მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე დადგენილებას აქვეყნებს

მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე დადგენილებას აქვეყნებს

მთავარი პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე დადგენილებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "24 ივნისი, 2013 წელი, ქ. თბილისი

ქ. თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა განვიხილე სისხლის სამართლის საქმე №074261112802, საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა," "ბ," "დ" ქვეპუნქტებით, სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და მივიღე მხედველობაში, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საკმარის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ივანე სერგოს ძე მერაბიშვილმა, დაბადებულმა 1968 წლის 15 აპრილს, პირადი ნომერი 01021004498, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონემ, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ივანე მერაბიშვილი 2004 წლის 18 დეკემბერიდან 2012 წლის 4 ივლისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული - ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზურნველყოფისათვის. –
2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათზე, ქ. თბილისში, კაფე-ბარ ,,შარდენში" შეიკრიბნენ თამარ მერაბიშვილი (სალაყაია) - შინაგან საქმეთა მინისტრის ივ. მერაბიშვილის მეუღლე, დავით ახალაია - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, ოლეგ მელნიკოვი - ამავე დეპარტამენტის ოპერატიული თანამშრომელი, ვასილ სანოძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, გურამ დონაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი, ანა კალანდაძე და მისი მეგობარი თათია მაისურაძე.
ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდნენ სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი - ლევან ბუხაიძე. დარბაზში შესვლისთანავე, სანდრო გირგვლიანმა შენიშნა თათია მაისურაძე და რამდენადაც მასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობები და ბარში მისვლამდე ტელეფონით ესაუბრა კიდეც, მიუახლოვდა მას და სუფრის სხვა წევრების თანდასწრებით, მკვეთრი ჟესტებითა და ხმამაღალი ტონით დაუწყო საუბარი, რომელიც შეეხებოდა იმას, რომ ცოტა ხნის წინ, მათ შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას, თ. მაისურაძემ დაუმალა და არ გაუმხილა ს. გირგვლიანს, რომ იმყოფებოდა "შარდენ ბარში", არამედ მოატყუა, თითქოს სხვა ბარში იყო, მეგობარ გოგონებთან ერთად.

ს. გირგვლიანსა და თ. მაისურაძეს შორის მომხდარი შელაპარაკება შეუმჩნეველი არ დარჩა ამავე ბარში მყოფ ს. გირგვლიანის მეგობარს ზაალ ქურციკაშვილს, რომელმაც მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან არიდების მიზნით, სანდრო გირგვლიანი გამოარიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თ. მერაბიშვილის სუფრას. თუმცა, ს. გირგვლიანმა განაგრძო საყვედურების გამოთქმა. ზაალ ქურციკაშვილმა რამოდენიმეჯერ შენიშვნაც კი მისცა მას და დამშვიდებისაკენ მოუწოდა. მოგვიანებით, თ. მაისურაძე გადაჯდა სანდრო გირგვლიანის მაგიდასთან, სადაც მათ შორის კვლავ გაგრძელდა საუბარი მკვეთრი ჟესტების ფონზე. ერთმანეთს შორის ურთიერთობათა გარკვევისას ს. გირგვლიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია მინისტრის მეუღლის სუფრასთან მჯდომი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.

სანდრო გირგვლიანსა და თ. მაისურაძეს შორის გამართული დაძაბული საუბარი და მათი მისამართით გამოთქმული პრეტენზიები, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თ. მაისურაძის სუფრის წევრებს, რისი დასტურიც აღმოჩნდა ,,შარდენ ბარის" მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების სასწრაფო თავმოყრა. კერძოდ, სუფრასთან მყოფი დათა ახალაიას დავალებით, ს. გირგვლიანთან ანგარიშსწორების მიზნით, ,,შარდენ ბარის", თავისუფლების მოედნის, ლესელიძის ქუჩის მიმართულებით და მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპატრამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე, დავით ქოქიაშვილი, იოსებ ხასაია, ვალერიან მეტრეველი და სხვები. დროის რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ს. გირგვლიანმა და მისმა მეგობარმა დატოვეს ბარი და გარეთ გავიდნენ. მათ დათა ახალაიას მითითებით უკან გამოჰყვათ მინისტრის მეუღლის სუფრის ერთ-ერთი წევრი - ო. მელნიკოვი, რათა დ. ახალაიას გამოძახებით ქუჩაში მყოფი "კუდ"-ის თანამშრომლებისათვის მიენიშნებინა მსხვერპლზე. ო. მელნიკოვის მინიშნებით გ. ალანიამ, თანმხლებ პირებთან - ალ. ღაჭავასა და დ. ქოქიაშვილთან ერთად, ს. გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩაისვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს ქალაქგარეთ, თბილისიდან 6 კილომეტრის მოშორებით მდებარე ოქროყანის სასაფლაოზე. აქ მათ შემოუერთდათ ა. აფციაური და მ. ბიბილურიძეც. გამტაცებლებმა ს.გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ს. გირგვლიანს წამების მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიაყენეს აურაცხელი ჭრილობა, მათ შორის 12 ჭრილობა ყელის არეში. გარდა ამისა, მას დაზიანებები აღენიშნებოდა ასევე მარცხენა მხარზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლზე, წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ და ასეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფი, გვიან ღამით მიატოვეს უკაცრიელ ადგილას. 2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა მეგობრებმა იპოვეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. გირგვლიანისათვის ჭრილობათა უმეტესობა მიყენებული იყო ყელის არეში, მათ შორის სასიკვდილო აღმოჩნდა ხორხზე მიყენებული ღრმა ჭრილობები. რაც შეეხება ლ. ბუხაიძეს, გამტაცებლებმა, ძლიერ ნაცემი და შიშველ მდგომარეობაში მყოფი დატოვეს რა სასაფლაოზე, მან გააღწია და მიაგნო უახლოეს ბენზინგასამართ სადგურს, საიდანაც დაუკავშირდა პოლიციას.

