თეთრ ტურიზმს სერიოზული საფრთხე ემუქრება. თოვლის სიმცირის გამო გუდაურის სასტუმროებში დამსვენებლების 30%-მა ჯავშანი გააუქმა. როგორ მოხერხდება სეზონის განმავლობაში 100 ათასი ტურისტის „შეგროვება“, ძნელი წარმოსადგენია.
სასტუმრო „გუდაურში“ აცხადებენ, რომ დამსვენებელი თოვლის მოლოდინშია, სასტუმრო დატვირთულია, თუმცა ნაწილმა გუდაურში ჩასვლა გადაიფიქრა. ეს ინფორმაციები ცოტა არ იყოს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ–კი სასტუმროში ყოველმა მესამე ტურისტმა ჯავშანი გააუქმა და კურორტს არ ეწვია, გამოდის, რომ სასტუმრო ნაწილობრივ ცარიელია. ასეთ შემთხვევაში საინტერეოსა, როგორ არის იგი დატვირთული?
სასტუმროს მენეჯმენტი აცხადებს, რომ შარშანდელთან შედარებით, დამსვენებელთა რიცხვი გაზრდილია. ტურისტებს შორის უკრაინელები, ბელორუსები და აზერბაიჯანელები ლიდერობენ. „გუდაურში“ დასვენების ფასები პაკეტების მიხედვით განსხვავდება და საშუალოდ 300 ლარს შეადგენს.
2010 წელს ზამთრის სეზონზე გუდაურსა და ბაკურიანს 60 000-მდე ტურისტი სტუმრობდა, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ინფორმაცია. რაც შეეხება 2011 წელს, ტურიზმის დეპარტამენტში 100 ათასს ტურისტს ელოდებიან, თუმცა იმის გამო, რომ ჯერჯერობით, თოვლი არცერთ საკურორტო ზონაში ისეთი რაოდენობით არ მოსულა, რაც ტურისტს მოიზიდავს, გამორიცხული არ არის, რომ საპროგნოზო მაჩვენებელი არ გამართლდეს.
რამდენი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში ამ სეზონზე, ჯერჯერობით, უცნობია, ასევე უცნობია, ის თუ რამდენს ხარჯავს ტურისტი საქართველოში. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლეულს საკურორტო ზონებში სასტუმროების ხელმძღვანელობას ფასი, პრაქტიკულად, არ გაუზრდიათ, დიდი ალბათობაა, რომ ეს ციფრი შარშანდელის ანალოგიურად ისევ 1502 აშშ დოლარს შეადგენდეს. ერთი სიტყვით, მთავრობა თეთრი ტურიზმისაგან 150 მილიონის მიღებას გეგმავს, მაგრამ...
ნახევარი ზამთარი უკვე მიიწურა და ჯერჯერობით, საქართველოში თოვლის ნასახი არ ჩანს. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს გრძელვადიანი პროგნოზების ცენტრში აცხადებენ, ლამის იანვრის ბოლომდე ნალექის მოსვლა მოსალოდნელი არაა. მართალია, გუშინწინ ციდან, ალაგ-ალაგ, თოვლის ფანტელი ცვიოდა, მაგრამ ნანატრი თოვა მალევე შეწყდა და არც პროგნოზია დამაიმედებელი.
ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნალექი თოვლის სახით ბოლნისსა და გორშია შენარჩუნებული. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი ხვალიდან ისევ გამოიდარებს. 12 იანვრიდან 15 იანვრამდე ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ღამით ყინვა გაძლიერდება.
თბილი ამინდები ჯერჯერობით, არ აშინებთ მხოლოდ ჩვენს მეზობლებს. ზამთრის კურორტებზეც და დედაქალაქშიც აზერბაიჯანელების მოზღვავებაა. თბილისის სასტუმროებში ახალი წლის დღეებში სტუმართა ყველაზე დიდი ნაკადი სწორედ აზერბაიჯანიდან (სრული რაოდენობის 79%) და უკრაინიდან (13%) დაფიქსირდა.
მათი ინფორმაციით, იყო სტუმრების ორი კატეგორია - სტუმრები რომლებიც ოჯახებთან ერთად ჩამოვიდნენ ახალ წელს და მეორე - „სამეგობრო წრეები“, რომელთაც ერთად გაატარეს ახალი წელი თბილისში.
სტუმართა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირდა. სტუმრები უპირატესობას ანიჭებდნენ სასტუმროებს, რომლებიც თავისუფლების მოედნის სიახლოვესაა განთავსებული.