„გაურკვევლობა“ „ნაცმოძრაობაში“ მელიას განცხადების გამო - „ერთი ალთას არის, მეორე - ბალთას“

„გაურკვევლობა“ „ნაცმოძრაობაში“ მელიას განცხადების გამო - „ერთი ალთას არის, მეორე - ბალთას“

ფრაგმენტული და არათანმიმდევრული განცხადებები კეთდება „ნაციონალურ მოძრაობაში", ვერ გაიგებ, პარტიულია თუ მელიას განცხადებაა - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ პირველი არხის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო - ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში".

ამ განცხადებას „ნაცმოძრაობაში" უცნაური უწოდეს. თანაპარტიელი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ არასწორია თავმჯდომარის მხრიდან ისრების გადატანა „იმ დროს, როცა ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმი დასუსტებულია".

„გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო. იმ პირობებში, როცა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული და მეტიც, თანაგუნდელი ამხელს კრემლთან ურთიერთობაში მთავრობის წევრებს, ბიძინა ივანიშვილს ასეთ დროს ისრების გადატანა, მათ შორის ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მხრიდან, არასწორად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. როცა კეზერაშვილზეა საუბარი, ეს ადამიანი არის აღიარებული პოლიტიკურ დღევნილად. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია მისი პოლიტიკური დევნის შესახებ, ევროპულ რეზოლუციაშიც არის მითითებული, რომ ეს ადამიანი არის პოლიტიკური დევნილი," - აცხადებს „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.

„ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ფინანსებზე, შიდა გავლენებსა და ტელევიზიებზე „ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლა ერთმანეთთან დიდი ხანია, დაწყებულია, მელია კი ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს და უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია.

„კეზერაშვილზე არ არის საუბარი, მონოპოლისტია თუ ოლიგარქი, მაგრამ ასეთ თემას რომ მიართმევ ლანგრაზე ოპონენტს, გამოიყენებს, აბა, რას იზამს, უნდა გამოიყენოს კიდეც. ძალიან ფრაგმენტული და არათანმიმდევრული განცხადებები კეთდება „ნაცმოძრაობაში". ერთი ალთას არის, მეორე - ბალთას, ჯერ შექმნიან აჟიოტაჟს, რომ ამერიკა აღმოაჩინეს, მერე გაირკვევა რომ ბლეფია. ნახევარი წელია, დეოლიგარქიზაციის კანონზე ლაპარაკობდნენ, ახლა შეჩერდნენ. ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, ვერ გაიგებ, მათი განცხადებები პარტიულია თუ ვისია. ესაა, არასერიოზულობის განცდას რომ აჩენს საზოგადოებაში," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.