"გირგვლიანის საქმეზე 8 თვე მიმდინარეობდა ინტენსიური გამოძიება და პირველი დღიდან განისაზღვრა ეს საქმე ჩვენი მომეტებული ყურადღების საგნად. უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა და ახლა გახდა შესაძლებელი, რომ გამოკვეთილიყო და დასაბუთებულიყო ბრალი, რომელიც გირგვლიანის საქმის არასწორ გამოძიებაში მიუძღვის ვანო მერაბიშვილს. ის მარტო არ არის, ვისაც ბრალდებები წარედგინება, მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება იმ ადამიანთა ვინაობა, ვისაც ბრალი მიუძღვის გირგვლიანის საქმის არასწორ გამოძიებაში", - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მიიღებთ პასუხს - მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია" / "გირგვლიანის საქმეში ახალი დეტალებია, თუმცა უმნიშვნელოვანესი მომენტი კვლავ შეუფასებელია".
"დათა ახალაიას აუცილებლად წარედგინება ბრალი. ამავდროულად, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო სასჯელის აღსრულების დროს დაშვებულ დარღვევებში. საქმეში არის ახალი დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ცნობილი. უახლოეს დღეებში თითოეული იმ ადამიანის ქმედება აღიწერება, ვინც გარკვეულ დარღვევაში მიიღო მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი გარდატეხა შევიტანეთ ამ საქმეში, განვსაზღვრეთ პირი, ვისი ნებითაც წარიმართა შემდგომი არასწორი გამოძიება, ანუ მთავარი პირი. ყველა დანარჩენი უმართებულო ნების აღმსრულებლები არიან. შეიძლება ითქვას, რომ გირგვლიანის საქმე ამ თვალსაზრისით გახსნილია, განსაზღვრულია მთავარი პერსონა, ვინც დაუშვა მართლმსაჯულების გამრუდება და სხვა ადამიანები, ვინც ამას დაექვემდებარნენ, ბუნებრივია, მოგვიანებით გამომზეურდებიან. ასე რომ, გირგვლიანის საქმის გამოძიების მნიშვნელოვანი ეტაპი გახსნილია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კბილაშვილი.
"თუმცა ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ჯერჯერობით კვლავ სათანადო შეფასების გარეშე რჩება. ეს ეხება მთავარს, გარდაცვალების მომენტს. სასამართლოს ოთხი პირი არ დაუსჯია მკვლელობისთვის, 108-ე მუხლით. ამ ეტაპზე არც ჩვენ ვაცხადებთ, რომ იქ მოხდა მკვლელობა, რადგან გვაქვს სხვადასხვა მტკიცებულება და მიმდინარეობს მათი შეჯერება. გამოძიებას აქ ჯერ კიდევ აქვს სათქმელი. ჩვენ, ასე ვთქვათ, გამოძიებული გვაქვს საქმის მეორე ეპიზოდი. გირგვლიანის დასჯის გადაწყვეტილება დათა ახალაიამ მიიღო და ამისათვის მას ბრალს წარვუდგენთ, მაგრამ მისი დასჯის გადაწყვეტილება შეიცავდა თუ არა მკვლელობას, რამ გამოიწვია გარდაცვალება, ეს ყველაფერი გამოძიების დონეზე, ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. კიდევ ვიმეორებ, გარდაცვალების შემდგომ რა და როგორ მოხდა, ეს უკვე ცნობილია. გარკვეული თვალსაზრისით, ამ საქმის გამოძიება დასრულებულია და გახსნილია მნიშვნელოვანი ეტაპი. ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რაც გარდაცვალებას უკავშირდება, ჯერ კიდევ გამოძიების საგანია და წინასწარ ვერ გავაკეთებ განცხადებას, ეს მკვლელობაა, თუ სხვა რამ", - განმარტავს რესპონდენტი.
"ამ ეტაპზე თაკო სალაყაიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას. ყოველ შემთხვევაში, სუფრის ეპიზოდში, რაც საფუძველი გახდა გირგვლიანისა და მისი მეგობრის მიმართ შურისძიებისა, იმის საფუძველი, რომ თაკო სალაყაია მიეცემა სს პასუხისგებაში, ჯერჯერობით არ არსებობს, ფიგურანტობა არ ნიშნავს დამნაშავეობას. მისი დანაშაულებრივი ქმედება არ არის გამოვლენილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გულისწყრომა და გაღიზიანება სხვაა და პირთა მოტაცების გადაწყვეტილების მიღება სხვა. რაც შეეხება დათა ახალაიას, დათა ახალაიასთან გამოძიებას არანაირი შეხება არ ჰქონია. მე არ მითქვამს, რომ მას თანამშრომლობის შემთხვევაში ბრალი მოეხსნებოდა. ვთქვი შესაძლებლობაზე, რომ თუ ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, მას შეიძლება ბრალი შეუმსუბუქდეს. როდესაც "ფეისბუქში" გამოქვეყნდა მისი წერილი, გაჩნდა კითხვა, რა გაკეთდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და მაშინ ვთქვი, რომ არსებობს ახალაიასთვის ბრალის შემსუბუქების შესაძლებლობა", - ამბობს არჩილ კბილაშვილი.
