რა უნდოდა განდგომილ „ოთხეულს“ უმრავლესობის სხდომაზე - „ეს საზოგადოებაში კითხვებს და ეჭვებს გააჩენს“

რა უნდოდა განდგომილ „ოთხეულს“ უმრავლესობის სხდომაზე - „ეს საზოგადოებაში კითხვებს და ეჭვებს გააჩენს“

„ქართული ოცნების" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა რამდენიმე ფოტოსურათი „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრიდან, სადაც ჩანს, რომ შეხვედრას „ოცნებიდან" გასული ოთხი დეპუტატიც ესწრება. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ისინი პარტიიდან და ფრაქციიდან გავიდნენ, მაგრამ უმრავლესობის წევრებად დარჩნენ, თუმცაღა ანალიტიკოსი დასძენს, რომ საზოგადოების ნაწილში რაღაც განცდა რჩება, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების მიუხედავად, „ეს ოთხეული მაინცდამაინც შორს არ წასულა. ფოტოებიც ამისი ირიბი დადასრურება იყო".

როგორც აღნიშნულ საკითხზე ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, სხდომას ოთხივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით ესწრებოდა.

„ეს არ იყო პარტიის სხდომა. საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას და არა პარტიის ან ფრაქციის. პარტია და ფრაქცია დავტოვეთ, მაგრამ მაშინვე ვთქვით, რომ ძირითად საკითხებზე არ გვაქვს განსხვავებული პოზიციები. არსებობს საკითხები, რაზეც გვაქვს განსხვავებული პოზიციები და ამის გამო დავტოვეთ პარტია და ფრაქცია.

„რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა ნიშნავს პარლამენტის წევრთა სიით საპარლამენტო უმრავლესობას და არა პარტიის წევრთა უმრავლესობას. არის საკითხები, სადაც გარკვეული ტიპის განხილვებშიც ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას და არა პარტიულ აქტივობებში. საპარლამენტო უმრავლესობაში შეიძლება რამდენიმე პარტიის წევრებიც იყვნენ, რაც ამ შემთხვევაში არის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან".

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ეს დეპუტატები ვითომ გამოეყვნენ" მმართველ გუნდს.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, „ქართული ოცნების" „ფეისბუქ" გვერდზე „ოთხეულის" გამოჩენა საზოგადოებაში კითხვებს და ეჭვებს აღძრავდა, თუმცა ამბობს, ისინი უმრავლესობის წევრებად ითლებიან.

„ეს ხალხი ოფიციალურად უმრავლესობის წევრია, ისინი „ქართული ოცნების" პარტიიდან და ფრაქციიდან გავიდნენ, მაგრამ უმრავლესობის წევრებად დარჩნენ. თუმცაღა უმრავლესობის სხდომაზე მათი გამოჩენა, სადაც შიდა პარტიული საკიხები იხილება, საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს და ეჭვებს აღძრავდა.

„ქართულმა ოცნებამ" ეს ფოტოები რატომ დადო, ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ საზოგადოების ნაწილში ამან შესაძლოა დატოვოს განცდა, რომ ეს ოთხეული „ოცნებისგან" მაინცდამაინც შორს არ წასულა. მით უმეტეს, თავადაც აცხადებენ, რომ არანაირი პრინციპული იდეური განსხვავებები და წინააღმდეგობები „ოცნებასთან" არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მმართველი პარტია რაღაც-რაღაცეებს არ ამბობს, მაგრამ მათ, როგორც თავისუფალ ცურვაში მყოფ დეპუტატებს, ამის თქმა შეუძლიათ. ფოტოებზე მათი გამოჩენა, საზოგადოებაში კითხვებს და ეჭვებს გააჩენდა", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

რამენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან დასავლეთის კრიტიკისა და პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება ქვეყნის ინტერესებში არ შედის. კითხვაზე, ამის შემდეგ რამდენად შეიძლება, რომ თუნდაც აშშ-ს საელჩოს მხრიდან კრიტიკა წამოვიდეს, ანჯაფარიძემ თქვა:

„ვერც იმას გეტყვით, დასავლეთის წრეებში ღარიბაშვილის ეს განცხადება რამდენად დაიჯერეს, რომლითაც შეეცადა ამ ოთხეულს გამოჯვნოდა, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რადგან ის განცხადებები, რაც ჩვენ ოთხეულისგან გვესმის, ანუ საელჩოს კრიტიკა და ზოგადად, კოლექტიური დასავლეთის მიმართ რაღაც პრეტენზიები, უნისონშია იმ კრიტიკულ გამონათქვამებთან, რაც ჩვენ თავად „ქართული ოცნების" ლიდერებისგან გვესმის, თუნდაც ირაკლი კობახიძეს ახლახან ვიოლა ფონ კრამოთან დაკავშირებული განცხადებების გამო პრეტენზიები წაუყენეს და ზოგადად იმ განცხადებებზე, რაც თუნდაც თბილისში ახლახან გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების მიმართ გაკეთდა.

„ოთხეულის" განცხადებებში ახალი ისეთი არაფერია, რაც აქამდე არ ვიცოდით. ანუ ისინი ჯერჯერობით იმ დაპირებას ვერ ასრულებენ, რაც თავიდანვე გასცეს - რომ საზოგადოებას რაღაც ისეთი უთხრან, რასაც მმართველი გუნდი ვერ ამბობს და რაც საზოგადოებამ აქამდე არ იცოდა და კულისებში იყო დამალული. ჯერჯერობით მათ განცხადებებში ასეთი არაფერი გაჟღერებულა.

„მმართველი გუნდისა და ამ ოთხეულის განცხადებების ტონსა და პათოსში მსგავსება შეიმჩნევა და ამიოტომაც საზოგადოების ნაწილში რაღაც განცდა რჩება, რომ ეს ოთხეული, მიუხედავად ღარიბაშვილის განცხადებებისა, მაინცდამაინც შორს არ წასაულა. ფოტოებიც ამისი ირიბი დადასრურება იყო", - ამბობს ანჯაფარიძე.

კითხვაზე - ის, რომ კაჭრეთში ოთხეული უმრავლესობის შეხვედრას დაესწრო, ნიშნავს თუ არა „ოცნებისგან" ირიბ დადასტიურებას, რომ ეს დეპუტატები მათ პოზიციას ახმოვანებდა, ამბობს:

„ასე ცალსახად ვერ გეტყვით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც თანხვედრები შეიმჩნევა. თუნდაც ის მკაცრი ტონი, რაც უმრავლესობის წარმომადგენლებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ აქვთ, რაღაცნაირად თან ხვდება იმ მკაცრ ტონს, რაც ამ ოთხეულს აქვს შერჩეული.

„ირაკლი ღარიბაშვილმა კი გააკეთა განცხადება, რომ ამას წერტილი უნდა დაესვას, ბოლო მოეღოს. მანამდე ბიძინა ივანიშვილმაც მოუწოდა თავის განცხადებაში, რომ ისეთი რამ არ გავაკეთოთო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები დავაზიანოთო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს რიტორიკა გრძელდება და რიტორიკაში ეს მსგავსება, ბუნებრივია, კითხვას აჩენს, თუ ამ ოთხეულსა და „ქართულ ოცნებას" შორის ზღვარი თუ გადის, ან სად გადის", - განაცხადა ანჯაფარიძემ.