ივ. მერაბიშვილს ბრალი ედება იმაში, რომ მოქმედებდა რა დაკისრებული მოვალეობებისა და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და მისი მეუღლისათვის, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალი რანგის მოხელეებისათვის უკანონო უპირატესობების მინიჭების პირადი მოტივით, დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა და თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით (რასაც განსაზღვრავდა არა მხოლოდ დაკავებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე ფორმალურ-სამართლებრივი უფლებამოსილებები, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობრივი ავტორიტეტითა და ფაქტობრივი გავლენით განპირობებული შესაძლებლობები, აგრეთვე მისი სამსახურებრივი კავშირები), უკანონო ჩარევის გზით და ერთიანი განზრახვით გავლენას ახდენდა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფის სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების მთელ პროცესში მიკერძოებული, არასრულყოფილი, უსამართლო და არაობიექტური სამართალწარმოების უზრუნველყოფისათვის, შემდეგ კი სასჯელის მოხდის მთელ პერიოდში განაჩენის არასათანადო აღსრულებისათვის მსჯავრდებულთათვის უკანონო შეღავათების დაწესებისა და პირობების შექმნისათვის, ასევე სასჯელისაგან მათი ვადამდე გათავისუფლებისათვის.

ივანე მერაბიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებათა შედეგად სანდრო გირგვლიანის საქმეზე განზრახ არ იქნა მხილებული დანაშაულში მონაწილე ყველა პირი და არ მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ არ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, ადექვატური სამართალწარმოება, რამაც განაპირობა სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირთა მიმართ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე განაჩენის არასათანადოდ აღსრულება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ივ. მერაბიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში 2006 წლის 28 თებერვალს ს. გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული საჯარო გამოსვლისას განაცხადა, "მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს ხანებში ეს საქმე გაიხსნება და მთელი საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი ამ საზარელი მკვლელობის შემსრულებლები". 2006 წლის 6 მარტს, შ/ს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ივ. მერაბიშვილმა კვლავ საჯაროდ განაცადა, რომ ს.გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნა პირადად მისი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესტიჟის საქმე იყო, და სწორედ ამიტომ, მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქმის გამოძიებას, დანაშაულის გახსნამდე, აწარმოებდა მისდამი დაქვემდებარებული უწყება (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო).

სინამდვილეში, ივანე მერაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური/თანამდებობრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დავით ახალაიასთან და სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, პირადი მოტივით დაგეგმა და განახორციელა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების შესახებ არსებული და მოპოვებული მონაცემების წინასწარი განზრახვით დაფარვა, შეცვლა და მათი იმგვარი საპროცესო დამაგრება, რამაც გამოიწვია დანაშაულის შემკვეთებისა და თანაამსრულებლებისათვის გარდუვალი, კანონიერი და ადექვატური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. ივ. მერაბიშვილისა და სხვა თანამდებობის პირთა შეთანხმებული ქმედებებით განხორციელდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ინსცენირება, რომლის მიზანი იყო, ერთის მხრივ, დაეფარათ დანაშაულის ჩამდენი უფრო მაღალი თანამდებობის პირები, მათთან შემხებლობაში მყოფი, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი შესაძლო მონაწილეობა დანაშაულში, ხოლო მეორეს მხრივ, მოეხერხებინათ გ. ალანიას, ა.აფციაურის, ალ. ღაჭავას და მ. ბიბილურიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და მსჯავრდება ჩადენილზე უფრო მსუბუქი დანაშაულისათვის, მოსალოდნელი სასჯელის ვადისა და პირობების წინასწარ შეპირებული გარანტიებით.

ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ, 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით - "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ," დაადგინა, რომ ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის საქმეზე ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.
ჩადენილი დანაშაულის ამჟამინდელი გამოძიებით დადგინდა, რომ ოქროყანის სასაფლაოს მახლობლად ს. გირგვლიანის გვამის აღმოჩენიდან მე-2-მე-3 დღეს, ქ.თბილისის შ.ს. მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა მერაბ ბაღათურიამ ივ.მერაბიშვილს პირადად მოახსენა თბილისის კრიმინალური სამსახურების მიერ დადგენილი, ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, კერძოდ ის, რომ ს. გირგვლიანს კონფლიქტი მოუხდა "შარდენ ბარში" მყოფ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროს დ. ახალაიასთან, შსს პრეს-სამსახურის უფროს გ. დონაძესთან და მათი სუფრის სხვა წევრებთან, რის გამოც, "კუდ"-ის თანამშრომლების მიერ შემდგომში მოხდა ს. გირგვლიანისა და მისი მეგობრის, ლ. ბუხაიძის გატაცება. ივ. მერაბიშვილს მოხსენდა, რომ გამოძიებას ამოღებული ჰქონდა სატელეფონო ამონაწერები, რითაც დასტურდებოდა "კუდ"-ის თანამშრომლების ყოფნა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ოქროყანის სასაფლაოზე. ასევე დადგენილი იყო ავტომანქანა ("Mერცედეს - ML"), რომლის საშუალებითაც ჩადენილი იქნა დანაშაული. მითითებული ავტომანქანა კი იმ დროისათვის სარგებლობაში ჰყავდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსს გ. ალანიას. ივ. მერაბიშვილს ასევე მოახსენა, რომ "შარდენ ბარში", სუფრის წევრებს შორის იმყოფებოდა მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი. მინისტრთან საუბრისას, მ. ბაღათურიასთვის ცხადი გახდა, რომ ივ.მერაბიშვილმა უკვე იცოდა საქმის გარემოებები და მ. ბაღათურიას ნაამბობი მისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა. ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, მისი მინისტრის - ივ. მერაბიშვილისაგან თანხმობას ითხოვდა "კუდ"-ის იმ მოხელეების დაკავებაზე, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენა ოქროყანის სასაფლაოზე დგინდებოდა მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით. თუმცა, მ. ბაღათურიამ ასეთი თანხმობა ივ. მერაბიშვილისაგან ვერ მიიღო, მიუხედავად ამ საკითხზე მათ შორის გამართული რამდენიმე შეხვედრისა.

დანაშაულის ჩადენიდან ასევე 2-3 დღეში, საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელიმა თავმჯდომარემ - ნინო ბურჯანაძემ, თავისთან მიიწვია ივ. მერაბიშვილი და მოსთხოვა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირების, მათ შორის - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ. ახალაიას პასუხისგებაში მიცემა. ივანე მერაბიშვილი, რომელიც სრულად ფლობდა ინფორმაციას ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, არ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას_ ჩადენილ დანაშაულში ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ იმ მოტივით, რომ ასეთ შემთხვევაში, მას თავად მოუწევდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება.
ივ. მერაბიშვილსა და მ. ბაღათურიას შორის ს. გირგვლიანის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში კვლავ შედგა შეხვედრა, რომელსაც მათ გარდა, ესწრებოდნენ: დ. ახალაია და ვ. სანოძე. საუბრისას, ს.გირგვლიანის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მინისტრის შეკითხვაზე, დ. ახალაიამ უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო. თავის მხრივ, მ. ბაღათურიამ მოახსენა ივ.მერაბიშვილს, რომ გამოძიებას მოძიებული ჰყავდა პიროვნება, რომელიც ინციდენტის დროს იმყოფებოდა "შარდენ ბარში" და იძლეოდა ჩვენებას, ბარში მყოფ ს. გირგვლიანსა და შ.ს. სამინისტროს თანამშრომლებს შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე. მოწმე ადასტურებდა ინფორმაციას, რომ იგი თავად მივიდა ს. გირგვლიანთან და გამოარიდა დ. ახალაიასა და მინისტრის მეუღლის სუფრას, რითაც შეეცადა მათ შორის კონფლიქტის აღმოფხვრას. მიღებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა მინისტრი და განმარტება დ. ახალაიასგან მოითხოვა. მიმდინარე გამოძიების მათ ინტერესებში განვითრებისათვის პრობლემად წარმოჩინდა "შარდენ ბარში" მყოფი მოწმის - ზაალ ქურციკაშვილის ჩვენება, რომელიც თვითმხილველი იყო ს. გირგვლიანსა და დ. ახალაიას სუფრას შორის ინციდენტისა, რისი გამოაშკარავებაც კატეგორიულად არ შედიოდა ივ. მერაბიშვილის ინტერესებში.

