თენგიზ კიტოვანის ტრაგიკული სპექტაკლი

თენგიზ კიტოვანის ტრაგიკული სპექტაკლი

იმედია, აფხაზები ახლა მაინც მიხვდებიან, სინამდვილეში ომი ვინ დაიწყო. ადრეც მითქვამს, რომ კაცი, რომელმაც აფხაზეთში ჯარები შეიყვანა, დღეს მოსკოვში ცხოვრობს და იქ მას ინახავენ, ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ყოველთვის რუსეთის კაცი იყო.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანს ვგულისხმობ. სწორედ კიტოვანმა დაიწყო ომი რუსთაველის პროსპექტზე და სწორედ ის შეუძღვა ჯარს აფხაზეთში. ეჭვი არ მეპარება, როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, კრემლის ბრძანებას ასრულებდა, რადგან როგორც თბილისის, ისე აფხაზეთის ომიც მხოლოდ კრემლს სჭირდებოდა.

აფხაზები ამას ვერ ან არ ხედავენ. რუსეთი კი ლამის ყოველდღე ყიდის საკუთარ თავს. ამ დღეებში კიდევ ერთი მტკიცებულება მივიღეთ იმის დასადასტურებლად, რომ კიტოვანი მხოლოდ კრემლის ბრძანებებს ასრულებს. მოგეხსენებათ, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. მთავარი კონკურენტები კი სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი არიან. ყველასთვის ცნობილია, რომ მოსკოვი მხარს შამბას უჭერს. ჰოდა, ამ დღეებში გამოვიდა კიტოვანი და განაცხადა: ანქვაბი თავის დროზე ქართულ დაზვერვასთან თანამშრომლობდაო.

შემდეგ ეს ინტერვიუ შამბას მომხრეებმა სოხუმში უჩვენეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, ასეთი ბრალდება აფხაზეთში?! კიტოვანმა ამ განცხადებით ანქვაბს დიდი დარტყმა მიაყენა, ანუ წყალი შამბას, სწორედ იმ კანდიდატის წისქვილზე დაასხა, რომელსაც მხარს მოსკოვი უჭერს.

იმედია, უკვე აფხაზეთშიც აღარავის ეპარება ეჭვი, რომ კიტოვანმა ეს განცხადება კრემლის დავალებით გააკეთა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყოველთვის კრემლის დავალებებს ასრულებდა.

ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ: საქართველომ კიტოვანი აუცილებლად უნდა გაასამართლოს ჯაშუშობისა და სხვა დანაშაულებისთვის და რუსეთისგან მისი გადმოცემა მოითხოვოს. ამით ქართული მხარე პირდაპირ დაადანაშაულებს რუსეთს აფხაზეთის ომის დაწყებაში, ხოლო ის, რომ რუსეთი კიტოვანს არ გადმოგვცემს, ამას მხოლოდ დაადასტურებს.