ბინის გაქირავების ფასი შემცირებას დაიწყებს და გაზაფხულზე სულ სხვაგვარი სიტუაცია იქნება

ბინის გაქირავების ფასი შემცირებას დაიწყებს და გაზაფხულზე სულ სხვაგვარი სიტუაცია იქნება

რუსეთის ფედერაციის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. მობილიზაციის გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ რამდენჯერმე მოიმატა და ეს ტენდენცია კიდევ გრძელდება. შექმნილი გარემოება კი ბადებს კითხვას - გაიზრდება თუ არა უძრავ ქონების გაქირავების ფასი?

მართალია ბაზარზე ჯერ კიდევ აჟიოტაჟია, მაგრამ ანალიტიკოსები და დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ქირის ფასიც თანდათან დაიკლებს. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე ზამთარში გადაიდგმება და გაზაფხულზე უკვე სულ სხვა მოცემულობა იქნება, ვიდრე დღესაა.

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას აზრით, წლის ბოლომდე ბინის ქირაზე ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა შემდგომ წლებში უფრო მეტად მისი შემცირებაა მოსალოდნელი.

„წელს არ მგონია, რომ ბინების ქირის მაღალ ფასთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალოს, თუმცა უკვე შემდგომ წლებში ვფიქრობ, ასეთი მაღალი გადასახადი ვერ შენარჩუნდება და შესაბამისად, მისი შემცირება იქნება მოსალოდნელი.

ამ ყველაფრის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ ქირაზე ასეთი მაღალი მოთხოვნა მუდმივად ვერ შენარჩუნდება. ვიზიტორების ნაწილის საქართველოში არ დარჩება და ქვეყნიდან გავლენ, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც აქ დარჩენა უნდა, უფრო მეტად შეეცდებიან, რომ ბინა იყიდონ და არა იქირაონ“, - აღნიშნა „პალიტრანიუსის“ ეთერში ნადარაიამ.

ბროკერების ნაწილიც ფიქრობს, რომ ბინის დაქირავების ფასი რამდენიმე თვეში დაიკლებს. შეიძლება ეს პროცესი ზამთარშიც კი დაიწყოს, ვინაიდან უკვე შეიმჩნევა რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში, რაც ზამთარში და შემდეგ უკვე გაზაფხულზეც უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.

როგორც ბროკერი იოსებ გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე გაქირავების ბაზარზე მოთხოვნა შედარებით შემცირდა, მაგრამ ფასები კვლავ მაღალ ზღვარზეა, მაგრამ თანდათან დასტაბილურდება.

„უძრავი ქონების ბაზარზე, განსაკუთრებით ყიდვა-გაყიდვისა და ქირის სეგმენტში წლევანდელ გაზაფხულზე დიდი აჟიოტაჟი იყო, რამაც ფასები თავდაყირა დააყენა. აქამდე დაქირავება საქართველოში ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. ეს იყო პანიკური სიტუაცია. მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის გამო ტარიფები რადიკალურად შეიცვალა. დღეს აჟიოტაჟი არ არის, თუმცა მიწოდების მხრივ გარკვეული პრობლემაა, რის გამოც ფასები კვლავ მაღალია.

რა მოხდება ახლო მომავალში? სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა ზამთარში უკვე საგრძნობლად შემცირდება. ომის გამო საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც თავიანთ სამშობლოს თანდათან დაუბრუნდებიან (ნაწილი მაინც), რაც ფასებზე იმოქმედებს კლების მიმართულებით. ტენდენცია უფრო ზამთარში გამოიკვეთება. მაქსიმუმ 1 წელი საკმარისი იქნება სტაბილურობისთვის და ამის შემდეგ ბინის დაქირავება უფრო ხელმისაწვდომი გახდება. პარალელურად ახალი ობიექტებიც დაემატება ბაზარს.

ჩვენ 2023 წლის გაზაფხულზე რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვექნება, ვერ გეტყვით, რამდენით შემცირდება ფასი, მაგრამ ეს დროც მალე დადგება. მართალია, ომამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, მაგრამ სხვაობა იქნება ისეთი, რომ მომხმარებელი რეალურ შეღავათს იგრძნობს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაზარზე, ძირითადად, არის დაბალბიუჯეტიანი ბინები და უფრო ქალაქის პერიფერიებში მდებარე უძრავი ქონება.