ამდენად, გამოძიებით დადგენილია, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტიურად მე-2 დღეს, ივ. მერაბიშვილმა დადასტურებულად იცოდა, რომ (1) დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები; (2) ამ დანაშაულს წინ უსწრებდა ს. გირგვლიანისა და მისი მეგობრის, ლ. ბუხაიძის ყოფნა "შარდენ ბარში", სადაც ივ. მერაბიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშორმლებთან ერთად იმყოფებოდა ასევე მისივე მეუღლე - თამარ მერაბიშვილი, (3) ალბათობის მაღალი ხარისხით, თამარ მერაბიშვილი იყო "შარდენ ბარში" და ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარი ფაქტის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული ფიგურანტი და როგორც მინიმუმ - მოწმე; (4) ს. გირგვლიანსა და ამ სუფრის წევრებს შორის მოხდა ინციდენტი, რაც გახდა მიზეზი შემდგომში ს. გირგვლიანზე გაუგონარი სისასტიკით ანგარიშსწორებისა; (5) დ. ახალაია წარმოადგენდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს; (6) ამ დანაშაულის ინიცირებასა და აღსრულებაში მონაწილეობდა 4-ზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი.

ზემოაღნიშნულთან ერთად ივ. მერაბიშვილმა ასევე იცოდა, რომ პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ოპერატიული დანაყოფებისა და საგამოძიებო სამსახურისათვის (რომელიც იძიებდა ამ დანაშაულს), ასევე ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ. სწორედ ამიტომ, იგი დ. ახალაიასთან ერთად ეძებდა დანაშაულის დაფარვისა და მისი არასრული, "იძულებითი" გახსნის გზებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანზე ჩადენილი ძალადობის, მისი სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულის საქმის გამოძიების და მსჯავდრებულთა მიერ სასჯელის მოხდის დროს, განზრახ იქნა დაშვებული არაერთი სიყალბე და კანონდარღვევა, რაც მიზნად ისახავდა ამ საქმეზე მართლმსაჯულების არგანხორციელებას, რაც მიღწეულ იქნა.
მიუხედავად იმისა, რომ ივ. მერაბიშვილმა იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ მისი უწყების მოხელეები და მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, ხოლო საქმის მნიშვნელოვანი ფიგურანტი მისი მეუღლე თამარ მერაბიშვილი იყო, სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქმის ობიექტურად და სრულყოფილად გამოძიების ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მან 37 დღის განმავლობაში საქმის ე.წ. "გამოძიება" წარმართა მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო დანაყოფის მეშვეობით, ვინაიდან, მას გამიზნული ჰქონდა - საქმის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურანტის და მათ შორის - საკუთარი მეუღლის დაკითხვა მომხდარიყო მისდამი დაქვემდებარებული უწყების შიგნით და პირადი კონტროლის ქვეშ.
2006 წლის 16 თებერვალს, შინაგან საქმეთა თბილისის მთ. სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, ამავე განყოფილების უფროსის მოადგილესთან ერთად, მათთვის მიცემული დავალებისამებრ, დაკითხვის საწარმოებლად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის - ვასილ სანოძის კაბინეტში, რომელიც ამავე საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურანტს წარმოადგენდა. ვ. სანოძის, თ. მერაბიშვილის, დ. ახალაიას, ვ. მელნიკოვის, გ. დონაძის, თ. მაისურაძის, ა. კალანდაძის ე.წ. "დაკითხვა" განხორციელდა ვ. სანოძის სამუშაო კაბინეტში ყველა ზემოთ დასახელებული პირის ერთობლივი მონაწილეობით და თამარ მერაბიშვილის მითითებებისა და კორექტირებების ფონზე. დაკითხვა წარმოებდა ერთმანეთის თანდასწრებით და დასაკითხ პირთა პოზიციებისა და მათ მიერ გამოთქმული ფრაზების ურთიერთშეჯერებით, რასაც უსიტყვოდ აფიქსირებდა გამომძიებელი და რომელსაც ზედამხედველობდა იქვე მყოფი - საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე.

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ "შარდენ ბარში" მომხდარი ინციდენტის შემსწრე ზაალ ქურციკაშვილი დადგენილი ჰყავდა იმჟამინდელ გამოძიებას დანაშაულის ჩადენიდან მოკლე დროში. იგი არაერთხელ შეხვდა საქმის მწარმოებელ გამომძიებელს, რომელმაც იგი მოწმის სახით დაკითხა. ზ. ქურციკაშვილის ვინაობა და ჩვენების შინაარსი მ. ბაღათურიამ შეხვედრაზე მოახსენა ივ. მერაბიშვილს. თუმცა, ზ. ქურციკაშვილის ჩვენება აღარ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებში, ასევე არ მომხდარა მისი შემდგომი დაკითხვა პროკურატურაში გამოძიების ეტაპზე. ამ მოწმის მიერ მიცემული განმარტებების საპირისპიროდ, გამოძიება წარიმართა იმ ვერსიით, თითქოს, დ. ახალაიასა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სუფრასთან, გარდაცვლილ ს. გირგვლიანს რაიმე ურთიერთობა ან ინციდენტი არ ჰქონია.

