როცა ძმა მინისტრი გყავს, ბიძაშვილი კი - წამებასა და გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი...

როცა ძმა მინისტრი გყავს, ბიძაშვილი კი - წამებასა და გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია პროკურატურაში არსებულ მანკიერ თვისებებზე საუბრობს. როგორც უკვე ცნობილია, სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე დაკავებული სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, კობა თოდუა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ბიძაშვილია. თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ ბოლო დროს ბიძაშვილთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ”ვადასტურებ, რომ კობა თოდუა ჩემი ბიძაშვილია, მაგრამ მე ვერაფერს გეტყვით იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად აქვს თუ არა, მას ამ საქმესთან კავშირი. უფლება არ მაქვს რამეში ჩავერიო და არც მისი მონახულების უფლება გამაჩნია”, - აღნიშნა მან. კობა თოდუა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. მას მაღალი თანამდებობები ეკავა, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის მთავრობის პერიოდში. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კობა თოდუას ადვოკატი მინისტრის ძმა, ირაკლი ნარმანია გახლავთ. შევეცადეთ გაგვერკვია, იღებს თუ არა მორალურ პასუხისმგებლობას ადამიანების წამებაში ბრალდებულის დაცვის გამო მინისტრის ძმა და რა არგუმენტები აქვს მის დასაცავად.

- ბატონო ირაკლი, გჯერათ, რომ კობა თოდუა უდანაშაულოა?

- დიახ, ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ მე მჯერა, კობა უდანაშაულოა და მას არავინ უწამებია, რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ კობა დანაშაულის ადგილზე არ ყოფილა იმ დროს, როდესაც იქ დანაშაული ხდებოდა.

- ბრალდება რას ეფუძნება?

- სამი თუ ოთხი პოლიციელის ჩვენებას, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ. მათგან ერთ-ერთი დღესაც მოწმის სტატუსით იკითხება. სხვა მტკიცებულება კობა თოდუას წინააღმდეგ ბუნებაში არ არსებობს. იმ ვიდეომასალაში არც კობა ჩანს, არც მისი ხმა ისმის და არც დაზარალებულები ასახელებენ მის სახელსა და გვარს.

- მაშინ პოლიციელები რატომ ადებენ ხელს?

- მხოლოდ იმ მანკიერი თვისების გამო, რასაც საპროცესო გარიგება ჰქვია. ეს ადამიანები საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ კობა თოდუას ადებენ ხელს. თავად განსაჯეთ, ადამიანი თავისი პირით ამბობს, რომ ის უკანონოდ დაპატიმრებულ ხალხს დარაჯობდა სანგარში თუ სამალავში, მაგრამ დღეს მაინც თავისუფალია და მხოლოდ მოწმის სტატუსით იკითხება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პროკურატურა ძველ მეთოდებზე უარს არ ამბობს.

- შეგიძლიათ ამ პოლიციელის ვინაობა დაასახელოთ?

- არა, არ შემიძლია, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო მიენიჭა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ ნახსენებ პოლიციელს კობა თოდუას მიმართ პირადი ანგარიშსწორება ამოძრავებს, თუ მისი ციხეში მოხვედრით სხვა უფრო წონადი ფიგურაა დაინტერესებული?

- არა მგონია, რომ კობას ციხეში მოხვედრით ის პოლიციელი იყოს დაინტერესებული. სხვა რაღაცაშია საქმე, მაგრამ ჯერ მე თვითონაც გარკვევის პროცესში ვარ და მიჭირს რამის თქმა... როდესაც გავარკვევ, ამასაც ვიტყვი.

- კობა თოდუას საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა, როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის დროს. ფიქრობთ თუ არა, რომ ის იმ სისტემის წარმომადგენელი იყო, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა?

- არა, კობა პოლიციის თანამშრომელი არ იყო. ის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი გახლდათ და ადამიანების წამებასა და გაუპატიურების საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.

- მისი უფლებები ხომ არ ირღვევა?

- არა, უბრალოდ მისი დაკავებისას რამდენიმე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა. დაკავების შემდეგ კი მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლაც განხორციელდა. მისთვის არ აუხსნიათ - რისთვის და რა ბრალდებით აკავებდნენ. შემდეგ თანამშრომლობის სანაცვლოდ დანაშაულზე პასუხისმგებლობის შემსუბუქება შესთავაზეს. უარი რომ მიიღეს, იმის მერე საერთოდ აღარ დაუკითხავთ. გამოძიებას საერთოდ არ აინტერესებს ის ხალხი, ვინც თანამშროლობაზე უარს ამბობს.

- როგორ გგონიათ, თუ მის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებთ, თქვენს მინისტრ ძმას კარიერული პრობლემები არ შეექმნება?

- დათო ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. შესაბამისად, წესით, არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას...