2022 წლის პირველ ნახევარში უცხოური ინვესტიციების მოცულობა ისტორიულ პიკს მიუახლოვდა. ქვეყანაში პირველი 6 თვის განმავლობაში ლამის 1 მილიარდი დოლარი შემოვიდა. ასეთი შედეგი მხოლოდ ერთხელ - 2008 წელს დაფიქსირდა. მაშინ, აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყანაში საინვესტიციო კრიზისი დაწყო, ახლა კი უცხოული და ადგილობრივი ანალიტიკოსები კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას ელიან.
როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 351.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 პროცენტით მეტია. მთლიანობაში, როგორც ირკვევა, 2 კვარტლის მაჩვენებელი ბოლო 14 წლის განმავლობაში სარეკორდოა. პირველ 5 თვეში 922 მილიონ დოლარზე მეტი მხოლოდ 2008 წელს შემოვიდა. მონაცემი მოწმობს, რომ ინვესტიციების მიმართულებით წელსაც, სავარაუდოდ, ასეთივე რეკორდული წელი გვექნება.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციებში ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 64.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - 44.8 მლნ აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე იაპონია - 41.8 მლნ აშშ დოლარით(11.9 პროცენტი).
როგორც ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, გეოგრაფიული არეალიც დივერსიფიცირებულია და აქცენტი კეთდება მაღალი ღირებულების მქონე სექტორებზე, რის გავლენაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.
„ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდი ინვესტიციების ზრდა ჩვენ 2017 წელს გვქონდა. ახლა კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13.4%-ით აღემატება ბოლო ათწლეულში 2017 წლის მონაცემსაც, როდესაც წლიურმა ზრდამ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. წარმოიდგინეთ, 2017 წლის პირველი ორ კვარტალთან შედარებითაც, წელს 13,5%-ით არის გაზრდილი.
უნდა ვნახოთ სტრუქტურა. უცხოური ინვესტიციების მკვებავი ძირითადი წყაროა რეინვესტირება, კაპიტალში ინვესტიციები და კორპორატიული ვალდებულებები. ინვესტორებს არა მარტო შემოაქვთ კაპიტალი, არამედ მოგებას ტოვებენ და არ გააქვთ ქვეყნიდან, ანუ ადგილი აქვს რეინვესტირებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ყურადღებას იქცევს ინვესტიციების წარმომავლობაც. ყველაზე დიდი ინვესტიცია ევროპიდანაა შემოსული, მათ შორის ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და სხვ. შესაბამისად, გეოგრაფიაც არის დივერსიფიცირებული. ერთ მხარეს ევროკავშირის ქვეყნებია, მეორე მხარეს - იაპონია, თურქეთი და სხვა. აქცენტი გაკეთებულია მაღალი ღირებულების მქონე სექტორებზე, რასაც ეკონომიკურ ზრდაში გადამწყვეტი როლი აკისრია. ეს პირდაპირ აისახება მშპ-ს მაღალ ზრდაში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს“, - განაცხადა ცუცქირიძემ და დასძინა, რომ გლობალურ ბაზრებზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს საინვესტიციო კლიმატი აშკარად გაუმჯობესებულია.
საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატითა და საინვესტიციო გარემოთი ძალიან კმაყოფილნი არიან არა მარტო ადგილობრივი ანალიტიკოსები, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც. საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტის ლორენ მოსის შეფასებით, საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია. მან საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილია, აქ შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ბიზნეს კულტურა და კომუნიკაციის უნარებია.
„საქართველოში პირველად ვიმყოფები და ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივებში გარკვევა. მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ - ეს არის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში, ეს არის იდეალური კარიბჭე ცენტრალურ ევროპასა და აზიას შორის. აქ არსებული ორენოვნება ძალიან შთამბეჭდავია.
სიმართლე გითხრათ, აქ ცარიელი შთაბეჭდილებებით ჩამოვედი და ამ რამდენიმე დღეში პოზიტიური შთაბეჭდილებებით ვარ სავსე. საქართველოში ინვესტიციებისთვის უზარმაზარი პოტენციალია“, - განაცხადა ლორენ მოსმა.
ბოლო დღეებში საქართველო საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს. აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი საინვესტიციო კონსულტანტები შეხვედრებს გამართავენ, როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.