ამდენად, ივ. მერაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დაუთმო საქმე პროკურატურას, რაც მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო დანაყოფმა პროცესუალურად დაამაგრა თავისივე მინისტრის პირად ინტერესებში მყოფ მოწმეთა ჩვენებები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რაც სინამდვილეში ივ. მერაბიშვილის მეუღლის საქმიდან განრიდებისა და შესაბამისად, სუფრასთან მყოფი პირების ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარ დანაშაულთან კავშირის არარსებობის დადგენის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, ამგვარი ქმედებებით თ. მერაბიშვილის, დ. ახალაიას, გ. დონაძის, ო. მელნიკოვის და ვ. სანოძის ჩვენებათა შინაარსი ამავე სახით შენარჩუნდა საქმის პროკურატურაში გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროსაც.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმიდან, გამოძიების ეტაპზე ამოღებული იქნა მთელი რიგი საპროცესო დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის შეკვეთით ჩადენას და იმას, რომ ამ დანაშაულთან კავშირში იმყოფებოდნენ ივ. მერაბიშვილის მეუღლის თანამესუფრეები. გამოძიების პირველივე ეტაპზე სატელეფონო საოპერატორო ქსელებიდან მოპოვებული იქნა 10-მდე აბონენტის დეტალური ამონაწერი, საიდანაც მხოლოდ ორი (ს. გირგვლიანის და გ. ალანიას) დარჩა, ყველა სხვა დანარჩენი, საქმიდან ადრევე იქნა ამოღებული.

გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა, ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმე, 2006 წლის 5 მარტს, ქ.თბილისის იმჟამინდელ პროკურორს გ. ღვინიაშვილს, მისივე მოთხოვნით, სათანადო მიმართვით დაუტოვა საკუთარ კაბინეტში. შემდგომ, აღნიშნული მიმართვის ტექსტი ასევე შეიცვალა სხვა მიმართვის წერილით, ვინაიდან ს.გირგვლიანის საქმეს გ. ღვინიაშვილისათვის გადაცემის დროს, თან ერთვოდა 3 ლაზერული დისკი: "მაგთის" ანძების მონაცემები; "ჯეოსელის" ანძების მონაცემები და ბ.პატარკაციშვილის სახლიდან ამოღებული ვიდეოთვალის ჩანაწერი, სადაც ასახული იყო დამნაშავეთა მოძრაობა ოქროყანის მიმართულებით და უკან. დისკი მოიცავდა ჩანაწერს ღამის 02.00 საათიდან 03.00 საათამდე. საქმეში დღეს წარმოდგენილი მიმართვა აღარ მოიცავს მითითებას ამ დანართებზე და შესაბამისად, საქმეზე დართული ჩანაწერი ამჟამად არის მხოლოდ 34 წამი.
საქმისადმი საზოგადოების ძალზე მაღალი ინტერესისა და იმის გამო, რომ მიუხედავად განსაკუთრებული ძალისხმევისა, მაინც ვერ მოხერხდა "კუდ"-ის კონკრეტული მოხელეების დანაშაულში მონაწილეობისა და მისი წინაპირობის - "შარდენ ბარში" მინისტრის მეუღლისა და შ.ს. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ყოფნის სრულად დაფარვა, ივ. მერაბიშვილი იძულებული გახდა დანაშაულის ჩადენიდან ერთი თვის შემდეგ გამოეცხადებინა დანაშულის ე.წ. "გახსნა" კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ. ახალაიას ვითომდა "განსაკუთრებული ძალისხმევით".
2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ ს. გირგვლიანის ჯანმრთელობის დაზიანების სასიკვდილო შედეგით (სსკ 119-ე მუხით) და თავისუფლების უკანონო აღკვეთის (სსკ 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "გ" და "თ" ქვეპუნქტებით) ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი), ალექსანდრე ღაჭავა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი), მიხეილ ბიბილურიძე (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი) და ავთანდილ აფციაური (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფ. ოპერატიული თანამშრომელი). თუმცა, პასუხისგებაში მისაცემ პირებთან წინასწარ შეთანხმდა მათი დაკავების დღე, პირობები, სასჯელის სახე და ზომა. მორიგების თანახმად, სასჯელის ზომა თითოეული მათგანისათვის არ იქნებოდა წელიწად ნახევარზე მეტი. ამასთან, დასაკავებელ პირთა მონაწილეობით, წინასწარ, უკანონოდ განხორციელდა შემთხვევის ადგილების: "შარდენ ბარი"-სა და ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და საგამოძიებო ვერსიის შემუშავება-შეჯერება.
მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს: გ. ალანიას, მ. ბიბილურიძეს, ალ. ღაჭავას და ა. აფციაურს, მათ მიერ სასჯელის მოხდის საფასურად, ასევე დუმილისა და დანაშაულში უფრო მაღალი თანამდებობის პირების და, კერძოდ, დ. ახალაიას ორგანიზატორობის არ განთქმის სანაცვლოდ შესთავაზეს ფინანსური საზღაურის გადახდა 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, ასევე მათი ოჯახების უზრუნველყოფა და მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. გამოძიების საწყის ეტაპზევე, ივ. მერაბიშვილი შეხვდა ბრალდებულებს და შეპირდა, რომ "მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ", რაც მან განახორციელა კიდეც. ივ. მერაბიშვილმა "მოდულის" შენობაში წინასწარი დაკავების საკანში ბრალდებულებთან შეხვედრისას, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ. დაპირებული თანხის ნაწილი "საჩუქრის" სახით "შეფისაგან", (იგულისხმება შ/ს მინისტრი), იქვე გადასცეს დაკავებულებს. დანარჩენი თანხის გადაცემა კი, ხორციელდებოდა გარკვეული პერიოდულობით მათი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში (N7 და N10 დაწესებულება).

