მსოფლიოში, როგორც იქნა, გადაზიდვის ტარიფები თანდათან ძველ ზღვარს უბრუნდება. მართალია პანდემიამდელ ნიშნულამდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, კონტენერების დაქირავების ხარჯი უკვე განახევრებულია და კვლავ აგრძელებს შემცირებას. ეს კი აუცილებლად იმოქმედებს პროდუქციის ფასზე, რომელიც თანდათან გაიაფებას დაიწყებს. პროცესები ყველგან გამოიღებს დადებით შედეგს და მათ შორის საქართველოშიც.
პანდემიის დაწყებისა და მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ტვირთის გადაზიდვის ხარჯები რეკორდულად გაიზარდა და 2021 წლის სექტემბერში კონტეინერით სარგებლობის საფასურმა 11 000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ამან იმდენად დიდი პრობლემა შექმნა, რომ ბევრმა გადამზიდავმა უარი თქვა ჩინეთიდან იმპორტზე და ახალ ბაზრებზე გადაერთო.
ამჟამად კი კონტეინერების დაქირავების ტარიფი 4862 დოლარამდე შემცირდა. გაიაფების ტენდენცია რამდენიმე თვეა გრძელდება და ცვლილებას ძალიან მალე ქართველი მომხმარებელიც იგრძნობს. ფასების კლების ტრენდის ჩამოყალიბებას, გარკვეულწილად, ლარის კურსიც ხელს უწყობს. ასეთ მოცემულობაში ბიზნესისთვის დაბრკოლება არ დარჩა, დიდი ხნის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ იმპორტიორები სურსათის გაიაფებაზე თამამად ალაპარაკდნენ.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, ბაზარს ცვლილება მასობრად რომ დაეტყოს, 2 კვირიდან 1 თვემდე პერიოდი საკმარისია.
„ლოგისტიკა იაფდება და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ცვლილება ამ ეტაპზე ჩვენთან ჯერ კიდევ არ ასახულა, გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა როგორც გადაზიდვაზე, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტზე შეინიშნება ფასის კლება და ეს ადეკვატურად აისახება ადგილობრივ სამოხმმარებლო ბაზარზეც. სასიკეთო ცვლილება მასობრივად დაწყებულია და მომდევნო 2 კვირაში ამას ყველა დაინახავს. პროცენტული მაჩვენებლის დასახელება მიჭირს, მაგრამ მკვეთრი ცვლილებაა. ამჟამად ზეთის ყიდვა 7 ლარადაც შეიძლება, წიწიბურა 15%-ით გაიაფდა, ეს ეხება უმეტესწილად ასაწონ პროდუქტებს, ბრენდირებულს გაიაფებისთვის უფრო მეტი დროს სჭირდება. ჩვენ საბოლოო ჯამში მინიმუმ 2 კვირიდან 1 თვემდე დრო დაგვჭირდება, რომ პროდუქტი მასობრივად გაიაფდეს, ცხადია, თუკი გადაზიდვაც ხელს შეგვიწყობს“, - განაცხადა ჭყონიამ.
პარალელურად იკლებს Drewry-ის საკონტეინერო ინდექსიც, რომელიც ზომავს გადაზიდვის საშუალო ტარიფს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი 7 მთავარი საზღვაო სავაჭრო გზისთვის. ინდექსმა მიმდინარე კვირაში 5%-ით დაიკლო, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 47%-ით, თუმცა, მიუხედავად შემცირებისა, ახლანდელი მაჩვენებელი - 5 379 დოლარი, გასული 5 წლის საშუალოზე მაინც 46%-ით მეტია.
„მაი მობაილ პლიუსის“ აღმასრულებელი მენეჯერი ლევან თალაკვაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფების კლება, უახლოეს კვირეებში საქართველოში შემოტანილი პროდუქციის ფასზეც აისახება.
„გადაზიდვების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც აუცილებლად გააიაფებს პროდუქციას. შესაძლოა ამას რამდენიმე კვირა დასჭირდეს. მაგალითად რამდენიმე თვის წინ მთლიან კონტეინერში დაახლოებით 13900 დოლარი გადავიხადეთ, ეს არის 40-ფუტიანი მაღალი სტანდარტების კონტეინერი. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას როგორც ვიცით 5000 დოლარსაც კი ჩამოცდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. როდესაც კომპანიებს მარაგები აღარ ექნებათ და დაიწყებენ ახალი ტარიფით პროდუქციის შემოტანას, ეს ფასზეც აისახება.
ლაბორატორიული ტექნიკა, ჩარხები და სხვადასხვა ტექნიკა შემოგვაქვს, რაზეც ღირებულება ბოლო პერიოდში გაიზარდა, რაც მეტალზე და კომპონენტებზე ფასების მატებამ და წარმოების ვადების ზრდამ გამოიწვია. თუ ადრე 3 თვეში ამზადებდნენ შეკვეთას, დღეს ჩიპების კრიზისი გამო დაახლოებით 8 თვე სჭირდება. გადაზიდვების შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ გაზრდილ ფასებს“, - განაცხადა ლევან თალაკვაძემ.