საქართველოში, აქტიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მცირდება ყოველწლიური სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირების ცენტრებში მისული მანქანების რაოდენობა. ამაჟმად ტექდათვალიერებას ავტომობილების მხოლოდ ნახევარი გადის. სავარაუდოდ, ვითარება შეიცვლება საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, რომელიც უკვე მალე შევა ძალაში.
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აკრედიტაციის ცენტრებს პერიოდული ტექნიკური დათვალიერებისთვის 693 978-მა ავტომფლობელმა მიმართა, საიდანაც 491 212 ავტომობილი გამართული იყო, 200 134 - გაუმართავი, მათგან 2 632-ს კი გადაადგილება აეკრძალა.
2021 წლის პირველ 8 თვეში კი, 762 109 ავტომფლობელი გამოცხადდა ინსპექტირების ცენტრებში. აქედან პირველივე ჯერზე ტექდათვალიერება 513 049 ავტომობილმა გაიარა, 245 801 ავტომობილი იყო გაუმართავი, საბოლოოდ კი, გადაადგილება გასული წლის იანვარ-აგვისტოში 3 259 სატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა.
მონაცემები არასახარბიელოა. ამიტომ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში განიხილება კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანას.გ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის თქმით, პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევა სწორედ ავტომობილებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე.
„ტრანსპორტის სექტორიდან დაბინძურების შემცირების მიზნით, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები როგორც საწვავის ხარისხის გაუმჯობესების, ასევე ავტოპარკის გაახალგაზრდავების კუთხით. 2018 წლიდან ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით კვლავ რჩება გამოწვევები. სწორედ რეფორმის სრულყოფის, ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობისა და საბოლოოდ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია აღნიშნული ცვლილების განხორციელება“, - ბითაძემ.
ამჟამად ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.5 მლნ-ზე მეტი ავტომობილი. საავტომობილო დარგის ექსპერტის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, ყოველწლიურ სავალდებულო ინსპექტირებას კი, ნახევარი გადის, რასაც სპეციალისტი აღსრულების მექანიზმში პრობლემებით ხსნის.
„დღესდღეობით 1,5 მლნ ავტომობილი არის აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალება. მათგან ტექინსპექტირებას ნახევარი გადის. დასკვნების გამოტანაც მარტივია, თუ რამდენი სატრანსპორტო საშუალება თავს არიდებს სავალდებულო პროცედურას. მათგან, სავარაუდოდ, ბევრი მათგანი გაუმართავია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ იორდანიშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს სანქციებს შემდეგ შემთხვევაში:
თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირებაგაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:
- ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით;
- იურიდიული პირი ანდა ინდმეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა, აღნიშნული გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- იურიდიული პირის ანდა ინდმეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იმავე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
- იურიდიული პირის ანდა ინდმეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.