"დაანონსება იმისა, რომ ამა თუ იმ პირს წაეყენება ბრალი, ჩემი მხრიდან არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე გამორიცხული არაფერია. მაგალითად, აგვისტოს ომთან დაკავშირებით შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც სამართლებრივად იძიებს საქმეს და არა პოლიტიკურად და ინტერესით დაველოდებით, რა გამოვლინდება გამოძიების შედეგად. მიმდინარეობს აფრასიძეების საქმის გამოძიებაც, ხოლო რაც შეეხება 4 პირის შეწყალებას გირგვლიანის საქმეში, ფორმალურად პრეზიდენტს ყოველთვის აქვს ნებისმიერი დამნაშავის შეწყალების უფლება და ეს უფლება არის ექსკლუზიური. ამიტომ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაძლებელია, ვინმემ პრეზიდენტის შეწყალებაში დაინახოს დარღვევა, მაგრამ აქ რომ სამართლებრივად დანაშაულის ნიშნები იყოს, ჯერჯერობით ამ სტადიაზე არ ვართ. ასე რომ, კითხვაზე, რა მოხდება ხვალ ან ზეგ, პასუხი არ მაქვს. იმ თემებზე, რომლებშიც ვლინდება პრეზიდენტის ინფორმირებულობა, კანონი წარმოშობს შესაძლებლობას, რომ დაიკითხოს, მაგრამ დაიკითხოს თუ არა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროკურორმა. ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. პროკურორს, თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილების მიღებას ორი რამ კარნახობს - ერთი აუცილებლობა და მეორე - მიზანშეწონილობა. ჯერჯერობით ეს უფლება არ განხორციელებულა. არ არსებობს ქვეყანაზე თანამდებობის პირი და საერთოდ, ადამიანი, რომლის დაკითხვაც აკრძალული იყოს. ეს არის განმარტება, რომელსაც ყოველთვის ვაკეთებდი და არა ის, რომ წინასწარ დავაანონსოთ, რომ პრეზიდენტი აუცილებლად იქნება დაკითხული", - ხაზგასმით აღნიშნავს რესპონდენტი.
"შექმნილია კომისია და მიმდინარეობს მსჯელობა, რა ბედი ეწიოს ამ ფირებს. ყველა ჩვენგანი, კომისიის წევრები, ვგმობთ ამ ვიდეოფირების არსებობას და მივისწრაფით იქითკენ, რომ არ მოხდეს მათი გასაჯაროება, არ შეილახოს ადამიანთა უფლებები. აქ არის ორი ვარიანტი - ერთი ის, რომ უპირობოდ განადგურდეს მასალები, რაც შეეხება მეორეს - რადგან ასეთი უკანონო ვიდეომასალის გადაღება დანაშაულია, გამოვიძიოთ ეს დანაშაული, დავადგინოთ ვინ გადაიღო და მივცეთ პასუხისგებაში. შემდეგ უკვე ამ ვიდეომასალის განადგურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. ანუ ეს ორი მოსაზრებაა ამჟამად განხილვის საგანი. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. დომინანტურია აზრი, რომ განადგურდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები, არ განადგურდეს პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი კადრები და გამოძიება მხოლოდ ამ ნაწილზე იყოს მიმართული", - პასუხობს არჩილ კბილაშვილი.
"არავის დაჭერას არ ვაპირებთ. მიმდინარეობს უგულავასთვის წარდგენილი ბრალდების სასამართლო განხილვა. თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ დამნაშავეა, აღსრულდება მისი გადაწყვეტილება და არა პროკურატურის დამოკიდებულება. თუ განაჩენი გამოვიდა, მას მოელის პატიმრობა, რადგან ის ბრალდება, რაც უგულავას წარედგინა, მოითხოვს პატიმრობას. მას საკმაოდ სერიოზული მუხლები აქვს წაყენებული. პროკურატურას მისი დაჭერის სურვილი არასდროს ჰქონია, ბრალი ისე წარვუდგინეთ, არ დაგვიკავებია და არც ერთი წუთით მისი თავისუფლება არ შეგვიზღუდავს. გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, მიგვაჩნია, რომ მან, სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მივანდეთ. მომავალში რა იქნება, ამის პროგნოზირებას ვერ დავიწყებ. ჯერჯერობით ამ საქმეში ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების, ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის და დასუფთავების სამსახურში ფულის არასწორად განკარგვის ეპიზოდების გარდა, ახალი არაფერია", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ერთ-ერთი ვერსიით, ჟვანიას საქმე ჩიხში შევიდა და ის არც არასდროს გაიხსნება. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?" - პასუხობს:
"არა, გამოძიება ჩიხში არ შესულა. პირიქით, გამოძიება წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად დადგინდეს, რა მოხდა - ეს ადამიანი მოკლულია, თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლი. ამის გაცხადება ამჟამად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ ყველა საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი, პასუხგაცემული იქნება. დღეს რა კითხვაც აფიქრებს და აწვალებს საზოგადოებას - ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამ კითხვაზე მალე მკაფიოდ მიიღებთ პასუხს".