პროცესი ჯანსაღი არ არის, მით უმეტეს როდესაც ის გრძელვადიანია. აქ გარკვეული შეჩვეულობის პრინციპია, რადგან ის წინა მთავრობის დროს დაიწყო და გარკვეულწილად, ეს პროცესი ინერციით გრძელდება. გარკვეული დატვირთვა ამ პროცესს აქვს. შარშან და წელს რთველის დასუბსიდირება, გლეხობას მომავალ წელს დასუბსიდირების მოლოდინსაც უჩენს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, რომ უფრო მეტი თანხა ცნობადობის გაზრდასა და განვითარებაზე დაიხარჯოს, რაც საშუალო და გრძელ ვადაში ქართული ღვინის ცნობადობას აამაღლებს, ეს კი, თავის მხრივ, მოთხოვნისა და ღვინის გაყიდვების გაზრდას გამოიწვევს, რომელიც შემდეგ ციკლურად ბრუნდება და ყურძენზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. ალბათ, ამ კუთხით მუშაობენ და ფიქრობენ და ალბათ, მოვა დრო, როდესაც ეს საკითხი გადაწყდება.
რაღაც პერიოდი სუბსიდირება გასაგებია, რადგან ეს სოციალური პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავე დროს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ღვინის ცნობადობის გაზრდაზე უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოს, ვიდრე დღეს არის. იმედი მაქვს ეს დღე დადგება“, - განმარტა ზურაბ მარგველაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 წლებში რთველის სუბსიდია 40 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე, 2021 წელს კი 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა.