გზების მშენებლობა ზოგან დაჩქარდა, ზოგან საერთოდ გაჩერდა

გზების მშენებლობა ზოგან დაჩქარდა, ზოგან საერთოდ გაჩერდა

საქართველოში გზების მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი სიტუაციაა. თუ ზოგიერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის მშენებლობა დაჩქარებულია და ვადებიც შემცირებული, ზოგიერთ მონაკვეთზე დიდი შეფერხებებია ან საერთაოდ არავითარი მუშაობა არ მიმდინარეობს. ამ დროს საქართველოს დერეფნის მიმართულებაზე მოთხოვნა გაათმაგებულია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი ყველა საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასვლას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება და საგზაო ქსელის ასეთი განვითარების პირობებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ე.წ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება.

„შთამბეჭდავია აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე გამომწვევი რიკოთის მონაკვეთის პროგრესი. 97 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 90 ხიდზე, 51 გვირაბიდან კი, ყველაზე. 32 გვირაბი უკვე გაჭრილია და ეს პროცესი გრძელდება. რიკოთის 4 მონაკვეთად ყველაზე კარგი პროგრესი ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის, ანუ ცენტრალურ მონაკვეთებზე გვაქვს, რომლის კონკრეტული ნაწილის გახსნას წელს ვგეგმავთ, ხოლო მთლიანად რიკოთის 52 კმ-იანი გზის დასრულება უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მინისტრმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის გამოწვევები საბოლოოდ გადალახულია. პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთის დასრულება დაგეგმილია წლის ბოლოს. მხოლოდ პირველი მონაკვეთის გახსნა კი, შესაძლებლობას იძლევა გვქონდეს 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი. შესაბამისად, არგვეთას კვანძიდან, ზესტაფონიდან მაგისტრალით უკვე ლანჩხუთში ჩავალთ. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს, სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა.

„მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის 460 კმ-იანი მაგისტრალი 30 კმ-ით შემცირდება და 430 კმ იქნება. აქედან, 219 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისათვის, 118 კმ-ზე კი, მიმდინარეობს სამუშაოები. სწორედ ეს არის ის 118 კმ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა ძირითად მონაკვეთს მოიცავს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე, უკვე ყველა ძირითადი მონაკვეთ იქნება გახსნილი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრესია კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის მიმართულებითაც. ამჟამად 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსდება. მომავალ წელს გაიხსნება პირველი, ხოლო 2024 წელს - 2 დარჩენილი მონაკვეთი და ყველაზე გამომწვევი თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთ ამით უკვე დასრულებული იქნება.

პარალელურად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზეც. მთლიანობაში კი, დაგეგმილია 85 კმ-იანი მაგისტრალის აშენება. მინისტრის თქმით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს შარშან გახსნილ გურჯაანის შემოვლით გზას, რომელმაც გადაადგილების დროც გაანახევრა. ამჟამად მიმდინარეობს, ასეთივე მნიშვნელობის ბაკურციხე-წნორის საგზაო მონაკვეთის მშენებლობა.

სამაგიეროდ, დიდი შეფერხებებია ბათუმის ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შემოვლითი გზის კმ1+000 - კმ13+325 მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ავტობანის 330 მლნ ლარის ღირებულების მონაკვეთის პროექტის დასრულების შესახებ უწყების მიერ გამოგზავნილ პასუხებში დაზუსტებული არ არის.

„სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734.78 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, კონტრაქტორის მხრიდან საჭირო რესურსის არასათანადო მობილიზაციის გამო, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სუსტი პროგრესით. კონტრაქტორი კომპანია როგორც დეპარტამენტის, ასევე საზედამხედველო კომპანიის მხრიდან არაერთგზის იქნა გაფრთხილებული და მიეცა მითითება ემოქმედა ხელშეკრულების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები სამუშაოების პროგრესის გასაზრდელად, დეპარტამენტი განახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცედურებს“, - განუცხადეს „ბიემს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე დასრულებულია მხოლოდ ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები. არავითარი სხვა ვადა ცნობილი არ არის.

პროექტი შედგება 9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბისა და 28 კმ სიგრძის საავტომობილო გზისაგან. მიწის გზის ვაკისის სიგანედ განსაზღვრულია - 8 მეტრი, სავალი ნაწილის სიგანედ განსაზღვრულია - 6,5 მეტრი, გვირაბის ვერტიკალურ გაბარიტად განსაზღვრულია - 4,6 მეტრი. ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის ჯამური ღირებულება პროექტის მიღების ეტაპზე 665 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

„პროექტის განხორციელება, დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობისა და სხვა განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განხილული იქნება მომდევნო წლებში“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტმანეტში.

შეგახსენებთ, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა 2016 წლის 25 აგვისტოს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ ლენტეხიდან მესტიაში ასვლა გვირაბით, საათნახევარში იქნებოდა შესაძლებელი. ამჟამად ყველა პროცედურა შეჩერებულია.