„ინფლაცია საქართველოში შემცირების ტენდენციით ხასიათდება“ - ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილი მომავალ პერიოდში ფასებისა და ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით უნდა დაუახლოვდეს 2023 წლის მეორე კვარტლის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც სამი პროცენტია.
„თქვენ იცით, რომ ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე საკმაოდ მაღალი რჩება, ბოლო ორი თვის განმავლობაში შემცირების ტრენდით ხასიათდება, შემცირების მიმართულებით იცვლება. მათ შორის ცვლილება არის გარკვეულ პროდუქტებთან მიმართებაში. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია პროდუქტებზე, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებსა და საერთაშორისო ბაზრებზე ივაჭრება. შესაბამისად, მისი ფასის კვოტირება სწორედ იქ დგება და შესაბამისი ცვლილებების ასახვა ხდება შესყიდვის დროს ქვეყნების მიხედვით. ჩვენ სახეზე გვაქვს, რომ სურსათის საფასო ინდექსი ბოლო სამი თვის განმავლობაში მუდმივად შემცირებით ხასიათდება“.
რაც შეეხება საწვავს, როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში, საერთაშორისო ბაზრებზე საწვავთან მიმართებაში ფასის შემცირება ფიქსირდება, რაც გარკვეული დროის შემდეგ საქართველოში არსებულ ფასებზე აისახება.
„ამ მიმართულებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოცემულობა, რაც ფასების შემცირების მიმართულებით გვაქვს, უნდა გაგრძელდეს იმ სტატისტიკის მიხედვით, რა სტატისტიკაც ბოლო პერიოდში სახეზე გვაქვს. თუმცა ასევე, ყველა კარგად ვხედავთ, რა რისკები არსებობს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ძალიან რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება, რა შეიძლება, შეიცვალოს და რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში ის მოლოდინები, რაც ბოლო სამმა თვემ აჩვენა, გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ფასებისა და ინფლაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებშიც“.
ფინანსთა მინისტრის შეფასებებს იზიარებს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე. მისი თქმით, ბოლო ორი თვეა, პოზიტიური დინამიკა გვაქვს, არა მარტო პურის ფასი შემცირდა, არამედ წისქვილკომბინატებიც ამუშავდა, რაც ახლო მომავალში ფასების რეგულირებას ნიშნავს.
გიორგი ცუცქირიძე: არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენთან ინფლაციის დიდი ნაწილი გარედან იმპორტირებულია. ეს, პირველ ყოვლისა, სასურსათო ინფლაციას ეხება, ასევე, საწვავზე ფასების ზრდასაც. ბუნებრივია, გაძვირებული ტრანსპორტი პროდუქციის ფასებზე ნეგატიურად აისახება. ინფლაციის ზრდა, ძირითადად, მთელს მსოფლიოში იყო. ინფლაცია სარეკორდოც იყო, იგივე აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო 40 წლის მანძილზე ასეთი მაღალი ინფლაცია არასდროს ყოფილა. ეს ძირითადად გამოიწვია, ერთი მხრივ, მიწოდების ჯაჭვების წყვეტამ, რაც კოვიდპანდემიურმა შოკმა განაპირობა. ასევე, ამას მეორე ნეგატიური ფაქტორიც დაემატა – ომი უკრაინაში, რამაც ფასწარმოქმნაზე საკმაოდ ნეგატიური როლი ითამაშა. ვნახეთ, რომ ხორბლის ფასმა აიწია, რაც ასევე განპირობებული იყო იმით, რომ უკრაინიდან პორტების ჩაკეტვის გამო ხორბლის ექსპორტი ვერ ხერხდებოდა. შემდეგ, როცა გაიხსნა გზა, მოგეხსენებათ, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა იყო ჩართული, პირველ ყოვლისა - თურქეთი. ევროპასა და მსოფლიოში უკრაინული ხორბლის ექსპორტი მოხერხდა. ამან ხორბალზე ფასების შემცირებას შეუწყო ხელი. ზოგადად, ხორბლის ფასი არა მხოლოდ უკრაინის მოსავალზეა დამოკიდებული. მართალია, უკრაინა ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია, მაგრამ ფასი ზოგადად მოსავალზეა დამოკიდებული. წელს ხორბლის მოსავლის პოზიტიური დინამიკაა. ამან ტონა ხორბალზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია. ჩვენს მაგალითზე რომ ავიღოთ: ხორბალზე, რომელიც საქართველოში შემოდის, ფასი 350 $-დან 320 $-მდეა შემცირებული. ეს, ერთი მხრივ, ფქვილის ფასზე და, მეორე მხრივ, პურის ფასზე ძალიან პოზიტიურად აისახა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მარტო პურის ფასი შემცირდა 10 თეთრით, ბევრმა მწარმოებელმა პურზე ფასის შემცირება დაიწყო, აქ, პრაქტიკულად, ყველა კატეგორიის პურზეა საუბარი, არამედ, წისქვილკომბინატებმაც მუშაობა დაიწყეს, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის მანძილზე გაჩერებულები იყვნენ. მაღალი ფასის გამო აქ ხორბლის შემოტანა და დაფქვა არარენტაბელური იყო. ის ფქვილის შემოტანით იყო ჩანაცვლებული. ეს, ერთი მხრივ, ჩვენს წარმოებას აჩერებდა, მეორე მხრივ, იმპორტს ზრდიდა. დღეს გაიაფებით ეს პრობლემა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. წისქვილკომბინატები ამუშავდა, ბოლო 2 თვეა, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ინფლაციის ტენდენციაზეც აქედან უნდა ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, პური ერთ-ერთია, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის რაციონში დიდი წილი აქვს. ამის გარდა, ინფლაციაზე ძალიან მგრძნობიარედ საწვავის ფასები ზემოქმედებს. აქაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე კლების ტენდენციაა, მართალია – ისეთი არა, როგორც ცოტა ხნის წინ იყო, როცა ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ კლების ტენდენცია დაჭერილია, რაც აისახება როგორც საწვავის ფასებზე, ისე – გადაზიდვების ფასებზე, რაც კატასტროფულად გაზრდილი იყო და ზოგადად, პროდუქციის ფასზე მოქმედებდა.
