მზღვეველებსა და დაზღვეულებს შორის ვითარება სულ უფრო იძაბება

მზღვეველებსა და დაზღვეულებს შორის ვითარება სულ უფრო იძაბება

„სოფლის მაშენებელი“ სტატუსის მქონე „ალფას“ უმწეოების შემდეგ, ახლა პედაგოგები აუმხედრდნენ. „ავერსის“ კლინიკებში მისულ პედაგოგებს სამედიცინო მომსახურება არ გაუწიეს. მათთვის არც ის აუხსნია ვინმეს, რომელ კლინიკაში უნდა მიიღონ მთავრობის მიერ ნაჩუქარი სამედიცინო მომსახურება. „ალფას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ამ პრობლემას უბრალო გაუგებრობას უწოდებს.

 

ბოლო დღეებში სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით „ალფაში“ დაზღვეულ პედაგოგებს, სამედიცინო მომსაუხრების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. „ავერსის“ გენერალური დირექტორი და სადაზღვევო კომპანია „ალფას“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე „ავერსის“ კლინიკასა და პედაგოგებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას, ინფორმაციულ გაუგებრობას უკავშირებს.

 

როგორც კურტანიძემ აღნიშნა, „ალფაში“ ისევე არიან დაზღვეულები ის პედაგოგები, რომლებიც 2009 წელს იყვნენ და „ალფას“, როგორც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, სხვა პედაგოგებიც დაემატნენ. კურტანიძის განმარტებით, ამის გამო, ყველა პედაგოგს კლინიკა „ავერსი“ ვერ მოემსახურება და მათ სამედიცინო მოსმახურებას, სხვა კლინიკები გაუწევენ. ამის გამო, კურტანიძე პედაგოგებს ურჩევს დარეკონ და გაარკვიონ, თუ რომელ კლინიკას არიან მიმაგრებულები.

 

სადაზღვევო კომპანია „ალფა“ პედაგოგებისთვის დაზღვევის ახალი პოლისების გადაცემას მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებს. კომპანიის ხელმძღვანელის ედუარდ ცხოვრებაძის განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ პედაგოგთა განახლებული სიები უკვე მიაწოდა. შესაბამისად „ალფა“ პედაგოგთა მოძიების პროცესს იწყებს. ედუარდ ცხოვრებაძის თქმითვე, არის საშიშროება, რომ ზოგიერთი მათგანის მიგნება გართულდება, რადგან ბაზაში მხოლოდ სკოლების მისამართებია.

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახლადშექმნილ სადაზღვევო კომპანია „ალფას“ მიმართ დაზღვეულები ყველაზე მეტ პრეტენზიებს გამოთქვამენ. მედიაციის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი განაწყენებული კლიენტი კომპანია „ალფას“ ჰყავს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ფავორიტი პაატა კურტანიძის კომპანია „ალფამ“ სადაზღვევო ტენდერით ყველაზე მსუყე ლოტი თბილისი აიღო, შესაბამისად, კომპანიის დაზღვეულების მოცულობა 200 ათასამდე გაიზარდა.

 

დაზღვეულებს პრობლემები პირველად მაშინ დაეწყოთ, როცა კომპანიამ პოლისები რამდენიმეთვიანი დაგვიანებით დაარიგა და ამით მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება ნახა – ვინაიდან ათიათასობით დაზღვეულმა სამედიცინო მომსახურება ვერ მიიღო, შესაბამისად, ამ მიზნისთვის გასაწევი ხარჯები კომპანიას დარჩა.

 

რატომღაც, ეს ფაქტი ხელისუფლებაში მსუბუქად გააპროტესტეს, იმაზე კი არავის უსაუბრია რა ზარალი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტსა და თითოეულ დაზღვეულს პოლისების რამდენიმეთვიანი დაგვიანებით.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ალფამ“ ტენდერში ისე გაიმარჯვა, რომ მას სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად არც კვალიფიციური კადრები ჰყავდა და არც იმის რესურსი ჰქონდა, რომ სადაზღვევო პოლისები დროულად დაერიგებინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ალფას“ დაზღვეულებმა პოლისები რამდენიმეთვიანი დაგვიანებით მიიღეს.

 

სადაზღვევო ექსპერტები, ღიად „ალფას“ დასახელებას ერიდებიან, თუმცა მიანიშნებენ, რომ სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიციური და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა გააუარესა.

 

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინფორმაციით, სადაზღვევო ტენდერის შესაბამისად მნიშვნელოვნად შეიცვალა დაზღვეულთა განაწილება კომპანიების მიხედვით - 30 000-მდე ცენტრალური პროგრამით დაზღვეულმა თბილისელმა გადაინაცვლა სადაზღვევო კომპანია „ალფა“-ში, ხოლო მათი პოლისირება ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო.

 

მიუხედავად ამგვარი პრობლემებისა, თბილისსა და რეიონებში ჩატარებული კვლევების მიხედვით დგინდება, რომ მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურების კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია და მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხი მაღალია.

 

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ სადაზღვეო პაკეტებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა იზრდება.

 

„კვლევებმა გვიჩვენა, რომ მოსახლეობისათვის სადაზღვევო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, არსებობს რიგი პრობლემებისა, რომელიც ბაზარზე ახალი მოთამაშეების აქტიურობასთან, მათ ინფრასტრუქტრასთან და მომსახურეობის ხარისხთანაა დაკავშირებული და რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

 

იგი ადასტურებს, რომ „უჩინარმა“ სადაზღვევო კომპანიებმა, რომლებმაც ვალდებულებები არ შეასრულეს სადაზღვევო ბაზრის მიმართ მოსახლეობის ნდობა საფრთხის ქვეშ დააყენეს.

 

„თვალსაჩინოა ის საფრთხეები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იკვეთება. კერძოდ, სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიცირებული და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ გააუარესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი, რაც ნეგატიურად აისახა სადაზღვევო ინდუსტრიისადმი განწყობის საერთო პოზიტიურ ფონზე.

 

შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ ეს პრობლემა სახელმწიფოს, სადაზღვევო ინდუსტრიის და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ დროულ და ეფექტიან გადაჭრას საჭიროებს, რათა დაზღვეული მოსახლეობის კმაყოფილების გაუარესების ტენდენციამ არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი და არ გამოიწვიოს როგორც არსებულ დაზღვეულთა უკმაყოფილების შემდგომი ზრდა, ასევე მომავალში დასაზღვევი ჯგუფების იმედგაცრუება და ნიჰილისტური დამოკიდებულება სადაზღვევო მომსახურების მიმართ“, - აცხადებენ სადაზღვევო ასოციაციაში.