ბინის მესაკუთრეები, რომლებიც უძრავ ქონებას რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეებზე აქირავებენ, ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. ბოლო პერიოდში სულ უფრო გახშირდა ფაქტები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქირის გადასახადს არ იხდიან და არც დაკავებულ უძრავ ქონებას ტოვებენ. ქვეყანაში პოლიციური გამოსახლება გაუქმებულია, სასამართლო პროცესები კი წლობით იწელება. უძრავი ქონების მფლობელები თანდათან ჩიხში ექცევიან. მათ ბინებს თვეობით არ ტოვებენ უკანონოდ შეჭრილი ადამიანები და არც ქირის საფასურს იხდიან.
რამდენად ხშირია მსგავსი ფაქტები და გაქირავების რა წილი მოდის ასეთ შემთხვევებზე? უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია, რომელშიც 50-მდე უძრავი ქონების სააგენტოა გაერთიანებული, სრულად ინფორმირებულია პრობლემის თაობაზე.
ასოციაციის თავმჯდომარის ვაჟა მებაღიშვილის განმარტებით, ასოციაციაში მსგავსი შემთხვევების შესახებ იციან და სწორედ ამიტომ გაერთიანების წევრი ორგანიზაციების ფარგლებში ერთიანი სურათის შესაქმნელად მოკვლევას დაიწყებენ.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ბინის ქირის გადაუხდელობისა და დაქირავებული ფართებიდან არსებული შემთხვევების მატების გამო, უძრავი ქონების ასოციაცია წევრ კომპანიებში კვლევას ჩავატარებთ, რომლის შედეგები ბაზარზე არსებული მდგომარეობის დანახვის საშუალებას მოგვცემს. ეს დაეხმარება სააგენტოებსა და მათ შორის ბინის მესაკუთრეებს გაერკვნენ არსებულ ვითარებაში და შესაბამისად, იმოქმედონ“, - განუცხადა „ბიემს“ უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ.
პრობლემამ, დროის გასვლასთან ერთად, საკმაო მასშტაბებიც შეიძინა და მსგავსი დარღვევები საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც მრავლადაა. გამოსავლის გზებზე საუბრობს უძრავი ქონების სფეროს იურისტი უჩა ზაქაშვილი და ამბობს, რომ პოლიციური გამოსახლება ისევ ნებადართული უნდა გახდეს.
„ამ ცვლილებას ვაკრიტიკებდი ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც საჯარო გახდა მისი ინიცირების შესახებ. მაშინ ამბობდნენ, რომ ცვლილება ემსახურებოდა იპოთეკარების დაცვას, რომ არ დარჩენილიყვნენ უსახლკაროდ. იმ პერიოდში პარლამენტმა სოციალური საარჩევნო ეფექტის მიზნებით იმოქმედა და კრიტიკა არ გაითვალისწინა.
პრობლემა არ უკავშირდება მარტო უკანასკნელ მოვლენებს, ბევრი წელია, აღნიშნული საკითხი გვაწუხებს. იმ პერიოდში, როდესაც ცვლილება ძალაში შევიდა, პარლამენტი თავს იმით იმართლებდა, რომ მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნებოდა საჭირო გამოსახლებისთვის, თუმცა ეს მოხდებოდა სწრაფად და ეფექტურად, რადგან კანონში სასამართლოს შეუზღუდეს ასეთი ტიპის საქმეების განხილვის ვადა 8 თვით, მაგრამ, ამის მიუხედავად, რეალურად არც ერთი მსგავსი ტიპის საქმე 8 თვეში არ სრულდება და იწელება უფრო მეტხანს. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება იმთავითვე იყო არასაჭირო და არაეფექტური, მათ შორის ის ე.წ. საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც მოჰყვა ამ ცვლილებას.
ეს არავითარი სამართლებრივი რეგულაცია არ არის. ცვლილება საკუთრების უფლების დაკნინებაა, რაც პრაქტიკამ აჩვენა. წარმოიდგინეთ, ბინის მეპატრონემ უნდა დაიქირაოს ადვოკატი, იაროს სასამართლოში, რამე თუ შეეშალა ან რომელიმე პროცედურა გამოტოვა, შესაძლოა, მოთხოვნის უფლება საერთოდ დაკარგოს. ვინმეს გვარი თუ არასწორად ჩაწერა, შესაძლოა, პროცესი მოიგოს, მაგრამ გამოსახლებას ვერ მიაღწიოს, ანუ ირიბად ბინის მესაკუთრეების იურიდიული განათლების მიღება დაავალეს.
არაფერი ახლის გამოგონება საჭირო არ არის. უბრალოდ, ცვლილება, რომელიც ძალაში 2015 წელს შევიდა, უნდა დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, ანუ სამოქალაქო კოდექსში ნორმა, რომელიც საპოლიციო გამოსახლებას ითვალისწინებდა, უნდა აღდგეს“, - განაცხადა ზაქაშვილმა.
თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტში კანონის დაკორექტირების შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს. დეპუტატი ბეჟან წაქაძე, რომელიც პარლამენტში უძრავი ქონების ბიზნესიდან მივიდა, ამბობს, რომ ეს წესი ბიზნესს აზარალებს, რადგან ადამიანმა რომ მოინდომოს მის საკუთრებაში შეჭრილი პირის გამოსახლება ან გაქირავებული ფართის დაბრუნება, ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია.
წაქაძის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიას დაქირავებული აქვს ოფისი და ქირას არ იხდის, არღვევს ხელშეკრულებას, თუმცა არ ტოვებს ფართს და ფართის მესაკუთრესაც არ შეუძლია მისი გამოყვანა.
„ბევრი მიწა, ქონება გაჩერებულია, რადგან შეჭრილი არიან. ჩამოყალიბდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, ერთი დღე თუ დაგრჩება კარი ღია, შევარდება და მერე უნდა ეხვეწო, რომ გამოვიდეს. ეს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ბიზნესს“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.