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისათვის წინასწარვე ცნობილი იყო, რომ მათ ჩვენებებსა და ვერსიებზე თავად იზრუნებდნენ გამოძიების მწარმოებელი პირები. რომ გამომძიებელები თავად კარნახობდნენ ჩვენებებს ბრალდებულებს, ან მიჰქონდათ მათთან წინასწარ დაწერილი ჩვენებების ტექსტები, რომელთა ფორმალურ გადაწერასაც ახდენდნენ ბრალდებულები.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 3 მაისს, ბრალდებულებს ფიქტიურად შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება დანაშაულში მონაწილე მათზე მაღალი თანამდებობის პირის ვითომდა განთქმის შემთხვევაში პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ და ამ შეთავაზების დოკუმენტი მოათავსეს მათი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში. სინამდვილეში კი, ბრალდებულთა მიერ ამ შეთავაზების არ მიღებით შექმნეს დოკუმეტი, რაც უნდა შეფასებულიყო იმის მტკიცებულებად, რომ ს. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში არ იმხილებოდნენ შ/ს სამინისტროს უფრო მაღალი თანამდებობის პირები და გამოძიებამ ყველა ზომა მიიღო მათი გამოვლენა-დადგენის მიზნით. მიმდინარე გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთა მიერ საპროცესო გარიგების შეთავაზების მიღების საფრთხისაგან დაზღვევისათვის, მიღებულ იქნა ზომები დ. ახალაიას მიერ. მან, გ. ალანიას ხელით, დანარჩენ 3 ბრალდებულს გადასცა ფულადი თანხა მაშინვე, როგორც კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა გამომძიებლებთან გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.

ჩადენილ დანაშაულში დ. ახალაიას მონაწილეობის დაფარვისა და პირიქით, საქმის გახსნაში მისი წვლილის ჩვენების მიზნით, გამოძიების ფალსიფიკაციის გეგმის ფარგლებში შედგა ე.წ. "საიდუმლო" წერილები: დ. ახალაიას 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებული "საიდუმლო" წერილი N16/27 (ს) ივ. მერაბიშვილისადმი, თავის მხრივ, ივ. მერაბიშვილის ასევე 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებული "საიდუმლო" წერილი N16/12(2)-2 საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის - ზ. ადეიშვილისადმი. აღნიშნული "საიდუმლო" წერილით დ. ახალაია ანგარიშს აბარებს ივ. მერაბიშვილს - თითქოსდა ამ უკანასკნელის დავალების შესრულების მიმდინარეობაზე, რაც შეეხებოდა ს. გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებების დადგენისათვის მის მიერ ვითომდა გატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. ივ. მერაბიშვილისათვის გაგზავნილ წერილში დ. ახალაია "ასკვნის", რომ მის ხელთ არსებული ოპერატიული მონაცემებით, ს. გირგვლიანისა და ლ. ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდნენ მხოლოდ: გ. ალანია, მ. ბიბილურიძე, ა. აფციაური და ალ. ღაჭავა. შესაბამისად, ივ. მერაბიშვილმა დ. ახალაიას წერილი, ვითომდა გაუგზავნა საქართველოს გენერალური პროკურორის ზ. ადეიშვილს, რადგან მისთვის დ. ახალაიასგან ცნობილი გახდა, რომ ს. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში დამნაშავეებად იკვეთებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები. აღნიშნული წერილით ივ. მერაბიშვილი, ზ. ადეიშვილს სათანადო რეაგირებისათვის უგზავნიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმჟამინდელი უფროსის დ. ახალაიას საიდუმლო შეტყობინებას.
მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ე.წ. "საიდუმლო" წერილები შედგენილია არა მათზე მითითებულ დროს, არამედ, შესრულდა მოგვიანებით, გამოძიების ინსცენირების გეგმის ფარგლებში და წარმოადგენს ყალბ დოკუმენტებს არარსებული რეკვიზიტებით.

"ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ" ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის ძალით, ივ. მერაბიშვილს გააჩნდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფის ვალდებულება, მიუხედავად მისი პირადი დაინტერესებისა გამოძიების შედეგებისადმი. "ნებისმიერი ხარვეზი გამოძიებაში, რომელიც ძირს უთხრის მის უნარს დაადგინოს საქმის გარემოებები ან დანაშაულის ჩამდენი პირი, იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა უზრუნველყოფილი ეფექტურობის სათანადო ხარისხი. (იხ. "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ N 25091/07, პარ. 242, 2011 წლის 26 აპრილი). ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმის მწარმოებელი დანაყოფები და პირები გამოძიების არც ერთ სტადიაზე არ იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, არამედ დამოკიდებულნი იყვნენ არა მხოლოდ იერარქიული ან ინსტიტუციური, ასევე პრაქტიკული და ფაქტობრივი თვალსაზრისითაც იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყო საქმის არასამართლიანი გამოძიების შედეგებით".

