პუტინი უზბეკ-ტაჯიკი მიგრანტებით აპირებს დამარცხების პირას მყოფი რუსეთის არმიის გაძლიერებას...

პუტინი უზბეკ-ტაჯიკი მიგრანტებით აპირებს დამარცხების პირას მყოფი რუსეთის არმიის გაძლიერებას...

პუტინი რავშანისა და ჯამშუტის კომედიური გმირების მსგავსი შუააზიელი მიგრანტებით აპირებს უკრაინის არმიის დამარცხებას?
რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციისა და ამას მოყოლებული რუსი რეზერვისტების მეზობელ ქვეყნებში მასობრივი დეზერტირობის ფონზე, ერთგვარ ჩრდილში აღმოჩნდა პუტინის მიერ ხელმოწერილი კიდევ ერთი, ძალზე საინტერესო კანონი, რომელიც საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მართლაც... ჩამოშლის პირას დგანან!

უკრაინაში თითქმის რვათვიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, რუსეთის არმიამ მძიმე დანაკლისი განიცადა, მანამდე, წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად კარგად მომზადებულ, კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს შორის, ანუ რუსული პროფესიონალური არმია თითქმის „დამთავრდა“, რის გამოც, კრემლი იძულებული გახდა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოეცხადებინა და ამასთან, ციხეებიდანაც კი წაესხა პატიმრები უკრაინის ფრონტზე...

მაგრამ რაც ვერ შეძლო რუსულმა „პროფესიონალურმა“ არმიამ, მით უმეტეს, ვერ გააკეთებს რუსული „სამოყვარულო“ არმია, ამიტომაც კრემლი კიდევ ერთ ხავსს ეჭიდება და სასწრაფოდ იღებს კანონს - „უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არანაკლებ ერთწლიან კონტაქტს დადებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე, გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას“...

აქამდე, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად მსურველს სჭირდებოდა ცნობა, რომ ბოლო ხუთი წელი შეუწყვეტლად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ასევე, ბევრი სხვა პირობის დაკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ქრთამის მიცემა ჩინოვნიკებისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეობა მოეპოვებინა.

მოსკოვთან მდებარე საემიგრაციო ცენტრში - „სახაროვო“, წლებია, მოსკოვის ქუჩებში დაჭერილ უცხოეთის მოქალაქეებს ათავსებენ, რომლებსაც ვიზაზე აქვთ ვადა გასული ან არ გააჩნიათ დედაქალაქში საცხოვრებელი ადგილის ცნობა და შემდეგ, მათ დეპორტაციას ახდენენ რუსეთიდან.

საქართველოს არაერთ მოქალაქესაც უწვნევია „სახაროვოში“ „სტუმრობის“ მთელი „სილამაზე“, თუმცა ამ ცენტრის უფრო ხშირი, დროებითი ბინადარნი მაინც შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკელების წარმომადგენლები არიან,განსაკუთრებით კი უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან.

უზბეკი და ტაჯიკი მიგრანტები მოსკოვში ძირითადად მშენებლობებზე მძიმე სამუშაოებს ასრულებენ, ასევე მუშაობენ მეეზოვეებად და დასუფთავების სამსახურში, თუმცა მათ ეს უღირთ, რადგან სამშობლოში ამდენსაც კი ვერ შოულობენ.

კოვიდის პანდემიის პერიოდში, მოსკოვის მთავრობამ შუა აზიის ქვეყნებიდან ათასობით მიგრანტი დედაქალაქიდან გაყარა და მათი იძულებითი დეპორტაცია მოხდა რუსეთიდან, დღეს კი ყველაფერი თავდაყირა დგება...

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი ძირითადად სწორედ ამ შუა აზიელ მიგრანტებზეა გათვლილი,რომლებსაც უკრაინასთან ომში გაჭირვებული რუსეთი ასეთ არჩევანს სთავაზობს - გახდები ჩემი მოქალაქე, ამისთვის კი სულ რაღაც ერთი წლით იმსახურე რუსეთის არმიაში, რისთვისაც კარგ ანაზღაურებასაც მიიღებო...

200 ათასზე მეტი რუსული რუბლის ყოველთვიური ანაზღაურების მიღება რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამსახურის დროს, უზბეკი თუ ტაჯიკი(და არა მარტო მათი) მიგრანტებისთვის ერთი შეხედვით ფანტასტიკურად მიმზიდველ შეთავაზებად მოჩანს, მაგრამ როგორც იტყვიან, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიაო...

არც უნდა მარჩიელობა იმას, რომ კონტრაქტზე ხელმოწერილ მიგრანტებს მაშინვე უკრაინის ფრონტზე უკრავენ თავს იმ „საზარბაზნე ხორცად“, რომელიც ასე შემოაკლდა კრემლს, რომელიც უკრაინის დაჩოქებას შეიძლება რვა დღეში გეგმავდა, მაგრამ ომის მერვე თვის თავზე, სამარცხვინოდ დამარცხების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა...

პ.ს.

შუა აზიის რიგი ქვეყნების მთავრობებმა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა რუსეთში მყოფ თანამემამულე მიგრანტებს მოუწოდეს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომში...

პ.ს.ს.

"ჩვენებურ" სეპარატისტებში - რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მაცხოვრებელთა შორისაც არანაკლები პანიკაა დაწყებული, იმის შიშით, რომ რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია შეიძლება მათ მამებს, მეუღლეებსა და შვილებსაც შეეხოს, მაგრამ რას იზამენ, ამ ქვეყანაზე ხომ ყველაფრისთვის საფასურის გადახდაა საჭირო..