პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციის მეორე პუნქტზე მსჯელობენ. „მოქალაქეების“ წევრი და ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ელექტრონული არჩევნების ნაწილში მნიშვნელოვანი პროგრესია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული არჩევნების ნაწილში მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისთვის ოპოზიციის როლი ყოფილიყო გათვალისწინებული, არ გაიზიარეს. იყო სხვა საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ ჩემთვის პრინციპული იყო ელექტრონული არჩევნების ნაწილი, რაზეც მნიშვნელოვანი წინსვლა არის და ამას მივესალმები“, - განაცხადა იოსელიანმა.
საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს ისევ ბოიკოტს უცხადებს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ევროპული რეკომენდაცია საკანონმდებლო ჩარჩოს კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრას ითვალისწინებს, რომლებიც ეუთომ, ევროპის საბჭომ და ვენეციის კომისიამ გამოავლინეს.