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით: გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური 2006 წლის 18 ივლისს მოთავსებულ იქნენ ქ. თბილისში, N10 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარი შეპირების თანახმად, დაწესებულებაში მოთავსებამდე, მათთვის საგანგებოდ გარემონტდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართი (ყოფილი მედ.ცენტრი), დაწესებულების დანარჩენი ტერიტორიისაგან იზოლირების მიზნით შემოიღობა გარე პერიმეტრი, მოეწყო ცალკე სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა სათავსოები. მათთვის განკუთვნილ საცხოვრებელში შეტანილი იქნა ახალი ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დამონტაჟდა ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია და ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ხაზები. ამ პატიმრებზე არ ვრცელდებოდა ციხის შინაგანაწესით დადგენილი მსჯავრდებულთა ქცევის წესები. ისინი შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე, შედიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში, შეუზღუდავად სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, განუსაზღვრელი დროით და რაოდენობით იღებდნენ სტუმრებს, რომლებიც ძირითადად იყვნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს მოხელეები, უმასპინძლდებოდნენ მათ ალკოჰოლურ სასმელით, სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით.

მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე სასჯელის მოხდის პერიოდში პერიოდულად გაჰყავდათ N10 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვადასხვა ვადით და გადაადგილდებოდნენ პირადი სარგებლობის ავტომანქანებით, მათ შორის: ბებიის, ბიძაშვილის სამძიმარზე, მაღაზიებში და სხვა, როგორც თბილისში, ისე მის გარეთ. დადასტურებულია ისიც, რომ რუსეთ-საქართველოს ცნობილი მოვლენების დროს - 2008 წლის 11 აგვისტოს: გ.ალანია, ალ.ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე გაყვანილ იქნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების განზრახვით. თუმცა, დ. ახალაია იძულებული გახდა 25 აგვისტოს ისინი უკანვე დაებრუნებუნა ვინაიდან, პრეზიდენტის შეწყალება დროებით გადაიდო. მოგვიანებით, 2008 წლის 24 ნოემბერს: გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე მართლაც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს უფრო მეტი სიმკაცრის გამოხატვა მოეთხოვება საკუთარი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების დასჯის დროს, ვიდრე სხვა დამნაშავის მიმართ, ვინაიდან ამ შემთხვევაში, სასწორზე არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დევს, არამედ სახელმწიფოს ვალდებულება - აღმოფხვრას დაუსჯელობის შეგრძნება, რომელიც დამნაშავეებს შესაძლოა სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამო ჰქონდეთ (იხ. ნიკოლოვა და ველიჩკოვა, #63). "როდესაც ადამიანი იღუპება საეჭვო გარემოებებში და სახელმწიფოს წარმომადგენლის ხელში, გამოძიების წარმოებისას, შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო გამოავლენს რა სიცოცხლისათვის საშიში აქტების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას, თავის წარმომადგენლებში დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკის წინაშე დადგება, რასაც შეუძლია გზა გაუხსნას სხვა თავზეხელაღებულ დანაშაულებს, ისეთებს, როგორსაც ჰქონდა ადგილი მოცემულ საქმეში" (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, 277 პარაგრაფი).

ივ. მერაბიშვილმა, არათუ დაარღვია სახელმწიფოს ვალდებულება აღმოეფხვრა დაუსჯელობის უკანონო პრივილეგია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა შორის, არამედ, თავისი მოქმედებით გამოიწვია მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეთა დანაშაულებრივი საქმიანობის პირდაპირი წახალისება პირადი მოტივებით, საჯარო და სხვა პირთა ინტერესის საწინააღმდეგოდ. ივ. მერაბიშვილის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა დამნაშავეთა და დანაშაულის დაფარვისათვის სხვადასხვა ქმედებათა დაგეგმვასა და განხორციელებაში, გამოძიების ინსცენირებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ორგანიზებაში, დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენით - საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში, დამნაშავეთა სამსახურებრივ, მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭებისათვის პირობების შექმნაში და დუმილის სანაცვლოდ, ფინანსური საზღაურისა და კეთილდღეობის შეთავაზებაში, ასევე, სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების უზრუნველყოფაში.

ამრიგად, ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 332-ე მუხლი მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ჩადენილს სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ.

ივ. მერაბიშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა: მოწმეთა: ნინო ბურჯანაძის; მერაბ ბაღათურიას; დავით კუპატაძის; ემზარ ღარიბაშვილის; დიმიტრი ბიჩინაშვილის; თამაზ ვასაძის, დიმიტრი შაორშაძის, ჯემალ გაბელიას, მალხაზ ბოხუას, ივანე კიკნაველიძის; თამაზ ვასაძის; გიორგი ცნობილაძის, შალვა ნიქაბაძის, დავით სარჯველაძის, ვაჟა გამეზარდაშვილის; გია კობაჩიშვილის; ლერი წერეთელის, თენგიზ ჩიტიაშვილის, ბადრი გოგლიძის; გელა ლაზაშვილის; შოთა გენგაშვილის; ნოდარ ნარსიას, ზაზა ქიმაძის, ზაზა ოსიაშვილის; თამარ მიქაძის, იოსებ ტბელაშვილის; დათუნა გაფრინდაშვილის; ვახტანგ იმედაშვილის; გელა ასანაშვილის; თამაზ მაზანაშვილის; ვასილ სანოძეს; გურგენ დონაძის; კონსტანტინე არჩაიას; ზურაბ კოტარიას; შალვა ვაშაკიძის; მამუკა საბანაძის; ზაზა ქურციკაშვილის; ლევან ჩიფაშვილის; იოსებ ხასაიას; მარინა მანუკიანის; რუსუდან არჩვაძის; იოსებ სადრაძის; დავით ჯავახიშვილის; ლაშა მერებაშვილის; დავით ჩხატარაშვილი; ალექსანდრე მგელაძის; ვალერი ლაცუზბაიას; ზვიად გუგუჩიას; ვარლამ ხეცურიანის; ლაშა ამირანაშვილის; სალომე ჯანუაშვილის; თემურ ტაბაღუას; მურად გაბუნიას; რამაზ ჭოხონელიძის; მინდია ჯახაიას; კახა გაზდელიანის; ივანე ჯავახის; დავით სამხარაძის; ავთანდილ გულაროვის; ზვიად ჯინჯოლიას; აკაკი მუშკუდიანის; ნათია რამიშვილის; ციალა დოიჯაშვილის; ალექსანდრე დოლინსკის; გია ალავიძის; გიორგი მუხიგულაშვილის; გიორგი შალამბერიძის, ზურაბ კვიციანის; ვლადიმერ გვასალიას; არჩილ არევაძის; ირაკლი კიპაროიძის; ნინო გველესიანის, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძის, ავთანდილ აფციაურის; დავით ქოქიაშვილის; გიორგი კალანდარიშვილის; ნინო კიკაბიძის; ზურაბ გრიგოლაშვილის; ციური თევდორაშვილის; ლამარა გაბრიელაშვილის ჩვენებებით; სისხლის სამართლის N10060037 საქმის მასალებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 სექტემბრის დადგენილებებით; საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის N768 განკარგულებით (შეწყალება); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 24 თებერვლის N16/12(ს)-მ და ,,კუდ"-ის დირექტორ დ. ახალაიას 2006 წლის 24 თებერვლის N 16/27(ს) მიმართვის წერილებით; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 19 თებერვლის N 19632 წერილითა და გადმოგზავნილი დოკუმენტაციით; სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2013 წლის N16/2-966599 წერილით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს 2013 წლის 28 თებერვლის N23464 წერილით; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეზე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" (საჩივარი N25091/07); გიორგი ცნობილაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით; ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; საქართველოს შ.ს. სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში (,,მოდული") 2008 წლის აგვისტოს საშვთა ბიუროს აღრიცხვის ჟურნალის ელექტრონული ამონაწერით; საქართველოს შ.ს. სამინისტროს გენერალური ინსპექციის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს 2013 წლის 13 აპრილის N695719 წერილით გადმოგზავნილი შ.ს. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (9აპრილის ქ. 4) 2006 წლის თებერვლის თვეში უცხო პირთა შესვლა-გამოსვლის რეგისტრაციის ჟურნალის ასლებით; თბილისის საქალაქო სასამართლოდან ამოღებული და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი გ. ალანიას, ა. აფციაურის, ალ. ღაჭავას და მ. ბიბილურიძის პირობით ვადამდე გათავისუფლების დოკუმენტებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების 2013 წლის 8 თებერვლის N4558 წერილითა და გადმოგზავნილი დოკუმენტებით; საქართველოს შ.ს. სამინისტროს საფინასო-სამეურნეო დეპარტამენტის 2013 წლის 25 იანვრის N10/4/2-13-0 და და შ.ს.ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის 2013 წლის 18 იანვრის N101569 წერილებითა და გადმოგზავნილი დოკუმენტებით; სატელეფონო სიმ ბარათებზე შემავალი და გამავალი ზარების შ.პ.ს. ,,ჯეოსელიდან" და შ.პ.ს. ,,მაგთიკომიდან" ამოღებული დეტალური ამონაწერებით; გაგა ალავიძის მიერ 2013 წლის 4 თებერვალს წარმოდგენილი სატელეფონო ზარების ამონაწერებით; ივანე მერაბიშვილის სამსახურის გავლის ნუსხით; ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით".