შალვა პაპუაშვილი: ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის მიყურადების სტანდარტში საერთოდ არაფერი შეცვლილა

შალვა პაპუაშვილი: ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის მიყურადების სტანდარტში საერთოდ არაფერი შეცვლილა

შალვა პაპუაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებზე გადაცემაში „იმედი Live“ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის მიერ მოწონებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების სტანდარტი არ შეცვლილა.

„საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, როდესაც სახეზეა დანაშაული, ხდება გამოძიება და საჭიროა გარკვეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ჩვენ საქმე გვაქვს გამოძიების პროცესთან. ეს არის მანიპულაციური მცდელობა, მიაბან ამას ის, რომ თითქოს საუბარია მოსახლეობის კონტროლზე და უკანონო მიყურადების კუთხით შიშების გაღვიძონ. რაც შეეხება ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის მიყურადების სტანდარტს, ის 2014 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, აბსოლუტურად შეიცვალა საუკეთესო ევროპული სტანდარტით, რომელიც მაშინვე მოწონებული იყო ევროკავშირის მიერ. ამ სტანდარტში საერთოდ არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან განმარტა, რომ სტანდარტი ნიშნავს, რომ კონკრეტული საგამოძიებო ქმედებების ჩატარების შესაბამისი საფუძველი უნდა არსებობდეს, უნდა იყოს ამ პროცესის კონტროლი, მათ შორის გარე კონტროლი. იმ დამატებით დანაშაულებს შორის კი, რომელზეც ახალი კანონი ვრცელდება არის ტერორიზმი, მკვლელობა, ადამიანებით ვაჭრობა და ა.შ.