თქვენი შეფასებებიდან გამომდინარე შესაძლოა ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდეს?
- ზოგადად, ტენდენცია რომ შევაფასოთ: წლის დასაწყისში, 1-ელ კვარტალში ძალიან მაღალი ინფლაცია გვქონდა, ზაფხულში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა, აგვისტოში დაწეული იყო. დარწმუნებული ვარ, ინფლაციის სექტემბრის მაჩვენებელი , კიდევ უფრო დაწეული იქნება. წლის დასაწყისში თუ 13,7%-იანი ინფლაცია გვქონდა, დიდი ალბათობით, ინფლაციის მაჩვენებელი 10%-მდეც დაიწევს. ეს ზოგადად ამ წლის შეფასებაა, ასეთია ჩემი პროგნოზი. მსოფლიო ბანკის და მათ შორის ეროვნული ბანკის პროგნოზითაც, მომავალ წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირებული იქნება. მართალია, ის მიზნობრივ ორიენტირზე არ იქნება, რომელიც ეროვნულ ბანკს გასულ წლებში ჰქონდა, მოგეხსენებათ ეს 3-4%-ია, მაგრამ, სავსებით რეალისტურია, რომ მომავალ წელს ინფლაცია საშუალოდ 6-7 %- ზე გვქონდეს. ჩვენ ამ წელს ასევე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. როცა მაღალ ფასებსა და ინფლაციაზე არის ხოლმე ლაპარაკი, ნეგატიური ფაქტორის ერთ-ერთი გადამწონი ეკონომიკის მაღალი ზრდა არის ხოლმე. მაღალი ზრდა გვექნება, სავარაუდოდ, ყველა პროგნოზით – 8,5%. ჩემი შეფასებით, რომელიც აგვისტოში გავაკეთე, 8,5 %-ზე მაღალი ზრდა გვექნება, საუბარია წლიურ საშუალო მაჩვენებელზე, ეს არის დაახლოებით, 9-9,5%.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, შენარჩუნდება არსებული ტენდენცია თუ ტურისტული სეზონის დამთავრების შემდეგ გარკვეული ცვლილებები გვექნება?
- რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, იყო პროგნოზები, რომ ტურისტული სეზონის დროს იქნებოდა კურსის რეგულირება. მაშინდელი ჩემი პროგნოზი ფაქტობრივად გამართლდა. მინდა გითხრათ, რომ გარდა ტურიზმისა, ვალუტის კურსზე პოზიტიურად მოქმედებს ინვესტიციები, რომელიც მიმდინარე წელს საგრძნობლად არის გაზრდილი. ჩვენ, წლის ბოლოს უნდა ველოდოთ ინვესტიციების ყველაზე დიდი მაჩვენებელს, ეს იქნება ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი მაჩვენებელი. ასევე, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ექსპოტი, სწორედ აქედან გამომდინარე იყო პროგნოზი, რომ ჩვენ, სავალუტო დეფიციტი არ უნდა შეგვქმნოდა, რაც ნეგატიურად აისახებოდა ლარის გაცვლით კურსზე. დაგვრჩა ბოლო კვარტალი და ჩემი შეფასებით, ვალუტის კურსი იქნება 2.85-2.90-ის ფარგლებში. ასევე, ინფლაცია დაწეული იქნება 10%-მდე, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში გვქონდა 13,7%. ინფლაციის კლებას ელოდებიან ასევე ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. რადგანაც ჩვენ ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც.