მთავრობაში ირწმუნებიან, რომ აგვისტოს განმავლობაში საწვავი საგრძნობლად გაიაფდება. რა იძლევა ასე პირდაპირ პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საფუძველს, მათ არ დაუკოკრეტებიათ. ანალიტიკოსებიც დიდწილად ეთანხმებიან გაიაფების ტენდენციის დაწყებას, მაგრამ კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება. ამის შესახებ მინისტრმა საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს.
ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს.
მთავრობის წევრების პოზიციას იზიარებენ ეკონომისტებიც, თუმცა პროგნოზებში შედარებით უფრო ფრთხილობენ, ვიდრე სახელმწფიო მოხელეები. როგორც ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, ნავთობპროდუქტების გაიაფება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.
„საწვავის გაიაფება სამ რამეზეა დამოკიდებული. პირველი ეს არის გლობალურ ბაზრებზე არსებული საწვავის ღირებულება, მეორე - ლარის კურსი. ამ ორი ფაქტორის ზეგავლენით ხდება ფასის ფორმირება საქართველოში. ხშირად იყო, რომ ლარი მყარდებოდა, თუმცა მუხედავად ამისა, საწვავზე ფასი არ მცირდებოდა, მაგრამ ეს მაინც გამომდინარეობდა კურსიდან, რადგან საწვავი რთულად იმპორტირებადი პროდუქტია და იგი დამოკიდებულია შემოტანის მარჟაზე.
მესამე ფქტორი კი არის კონკურენცია. საწვავი საქართველოში არ შემოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან, მეტ-ნაკლებად ბაზარი დივერსიფიცირებულია და რამდენიმე ქვეყნიდან შემოდის ჩვენთან ნავთობპროდუქტები, მათ შორის, სხვადასხვა მარკის.
აქედან გამომდინარე, ამ სამი ფაქტორის ერთობლიობით უნდა განვიხილოთ, თუ როგორია კონკურენციის მაჩვენებელი, საერთაშორისო ბაზარზე ფასების დინამიკა და ლარის კურსი“, - აღნიშნა ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ზოგადად არსებობს პოზიტიური მოლოდინი საწვავის ფასის კიდევ შემცირების კუთხით.
„დღეს რომ შევაფასოთ ეს სამი რამ, დავინახავთ, რომ ლარის გამყარება შეუქცევადია. ბოლო პერიოდში ლარი არის ძალიან მტკიცე და პირველად ჩამოსცდა 2.70-იან მაჩვენებელს. ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნული გვაქვს. მაისიდან ლარის ინტენსიური გამყარების ტენდენციაა დაწყებული.
ადრე ხშირად იყო მომენტი, როცა შემოდიოდა საწვავი და აპელირებდნენ იმაზე, რომ კურსი მერყევია და მოგების მარჟა არის არა მაღალი, არამედ წამგებიანიც კი საწვავის შემომტანი კომპანიებისთვის. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არგუმენტი იმპორტიორებს, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვთ ხელიდან, რადგან ლარი არის სტაბილური და გამყარებისკენ მიმავალი.
დღესდღეობით საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო ორი რამის გამო: არსებობს ლარის კიდევ უფრო გამყარების მოლოდინი და მეორე - საერთაშორისო ბაზრებზე ასევე შეინიშნება საწვავის ფასის შემცირების პოზიტიური ტრენდი“, - დასძინა ცუცქირიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ საწვავი ახლო მომავალში უნდა გაიაფდეს, თუმცა როდის და რამდენით დაიკლებს მისი საცალო ღირებულება, არ დაუკონკრეტებია.
ცნობისათვის, ამჟამად საქართველოში საწვავის საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზიი 2,80 ლარის ღირს, ხოლო 1 ლიტრი დიზელი - 3,70 ლარი.